ლიტერატურა

ნ. ბოლქვაძე

დროის კატეგორიისათვის ფრანსუა მორიაკის რომანებში

ფრანსუა მორიაკი არის მწერალი, რომლის შემოქმედებაში კლასიკური რომანის ტრადიციებთან ორიგინალურად არის შერწყმული თანამედროვე, მოდერნისტული რომანის ელემენტები, რაც თავისთავად საინტერესოს ხდის მის რომანებში დროის შესწავლას. დრო, როგორც ნაწარმოების კომპოზიციის მაორგანიზებელი ელემენტი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მორაკის რომანთა პოეტიკას.

მწერლის აზრით, რომანისტი ყოვლისშემძლეა თავის ქმნილებებთან მიმართებაში. ამის გამო ის მას ღმერთს ადარებს. სწორედ ასეთი შეხედულება განაპირობებს მორაკის თავისუფალ და შეუზღუდავ დამოკიდებულებას დროისადმი. თხრობისას ის თავისუფლად გადაადგილდება წარსულსა თუ მომავალში, ბუნებრივად ინაცვლებს კონკრეტულიდან მარადიულის სფეროში, რაც, საბოლოო ჯამში, მწერალში წარმოშობს მტანჯველ გაორებას წარმავალსა და მარადიულს შორის.

დროის გაგებისათვის მორიაკთან უმნიშვნელოვანესი მომენტია მისი რომანების მოქმედების ადგილი, რადგან მისთვის დრო ჭეშმარიტად სივრცული განზომილებაა. პროვინცია, სადაც ვითარდება მორაკისეული დრამები, მუდმივად უპირისპირდება პარიზს და პარიზის დროც არასოდეს ემთხვევა პროვინციის დროს.

მორაკთან თხრობა ძირითადად არის ტრადიციული, სწორხაზოვანი, თუმცა, რიგ შემთხვევებში რეტროსპექტული, ციკლური. პერსონაჟის დაბრუნება წარსულში ან მისი უეცარი გაჭრა მომავალში მწერალს საშუალებას აძლევს გააფართოვოს დროითი ჩარჩო და გაზარდოს თხრობის პერსპექტივა. მაგრამ მორაკთან წარსულის მოგონება არის არა ქაოსური, არამედ ქრონოლოგიურად მოწესრიგებული.

ამდენად, მწერალი რომანის ტექნიკის ახალი ელემენტების გამოყენების დროსაც კი ტრადიციის ერთგული რჩება.

 

შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი