Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ორბელიანი![]()
Biographyსწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომლის ხელმძღვანელობასაც განსაკუთრებული სიბეჯითისთვის 1817 წელს დაუჯილდოებია კიდეც. ზაქარია ორბელიანი მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში (განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ერზურუმთან გამართულ ბრძოლაში), 1830-1831 წლებში პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში, კავკასიის ომში და საბოლოოდ პოლკოვნიკის ხარისხს მიაღწია. 1847 წლის 11 ივნისს ქოლერით გარდაიცვალა დაღესტანში. ზაქარია ორბელიანი ქართული ლიტერატურის ისტორიაში შესულია როგორც ძმის, გრიგოლ ორბელიანისა და დისწულის, ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების ადრესატი. გამოქვეყნებულია ზაქარია ორბელიანის ორი ბარათი გრიგოლ ორბელიანისადმი. აქედან ერთი სრულად (ბარათში საინტერესო ცნობებია ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ), ხოლო მეორე – ფრაგმენტულად (აქ არის საინტერესო ცნობები მთავარმართებელ გრ. როზენის მიერ გამართულ მეჯლისსა და მასზე წარმოდგენილ "ცოცხალ სურათებზე", აგრეთვე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილების, განსაკუთრებით ნინოს, შეუდარებელ სილამაზეზე; ნინო ჭავჭავაძე ზაქარია ორბელიანის მხურვალე სიყვარულის საგანი იყო. რაც შეეხება ზაქარია ორბელიანის კულტურულ-საგანმანათლებლო თუ ლიტერატურულ ინტერესებს, გარდა "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" წევრობისა, სხვა მასალა ამ საკითხზე არ მოიპოვება. გრიგოლ ორბელიანს თავისი ლექსი "იარალის" რუსეთიდან თბილისში სწორედ ზაქარიასთვის გამოუგზავნია თხოვნით – "გადაათვალიერე და შენი აზრი მაცნობეო", ზაქარია ორბელიანი არ უნდა ყოფილიყო მოკლებული ლიტერატურულ ინტერესებსა და გემოვნებას, ხოლო რაც შეეხება "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკას", ზაქარია ორბელიანს ხელი აქვს მოწერილი დამფუძნებელ წევრობაზე, შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.46-47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |