Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ეტერსბურგი (ვაიმარი). სწავლობდა იენისა და ვიერცბურგის უნივერსიტეტებში. 1834 წლიდან მუშაობდა იენის უნივერსიტეტში, 1836 წლიდან პროფესორია. 1836–1838წწ. პირველად იმოგზაურა აღმოსავლეთში, რომლის შედეგები გამოაქვეყნა წიგნში "მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში" (2 ტომი, შტუდგარტი). მოინახულა კავკასია (სამეგრელოდან ბათუმამდე), სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სპარსეთის ზეგანი და არარატი. II ტომში დაწვრილებით არის აღწერილი საქართველოს სამხრეთის გზა, ქართლის, გურიის, რაჭის, იმერეთის, სამეგრელოსა და ბორჩალოს ფლორა. 1843–1844წწ. ის მეორედ გაემგზავრა აღმოსავლეთში. ეს მოგზაურობა აღწერა წიგნში "მოგზაურობა აღმოსავლეთში" (3 ტომი, ვაიმარი). 1855 წელს მან გამოსცა კრებული "კავკასიის ქვეყნები და სომხეთი", რომელიც შედგება 5 თავისაგან. მასში გაერთიანებულია 5 სხვადასხვა ავტორის თხზულებები. ჩვენთვის საინტერესოა მისი თხზულება "მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზონამდე (კოლხეთი და ლაზების ქვეყანა)" და "ბრძოლის ველზე გასვლა". პირველი თხზულება შედგება 5 ნაწილისაგან. ის კარგად იცნობდა საქართველოს, მას უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნად მიიჩნევდა. მისი აზრით, ეს ის ქვეყანაა, რომელიც "კავკასიის და მისი დიდებული მთების ყველა ხალხის არა მხოლოდ ნომინალური, არამედ ფაქტიური მმართველი იყო". დაწვრილებით გვაცნობს ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგიას და მის ათასწლოვან ისტორიას. დეტალურად მოგვითხრობს გიორგი XII-ის ქვრივ მარიამ დედოფალსა და ი. ლაზარევს შორის მომხდარ ტრაგედიაზე. გადმოსცემს კავკასიის მთავარმართებლების მიერ გატარებულ ცარიზმის პოლიტიკას, დეტალურად აღწერს კავკასიის საომარ ველზე მომხდარ ამბებსაც. აღწერს თითოეულ მხარეს, მის ადგილმდებარეობას, პუნქტებს შორის მანძილს, ბუნებას, მცენარეულ საფარს, კლიმატს, ნიადაგს, მოსახლეობას, მათ წეს-ჩვეულებებს, ყოფას, მეურნეობას და ა. შ. სხვა კუთხეებიდან გამოარჩევს კახეთს და უფრო გაშენებულ, აყვავებულ მხარედ მიაჩნია. მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა გურიამაც. მისი თქმით, ეს არის "არაჩვეულებრივად ნაყოფიერი მხარე". ზღვის სანაპიროზე ყველაზე საიმედო და მნიშვნელოვან ქალაქად ბათუმს თვლის. დაწვრილებით აღგვიწერს მტკვრის დაბლობზე მდებარე გერმანულ კოლონიას, რომელიც მარიენფელდის სახელით იყო ცნობილი. ის საგანგებოდ ჩერდება ტყვეებით ვაჭრობაზე, რომელიც ძველთაგანვე ახალციხის მთავარ ბაზარში იმართებოდა. გერმანელი ბოტანიკოსი, დენდროლოგიის ფუძემდებელი. ცნობილია ბოტანიკური გამოკვლევებით კავკასიის რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |