The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი (იმერეთის ეპისკოპოსი)

გიორგი
ოფიციალური სახელი:გიორგი ალადაშვილი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1925  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზო, სიღნაღის რაიონი.
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში დავით გიორგის ძე ალადაშვილი, ქიზიყში მღვდელ გიორგისა და ელისაბედ  ბოსიტაშვილის ოჯახში დაიბადა. დავითის პაპაც, ადამ ალადაშვილიც, მღვდელი ყოფილა. 10 წლის გიორგი ნუხის (ქალაქი აზერბაიჯანში) სამოქალაქო სკოლაში ერთი წელი სწავლობდა. 1865 წელს მან თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა. 1869 წელს კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1875 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. ამავე წლის 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დანიშნეს. 1876 წლის 9 იანვარს მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად გადაიყვანეს. 1876 წლის 2 მარტიდან სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო, 1877 წლის 1 სექტემბრიდან გეოგრაფიასა და არითმეტიკას ასწავლიდა, 1877 წლის 15 ნოემბერს სასწავლებლის ეკონომოსად დაინიშნა და ამავე წლის 1 დეკემბერს დატოვა ზედამხედველის თანამდებობა. 1879 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1883 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა. საქართველოში დაბრუნებული გიორგი ალადაშვილი 1884 წლის 8 მარტს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 22 მარტს სასწავლებლის ზედამხედველობა ჩააბარეს. 11 მაისს სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს. 1 სექტემბერს პირველ და მეორე კლასებში მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად დაადგინეს. 1885 წლის 5 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს. 1898 წლის 22 აპრილს "სტატსკი სოვეტნიკის" წოდება მიანიჭეს. 1898 წლის 5 ივლისს დროებით სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1899 წლის 25 ივნისს სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა, 1899 წლის 25 სექტემბერს ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. 1899 წლის 26 სექტემბერს ბერი გიორგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 3 ოქტომბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1900 წლის 20 იანვარს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, თეკლათის დედათა მონასტერში ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წლის 12-26 მარტის, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 7 ივნისს ჯერ სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიის თავჯდომარედ დაადგინეს, შემდეგ, 19 ივნისს, ღარიბი სასულიერო პირების ოჯახებზე მზრუნველი კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. 27 ივნისს სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული "მარხვანის" შემსწორებელი კომისიის ჯგუფში კორექტორად დანიშნეს. 1903 წლის 4 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აგების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. ამავე წლის 8 ნოემბერს საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლის კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1904 წლის 15 ოქტომბერს საეკლესიო მუზეუმის თავჯდომარედ განამწესეს. 1905 წლის 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაადგინეს. 1908 წლის 1 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1912 წლის 11 აპრილს, უძველესი ტრადიციის თანახმად, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1917 წლის 12 მარტს მონაწილეობდა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ წირვაში, რომლის დროსაც აღდგა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (საყურადღებოა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს არქივშია დაცული, ხელს პირველი იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი აწერს). საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ეპისკოპოს გიორგის, რადგან ის შედარებით ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსების მიმართ, ამიტომ 1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის პირველ კრებაზე იგი გადააყენეს იმერეთის ეპარქიის მმართველობიდან და დროებით ეპარქიის გარეშე დატოვეს. 1918 წლის 1 აგვისტოდან 1919 წლის 13 თებერვლამდე წილკნის ეპარქიის მმართველი იყო. 1920 წლის ივლისში ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. 1921 წლის 20 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე გიორგი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და პენსიაზე გავიდა. 1922 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი გიორგი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 14 ნოემბერს საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1924 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ხირსის მონასტერი და მცხოვანი მიტროპოლიტი იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელ არბოშიკს შეჰკედლებოდა. მიტროპოლიტი გიორგი განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და დახვეწილი, მტკიცე მმართველობით გამოირჩიეოდა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ საკითხებში, თანამედროვენი მას მოფერებით "ბისმარკადაც" მოიხსენიებდნენ. ცნობილია მიტროპოლიტ გიორგის წარმოთქმული სიტყვა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.

წყარო: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / ავტ.: გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე.-თბ.,2012.-გვ.61-70; საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 30; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1908 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    სასწავლებელში 14-წლიანი მოღვაწეობისთვის

გააზიარე: