ლიტერატურა

თ. მოსიაშვილი

პოლიტიკური საკითხები იუსუფ იდრისის ნოველებში

იუსუფ იდრის ერთ-ერთი პოპულარული მწერალია ეგვიპტეში. მან, როგორც ნოველისტმა, მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას და ამ ჟანრის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დასავლური ლიტერატურის დიდი ზეგავლენის მიუხედავად, იუსუფ იდრისის შემოქმედება მყარად იდგა არაბულ საფუძველზე. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, პროფესიით ექიმი მწერალი, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სტუდენტობისას მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც მეფე ფარუკის რეჟიმის და ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად მის ნაწარმოებებში პოლიტიკურ საკითხებს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა. თხზულებებიდან კარგად ჩანს იდრისის დამოკიდებულება იმ დროს ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი. ბევრი ნოველა ასახავს ეგვიპტის პოლიტიკური სისტემის კრიტიკას. იდრისი თავის თხზულებებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეგვიპტის რევოლუციაზე. ადრეული პერიოდის მოთხრობებში ის უკეთესი მომავლის იმედია, რომელიც სოციალურ რეფორმაზე და სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული. ამ ნაწარმოებებში ჩანს იდეა, რომ სისხლი ტყუილად არ დაღვრილა; ყველაფერი ეს ხალხის გათავისუფლებისათვის მოხდა. გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში, რომლებშიც სიმბოლიზმისა და სურეალიზმის გავლენა იგრძნობა, ეს შეხედულება იცვლება. მხოლოდ რევოლუციით მოტანილი იმედგაცრუება ჩანს და იგი გააზრებულია როგორც თვითგანადგურება. ავტორი ახლა უკვე ირონიულად აღწერს რევოლუციის ლიდერს და მისი დაპირებებს, სოციალური უტოპიის ფერად სურათს; შემდეგ კი უკვე რევოლუციისა და მისი ლიდერის ირგვლივ არსებული ეიფორიიდან უეცარი გამოღვიძების მტკივნეულ სურათს. მიუხედავად რევოლუციის გამარჯვებისა, მწერალმა ვერ იხილა ის ბედნიერი მომავალი, რომელსაც ელოდა.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი