ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ვ. ვაწაძე

ქალღვთაება აინინას და დანანას საკითხისათვის

ქართული წერილობითი წყაროების ცნობები აინინას და დანინას შესახებ მწირეა და არაერთგვაროვანი. ლეონტი მროველი მათ შექმნას მეფე საურმაგს მიაწერდა" და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და ანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა" ქართლის ცხოვრების ძველ სომხურ თარგმანშიც, მოცემული ორი ღვთაების შემქმნელად მეფე საურმაგი სახელდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ორი კერპის ნაცვლად აქ ლაპარაკი აინინას და დანანას ოთხ გამოსახულებაზეა "ამან (ანუ საურმაგმა) შექმნა ოთხი გამოსახულება აინინასი და დანანასი მცხეთის გზაზე". "მოქცევაი ქართლისაი" კი ამ კერპების შემოღებას, მეფე საურმაგთან ერთად მირვანის დამსახურებადაც მიიჩნევს "დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აინინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შენებად" "მეფობდა მირვან და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი".

ქართული წარმართული პანთეონის ამ ორი ღვთაების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნ. მარი მიიჩნევდა, რომ აინინაში და დანანაში უნდა დავინახოთ ერთი და იგივე ღვთაების ორი სახელის დამახინჯებული ფორმები, კერძოდ ირანული ქალღვთაება ანაჰიტი და არაირანული ნან-ასი. დანანა კი "და" კავშირთან შეზრდილ არაირანული ღვთაების ნანას სახელად მიაჩნდა. ასეთი სახელის არსებობის საბუთად მირიან მეფის მეუღლის ნანა დედოფლის სახელი მოჰყავდა. მ. წერეთელი გადაჭრით არ უარყოფდა, აღნიშნულ ღვთაებაში სპარსულ ქალღვთაება ანაჰიტას დანახვას, თუმცა არც იმას გამორიცხავდა, რომ "შეიძლება აინინა და დანინა, ანუ დანანა კი არ იყოს უპირველეს წყაროებში, ან გადმოცემებში, არამედ აინინა და ნინა, ანუ ნანა... ანუ ორი სახე ერთისა და იმავე ქალღმერთისა. ინნინა და ნინა ანუ ნანა, რომელიც სუმერთა იშტარია, ცნობილია სუმერულ პანთეონში შემდეგი სახელებით ნინნი, ინნინა, ინნანა, ნანა... ქალის სახელი ნანა და ნინა კი მთელს მცირე აზიაში იყო გავრცელებული და აგრეთვე საქართველოში".

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი