Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გედევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გიორგი ნიკოლოზის ძე სევერსკი (გედევანიშვილი, რუსეთში ცნობილი იყო როგორც პროკოფიევ-სევერსკი). მისი წინაპრები თავადები იყვნენ და სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. ბაბუა, გიორგი პროკოფიევი პოლკოვნიკი იყო და საინჟინრო ჯარებში მსახურობდა. ტრადიციის გაგრძელებას აპირებდა მისი ვაჟიც, მაგრამ ნიკოლოზ პროკოფიევი იმდენად გატაცებული იყო მუსიკით, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და გახდა ცნობილი მომღერალი, რეჟისორი და თეატრის მფლობელი პეტერბურგში (მისი სასცენო სახელია სევერსკი). თუმცა, წლების შემდეგ ავიაციამ გაიტაცა, ეს საქმე შეისწავლა და პირველი მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის ჩინით მსახურობდა ინსტრუქტორად გატჩინის საფრენოსნო ოფიცერთა სკოლაში. ნიკოლოზ სევერსკიმ 1893 წელს, თბილისში გასტროლების დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი ვერა პრესმანი. თბილისში დაიბადა მათი ორივე ვაჟიც, ალექსანდრე და გიორგი. გიორგიმ 1912 წელს დაამთავრა კადეტთა პირველი კორპუსი და 1914 წელს პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გატჩინის სამხედრო აეროდრომზე თვითმფრინავის მართვას სწავლობდა, ომის დასაწყისში პოდპორუჩიკის წოდებით 72-ე ქვეითთა ტულის პოლკის შემადგენლობაში ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ მალე კვლავ ავიაციაში დაბრუნდა. 1915 წლის ივლისში მისმა თვითმფრინავმა ავარია განიცადა და ორივე ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო. გამოჯანმრთელების შემდეგ ავიაინსტრუქტორად ზურგში დატოვეს. 1916 წლის ივლისში პორუჩიკის წოდებით დაამთავრა სევასტოპოლის (კაჩინის) ავიაციის სკოლა და კვლავ მოქმედ არმიაში გაემგზავრა. ბრძოლებში თავი ისახელა, როგორც უმაღლესი პილოტაჟის საუკეთესო მცოდნემ და ბრწყინვალე მფრინავ-გამანადგურებელმა. კაპიტნის რანგში მეთაურობდა გამანადგურებელთა მე-6 საავიაციო რაზმს. 1917 წლის რევოლუციის დროს "წითლების" წინააღმდეგ გენერალ დენიკინის არმიის რიგებში იბრძოდა, როცა "თეთრების" არმიის მდგომარეობა უიმედო გახდა გიორგიმ და მფრინავების ერთმა ჯგუფმა თვითმფრინავები საქართველოს სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, რათა ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდათ ხელში. ემიგრაციაში მამასთან ერთად წავიდა, ჯერ თურქეთში, კონსტანტინოპოლში იყო, სადაც ავტომექანიკოსად მუშაობდა. 1923 წელს კი პარიზში გადავიდნენ. გიორგიმ ჯერ ტაქსის მძღოლის ადგილი იშოვა, ხოლო შემდეგ მამას მიბაძა და როგორც შანსონიემ რესტორნებში დაიწყო გამოსვლები. მას მამისგან მემკვიდრეობით ერგო სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველ რუსულ რომანსებს მშვენივრად ასრულებდა. "ჟორჟ სევერსკის" პარიზის საუკეთესო კლუბები და რესტორნები ეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ სიმღერა "ქარავანი". რამდენიმე მუსიკალური ნომერი გრამფირფიტაზეც ჩაწერა ფირმა "Victor"-ში. საფრანგეთში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ გიორგის კვლავ მიეცა ფრენის საშუალება. მან პატარა, საკუთარი თვითმფრინავით რამდენჯერმე ლა-მანშიც გადალახა, ინგლისში ჩავიდა და კონცერტიც ჩაატარა კაზინო-რესტორან "ჰუნგარიაში". ერთ-ერთი ფრენის დროს მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მას სპორტულ ჟურნალთან კონტრაქტი ჰქონდა დადებული, რათა ფოტოგრაფს ახლო ხედით გადაეღო თვითმფრინავიდან ველორბოლის ამსახველი ფოტოები. ერთ-ერთი გაფრენის დროს პირინეებში, თვითმფრინავი ძალიან დაბლა მიფრინავდა და მთას შეეჯახა. გიორგიმ მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, მაგრამ გადარჩა. 1950 წელს გიორგი სევერსკი, მეუღლესთან, რენე სევერსკაიასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მუშაობა დაიწყო ექსპერტად ძმის ფირმაში- "რიპაბლიკ ავიეიშენში", მონაწილეობდა ახალი სამხედრო თვითმფრინავების შექმნაში. პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობასაც აგრძელებდა და მალე აქაც პოპულარული გახდა. 1951 წელს დადგა მამის, ნიკოლოზ სევერსკის ოპერეტა "ბოშური სიმღერები სახეებში", სადაც მთავარი როლი თავად განასახიერა. გარდა ამისა, ჟორჟ სევერსკის სახელით ჩაწერა ალბომი გრამფირფიტების ფირმებში "Barclay", "Tanagra Rekording Company" და სხვ. ცხოვრების ბოლო წლებში გული აწუხებდა, ელექტროკარდიოსტიმულატორით ცოცხლობდა. გარდაიცვალა გულის შეტევით, 1972 წლის 27 მარტს, ბოსტონის ჰოსპიტალში. ემიგრაციაში გიორგი სევერსკი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ, საქველმოქმედო საქმიანობებშიც: იყო "Auto-Journal"-ის სპორტული ჟურნალისტი; კადეტთა პირველი კორპუსის ყოფილ აღსაზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარე; საფრანგეთში მყოფ რუს სამხედრო მფრინავთა კავშირის გამგეობის, პავლეს სამხედრო სასწავლებლის ყოფილ აღსაზრდელთა გაერთიანების კადეტთა საყოველთაო გაერთიანებისა და ჟურნალ "Военная быль"-ის მეგობართა საზოგადოების წევრი; საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს ბავშვთა დახმარების საზოგადოების, ნიუ-იორკის რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირისა და ამერიკის ყოფილ რუს მფრინავთა კავშირის ვიცე-თავმჯდომარე. ნიკოლოზ გედევანიშვილის (სევერსკი, პროკოფიევ-სევერსკი) შვილი და ალექსანდრე გედევანიშვილის (სევერსკი, პროკოფიევ-სევერსკი) ძმა. წყარო: kulturologia.ru; საინფორმაციო პორტალი kvira.ge; severnij-forum.ucoz.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |