The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გეჯაძე

გიორგი გეჯაძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 2016  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღრმაღელის სასაფლაო, ზონა N1, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაწყებითი სკოლის შემდეგ, 1943-1945წწ. სწავლობდა რკინიგზის პირველ სასწავლებელში და ითვლებოდა რა მობილიზებულად, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თბილისში მოქმედ გასამხედროებულ წარმოებაში ფრონტის დასახმარებლად. 1963-1968წწ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკა და ტელემექანიკის სპეციალობით.

1945 წელს მუშაობა დაიწყო ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანაში ზეინკლად, საიდანაც გაიწვიეს სსრკ შეიარაღებული ძალების ავიაციაში ქ. ტულაში, სადაც მსახურობდა 25.05.1950-დან 16.01.1956 წლამდე; 1954 წელს დაამთავრა პარტიული სკოლა. დემობილიზაციის შემდეგ, 16.02.1956 წლიდან უბრუნდება ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანას (შემდგომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა), სადაც გააგრძელა შემოქმედებითი ნოვატორული მოღვაწეობა. 2010 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე - ზეინკალი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი. 1972 წელს გ. გეჯაძეს ირჩევენ ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც უცვლელად ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. მისმა აქტიურმა რაციონალიზატორულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო რკინიგზის ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხო და ხარისხიან მუშაობას, აგრეთვე სახალხო-სამეურნეო საქონლის დამზადება-გამოშვებას. მის მიერ 200-მდე დანერგილ რაციონალიზატორულ წინადადებათა შორისაა: "სადუღარას შესაზუსტებელი ჩარხი", "ბუქსების სახურავების ჩამოსასხმელი და გასახვრეტი დანადგარი" და მრავალი სხვა. გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების ყოველთვიურ მასობრივ პოპულარულ-ტექნიკურ ჟურნალში (Изобретатель и Рационализатор, 1963 წ. N9, გვ. 24), აღნიშნულია, რომ გ. გეჯაძის მიერ შექმნილი ჩარხი - ავტომატი "ხერხუნას ტანის გამოხერხვისათვის", არის თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სიამაყე. გ. გეჯაძე დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების რკინიგზის 7 (შვიდგზის) საგზაო კონფერენციებში და 3-ჯერ რესპუბლიკური ყრილობის მუშაობაში. 35 წლის განმავლობაში იყო ამ საზოგადოების საგზაო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. გ. გეჯაძის მთელი თავისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში, გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის და საწარმოო მაჩვენებლების წარმატებით შესრულებისათვის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ მრავალჯერ გამოეცხადა მადლობა და გადაეცა ფულადი ჯილდო.

წყარო: გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების ყოველთვიური მასობრივ პოპულარულ-ტექნიკური ჟურნალი "Изобретатель и Рационализатор" 1963წ., N9. გაზეთი "ვეჩერნი თბილისი" N2 (3224), პარასკევი, 3 იანვარი 1964წ; გიორგი გეჯაძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.- თბ., 2016.-21 აპრილი.-N74 (7966).-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოება, საბჭოს პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს ომის, შრომის და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა რესპუბლიკური ორგანიზაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს პარლამენტის საპატიო სიგელი
    ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2015 - მედალი "ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავად" (დაჯილდოვდა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ)
  • 2010 - მედალი "ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლის აღსანიშნავად" (დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ)
  • 1989 - ამიერკავკასიის რკინიგზის პროფკავშირის საგზაო კომიტეტის და გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების საგზაო საბჭოს საპატიო სიგელი
    მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობისთვის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოებაში და დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1985 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით" (დაჯილდოვდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საიუბილეო მედლით)
    შრომით ფრონტში მონაწილეობისთვის
  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი (დაჯილდოვდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით)
    მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის
  • 1983 - გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს საპატიო სიგელი
    გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საქმიანობაში აქტიური შემოქმედებითი მუშობისთვის
  • 1983 - ამიერკავკასიის რკინიგზის პროფკავშირის საგზაო კომიტეტის და გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების საგზაო საბჭოს საპატიო სიგელი
    მრავალწლიანი და აქტიური მონაწილეობისთვის, მაღალეფექტური რაციონალიზატორული წინადადებების დამუშვებისა და დანერგვისთვის და ი. ბ. სტალინის სახელობის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1981 - რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკური შემოქმედების საუკეთესო ორგანიზატორის წოდება და დიპლომი (მიენიჭა სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროსა და რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით)
  • 1973 - გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს საპატიო სიგელი
    გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა მუშობაში აქტიური მონაწილეობისთვის
  • 1971 - გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების ცენტრალური საბჭოს საპატიო სიგელი
    გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოებაში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის და ამიერკავკასიის რკინიგზის 100 წელთან დაკავშირებით
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი (მიენიჭა საქართველოს უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით)
    რკინიგზელის დღესთან დაკავშირებით და თვალსაჩინო რაციონალიზატორული წინადადებებისთვის

გააზიარე: