შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირიონ I![]()
ბიოგრაფიასომხური წყაროების მიხედვით, იგი ჯავახეთის სოფელი სკუტრიდან (საქუდარია) იყო. 15 წელი იყო მძევალი სომხეთში, ე. წ. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციის დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში, სადაც მიიღო ბერძნული განათლება და აღიარა დიოფიზიტობა. ქ. დვინში, სომხურ მონოფიზიტურ საკათოლიკოსო ცენტრში გადასვლის შემდეგ დაუახლოვდა პატრიარქ მოსეს, აღიარა მონოფიზიტობა და დაიკავა აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხები. სომხეთში 5-წლიანი სასულიერო მოღვაწეობის შემდეგ ქართლის პრომონოფიზიტურად განწყობილ პირთა მხარდაჭერით კირიონ I მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ავიდა. მან კურსი აიღო ბიზანტიისკენ და დაუპირისპირდა სპარსეთს, იბრძოდა ეროვნული პროგრამის განხორციელებისთვის, რომლის მიხედვითაც ქართლის შერეულ მოსახლეობაში საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზე უნდა დამკვიდრებულიყო და სხვა ქრისტიანული მრწამსის მიმდევრების ქალკედონიკობაზე დასაყოლიებლად ახალი ქრისტიანული დოქტრინა უნდა შემუშავებულიყო. ამ ნიადაგზე ქართლის კათოლიკოსსა და ცურტავის მონოფიზიტ ეპისკოპოს მოსეს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა. კირიონ I-ის აქტიურობით 607–609 ქართული ეკლესია საბოლოოდ დიოფიზიტური მრწამსის მატარებელი გახდა, სომხური – მონოფიზიტობის ერთგული დარჩა. კირიონ I აქტიურად იყო ჩაბმული საერთაშორისო ურთიერთობებში. მას დიპლომატიური მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან, იერუსალიმისა და სომხეთის პატრიარქებთან, სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. არსებობს ვარაუდი, რომ კირიონ I და კიროს ფასისის მიტროპოლიტი (შემდგომში ალექსანდრიის პატრიარქი) ერთი და იგივე პიროვნებაა. ქართლის კათოლიკოსი 599–614/16. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 64-65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |