პოლიტოლოგია

თ. სიმაშვილი

"ალ-ქაიდას" შექმნა და განვითარების ეტაპები

(1988-1996)

სტატიაში განხილულია "ალ-ქაიდას" შექმნის წინაპირობები და განვითარების ეტაპები 1988-1996 წლებში. მითითებულია ბენ-ლადენის როლი ამ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში. გაანალიზებულია მიზეზები, რის გამოც 1990-იან წლებში ბენ-ლადენს "ალ-ქაიდას" შექმნაში ხელი არ შეუშალეს გარკვეულმა სახელმწიფოებმა.

ცალკეა განხილული "ალ-ქაიდას" საქმიანობა მისი შექმნის საწყის ეტაპზე - 1988-1991 წლებში. აღნიშნულია, რომ "ალ-ქაიდას" დამფუძნებლები და წარმომადგენლები, ამ ეტაპზე აქტიურად მიმოდიოდნენ ევროპის, ამერიკის, აფრიკის კონტინენტებზე. ისინი ამყარებდნენ კავშირებს იქ არსებულ ისლამურ თემებთან, ისლამურ ექსტრემისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან. იზიდავდნენ ფინანსებს. ამავე პერიოდში, "ალ-ქაიდა" იწყებს თავისი წევრების მსოფლიოს იმ ქვეყნებში გაგზავნას, სადაც ძლიერდებოდა მუსლიმანების გამოსვლები. 1990-1991 წლებიდან ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, სპარსეთის ყურის შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნები იქცა, "ალ-ქაიდას" მოჯახედების ლოკალურ, პერმნენტულ კონფლიქტებში მონაწილეობის ადგილებად.

მითითებულია, რომ 1991 წლიდან ბენ-ლადენის სუდანში დასახლების შემდეგ იწყება, "ალ-ქაიდას" განვითარების II ეტაპი. განხილულია "ალ-ქაიდას" სტრუქტურა და სტრატეგია და ტაქტიკა "სუდანის პერიოდში". დასაბუთებულია, რომ 1991-1994 წლებში "ალ-ქაიდა" პრაქტიკაში ამოწმებდა, ხვეწდა წინამორბედი ტერორისტული ორგანიზაციების ტერორისტულ ტაქტიკას, მეთოდებს, ხერხებს. მოქმედებდა ცენტრალიზებული ორგანიზაციული სტრუქტურებით. ხაზგასმულია, რომ სწორედ სუდანის პერიოდში დაამუშავეს "ალ-ქაიდას" ანალიტიკოსებმა შაჰიდების - თვითმკვლელი ტერორისტების ფსიქოლოგიური მომზადების და ტერორისტული აქტებისას მათი გამოყენების ტაქტიკა.

აღნიშნულია, რომ 1995-1996 წლებში, "ალ-ქაიდამ" აქტიურად დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკების გახსნა. "სუდანის პერიოდის" ბოლოს საწვრთნელი ბანაკები სუდანის გარდა გაჩნდა ეგვიპტეში, ალჟირში, საუდის არაბეთში, ტუნისში, იორდანიაში, ერაყში, ლიბანში, მაროკოში, სომალში, ერიტრეაში, ჩეჩნეთში, დაღესტანში და ასევე საქართველოში. მითითებულია, რომ "ალ-ქაიდას" წევრებმა სუდანის პერიოდში დახვეწეს, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციის სისტემა. დაამუშავეს ტერორისტული დარტყმების ერთიანი ტაქტიკა.

 

ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი