შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ვაჩნაძე დე ლეტე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი. თამარ დე ლეტეს დიდმა ბებიამ, ეროვნებით ფრანგმა, სუზან იოანესმა (დაიბადა 1858 წელს), ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი ქალიშვილი ლელია (დაიბადა 1884 წელს), რომელიც გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად, 1905 წელს მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი, 1903 წელს თბილისში დაბადებული სუზი დარჩათ, რომელიც ფრანგმა ბებიამ სუზანა იოანესმა გაზარდა. სუზი ვაჩნაძე 1922 წელს ბათუმში დაქორწინდა პეტრუს ფონ ლეტე (ლეტაი) დარანიოშ რაკოშზე. მათ ორი შვილი, 1922 წელს საქართველოში დაბადებული ჩანკო და 1925 წელს ირანში, თავრიზში დაბადებული თამარი ჰყავდათ. თამარმა, სუზან იოანესის გარდაცვალებიდან (1946) მალევე, 1947 წელს იქორწინა რეჯებ ჟორდანიაზე. თამარ ვაჩნაძე დე ლეტე 1952 წელს დედასთან, სუზი ვაჩნაძესთან და შვილთან ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, სადაც მისი მამა თავს აფარებდა. იგი საბოლოოდ და ოფიციალურად რეჯებ ჟორდანიასთან 1959 წელს განქორწინდა. თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა და 1950-იან წლებში სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა. იგი ქმნიდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, იღებდა ანიმაციურ ფილმებს. მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მუდმივად საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა. 1963 წელს თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ისევ საფრანგეთში, პარიზში დაბრუნდა და კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისთვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა. მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს. ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში აღმოაჩინეს, სადაც რეჯებ ჟორდანიას შთამომავლები - მარი და ზოლტან ჟორდანიები ცხოვრობდნენ. 2022 წელს საქართველოს დაუბრუნდა არა მარტო კრისტიან დიორის, არამედ პარიზისა და სან პაულოს თეატრებისთვის შექმნილი 300-ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, 100 ზე მეტი XIX საუკუნის უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და სხვა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა. წყარო: ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge; scribd.com; youtube.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |