ფსიქოლოგია

ბ. სვანიძე

ახალი ხელოვნების დეჰუმანიზაციის მიზეზების მოკლე მიმოხილვა

ფოვიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი და სხვა მსგავსი მიმდინარეობები ფერწერის ისეთი სახეებია, რომლებმაც დასაბამი ახალ, კლასიკური ჟანრისაგან განსხვავებულ მხატვრობას დაუდეს. თავის მხრივ, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან სიახლისაკენ ასეთივე ლტოლვა შეიმჩნევა ლიტერატურაშიც, პოეზიაშიც და ხელოვნეის თითქმის ყველა სხვა დარგში. ამდენად, საქმე გვაქვს არა ხელოვნების რომელიმე ცალკეული დარგის "გადასხვაფერებასთან", არამედ სერიოზულ ზოგადსაკაცობრიო სიმპტომთან. ზოგადსაკაცობრიო სიმპტომთან იმდენად, რამდენადაც ძველ და ახალ ხელოვნებათა შორის განსხვავება არა მხოლოდ სქემატურ ხასიათს ატარებს. უფრო ზუსტად, ძველ და ახალ ხელოვნებებს შორის ჟანრობრივ-ფორმალურ-სქემატურ განსხვავებას ზუსტად ის გარემოება განაპირობებს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო სიმპტომის სახელით მოვიხსენიეთ. სწორედ ეს სიმპტომი გულისხმობს თავის თავში "ადამიანსკლებულობას", "ღმერთსკლებულობას", საბოლოო ჯამში კი "საშინელი სამყაროს" საყოველთაო განცდას. ხელოვანსაც, მისი ნებასურვილისდა მიუხედავად ასეთ სამყაროში, ასეთ "მორალურ ტემპერატურაში" უწევს ცხოვრება და ბუნებრივია, რომ მსგავსი ზოგადსაკაცობრიო განცდა-განწყობილებანი მის შემოქმედებაშიც აირეკლება. ცხადია, ამგვარი შემოქმედება კლასიკური მსგავსი ვერ იქნება, რადგან ახალი განცდა-განწყობილებანი, ახალი "მორალური ტემპერატურა" ახალ ხელოვნებას იმთავითვე ახალი შინაარსით მსჭვალავს, ხოლო ახალი შინაარსი გამოხატვა-გამოსახვის ახალ ფორმებს მოითხოვს. "სტილიზაცია" ფორმა-შინაარსის ამნაირ სახეცვლილებას ნიშნავს. ყველა ამ ტენდენციის აღმნიშვნელი ტერმინია "მოდერნიზმი", "პოსტმოდერდნი"კი მითითებული ტენდენციების კიდევ უფრო გაღრმავებას გულისხმობს. შესაბამისად, იბადება კითხვა, სად არის გამოსავალი? უფრო ზუსტად, საინტერესოა, მოახერხებს კაცობრიობა ზემოთ აღწერილი სიმპტომების ტრადიციულ (რელიგიურ) იდეალებთან შეთანაწყობას და ამით რელიგიურ-სულიერი ვაკუუმის აღმოფხვრას, თუ სულიერების კლების პროცესის უფრო და უფრო გაღრმავება და ტრადიციული იდეალების საბოლოოდ მსხვრევა გარდაუვალია? ამ კითხვებზე პასუხი მსჯელობის სხვა თემაა, ამ წერილის ძირითადი მიზანი, როგორც ხედავთ, მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო სიმპტომატურ პროცესებს და ამ პროცესების ხელოვნების სხვადასხვა დარგებში ასახვაზე რეფლექსიაა.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი