ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ქ. ჩალათაშვილი

ქართველთა საზოგადოებრივი გაერთიანებები მოსკოვში მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შუახანებში თავად საბჭოთა კავშირის მთავრობისთვისაც აშკარა გახდა დემოკრატიული გარდაქნების აუცილებლობა და გარდუვალობა. დღის წესრიგში დადგა ეროვნულ-კულტურული ფასეულობების აღორძინების პრობლემა, რადგან ტოტალიტარულმა სისტემამ, რომელიც თავისი გავლენის გაფართოების მიზნით, ცდილობდა რა სსრ კავშირში გაერთიანებული ხალხების წეს-ჩვეულებების, ტრადიციების ნიველირების ხარჯზე დაემკვიდრებინა ახალი, "სოციალისტური" მორალური და სოციალური ნორმები, უცხო კულტურული და სულიერი ფასეულობები, უდიდესი ზიანი მიაყენა, უპირველეს ყოვლისა, ამ ხალხების ეროვნული კულტურის განვითარების პროცესს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ დემოკრატიული გარდაქნების დაწყებისთანავე თავი იჩინა საბჭოეთის უკიდეგანო სივრცეში მცხოვრები სხვადასხვა ერებისა და ეთნიკური ჯგუფების სულიერი თვითმყოფადობის გამოვლინების, წარსულისა და აწმყოს ხედვის, მიმდინარე პროცესებში თავისი ადგილის პოვნის - თვითიდენტიფიკაციის ტენდენციამ. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ ახლებურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და მათი აქტიური ჩაბმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარდაქმნებში. სავსებით მართებულია, რომ ასეთ ადამიანთა რიცხვს მივაკუთვნოთ მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა ჯგუფები, რომელთა ძალისხმევით უკვე 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა პირველი ქართული საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის სახელწოდება – "რუსეთისა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოყვარულთა გაერთიანება", იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლებისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა, ხოლო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით - მოსკოვის ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი საზოგადოება "ქართული სათვისტომო".

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი