ლიტერატურა

თ. შურღაია

სახარების ერთი ძველი ქართული ხელნაწერის შედგენილობის საკითხისათვის

სტატიაში გაანალიზებულია ვატიკანის წმინდა სამოციქულო ბიბლიოთეკის ფონდებში Vat. iberico I-ის სახელწოდებით დაცული ქართული ხელნაწერის შედგენილობა. ძეგლი უთარიღოა და პალეოგრაფიული ნიშნებით XI საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს შედგენილი. იგი განეკუთვნება პიეტრო დელა ვალეს (1586-1652 წწ.) აღმოსავლურ ხელნაწერთა კოლექციას და 1718 წლიდან უდევს ბინა ვატიკანის ბიბლიოთეკაში.

საკვლევი ხელნაწერი წარმოადგენს რთული შედგენილობის კრებულს. შეიცავს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებათა გიორგი მთაწმინდლის რედაქციას, რომელთაც ერთვის ლიტურგიკული ნაწილი და პატრისტიკული ფრაგმენტი სახარების შესახებ. ხელნაწერის მომგებლთა ანდერძები, აგრეთვე, სხვა ანდერძ-მინაწერები.

განხილულია ხელნაწერში წარმოდგენილ თხზულებათა სტრუქტურა, დახასიათებულია მათი ფიზიკური მდგომარეობა, დაჯგუფების თანამიმდევრობა, შესწავლილია სახარების შემადგენელ თავთა, მუხლთა, საკითხავთა და სტრიქონთა რაოდენობა, პაგინაციისა და რვეულთა ნუმერაციის წესები, ტექსტზე გაკეთებული ლიტურგიკული შენიშვნები, გაანალიზებულია კრებულში შესული თხზულებების სხვადასხვა ფურცელზე გაკეთებული ანდერძ-მინაწერები.

წარმოჩენილია ხელნაწერში შესული ტექსტების კვლევის მნიშვნელობა სახარების ქართული რედაქციების ჩამოყალიბების ერთიანი პროცესისა და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპების შესასწავლად, აგრეთვე, საქართველოს ისტორიაში არსებული ზოგი ერთი ხარვეზის შესავსებად.

 

 
სარჩევი