The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრეი კოლმოგოროვი

ანდრეი კოლმოგოროვი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1987  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტამბოვი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1925 წელს.

1931 წლიდან დაიწყო მუშაობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1935 წელს დააარსა ალბათობათა თეორიის კათედრა და 1965 წლამდე იყო მისი გამგე. 1935 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (დისერტაციის დაუცველად). 1953 წლიდან იყო მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების საპატიო წევრი. 1964−1966წწ. და 1974−1985წწ. ამავე საზოგადოების პრეზიდენტი და ჟურნალ "Успехи математических наук"-ის მთავარი რედაქტორი. 1946–1954წწ. და 1983 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (БСЭ) მათემატიკის განყოფილების რედაქტორი, მთავარი რედაქციის წევრი. მან სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში. მას ეკუთვნის ფუნდამენტური შედეგები ტრიგონომეტრიული მწკრივების, ზომის თეორიის, სიმრავლეთა თეორიის, ინტეგრალის თეორიის ფუნქციათა მიახლოების საკითხებში. არსებითი წვლილი შეიტანა კონსტრუქციული ლოგიკის, ტოპოლოგიის (შექმნა ზემო ჰომოლოგიების თეორია), მექანიკის (ტურბულენტობის თეორია), დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის, ფუნქციონალური ანალიზის განვითარებაში. მისი შრომები ალბათობათა თეორიაში ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით (1925) მან გადაჭრა ზოგიერთი რთული პრობლემა, ააგო ალბათობათა თეორიის აქსიომატური დაფუძნების ფართოდ ცნობილი სისტემა (1933), საფუძველი ჩაუყარა მარკოვის ტიპის შემთხვევითი პროცესების უწყვეტდროიან თეორიას. იყო მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი და საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო და მრავალი სამეცნიერო პრემია. საქართველოში მათემატიკის განვითარებაზე მის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია. იგი მრავალჯერ იყო საქართველოში, სამეცნიერო და პირადი ურთიერთობა ჰქონდა ქართული მათემატიკური სკოლის მრავალ წარმომადგენელთან (ა. ბარკალაია, გ. ბერიშვილი, დ. ვახანია, დ. ვაშაკიძე, გ. მანია, ლ. მაღნარაძე, გ. ჭოღოშვილი, ფ. ხარშილაძე და სხვ.). მისი მხარდაჭერით დაარსდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (1964), სადაც ატარებდა მეცადინეობებს თბილისში ყოფნისას. მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოთი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ მათემატიკას საქართველოს საშუალო სკოლების უფროს კლასებში. არის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვ. საზღვარგარეთული აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ბალზანას საერთაშორისო პრემია 1963 წელს. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geka.kuzminykh.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1939-)
  • სსრკ პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1966-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - ლენინური პრემია
  • 1963 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1941 - სახელმწიფო პრემია
  • ლენინის ორდენი (6 ორდენი)
  • წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: