კულტურა

ა. მურაჩაშვილი

ქართული კინოს პირველი უნიკალური ძეგლი

კინემატოგრაფია ხელოვნების უახლესი დარგია, რომელიც 1895 წლიდან იღებს სათავეს. პირველი კინემატოგრაფისტების ლუმიერების მიერ გადაღებული პირველივე კადრები საქართველოში ჯერ კიდევ კინოს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ აჩვენეს. საბედნიეროდ, ქართველი ინტელიგენცია იმთავითვე აღტაცებით შეხვდა ხელოვნების ამ საოცარ დარგს და ოდნავ მოგვიანებით შექმნა ისეთი უნიკალური ძეგლი, რომლის მზგავსიც იშვიათად მოიპოვება იმ დროინდელ მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

ეს ფილმი გახლავთ ქართველი ოპერატორის ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს".

ფილმის ღირსება არის ის, რომ იგი გადაღებულია იმ დროისათვის ისეთი იშვიათი გამომსახველობითი ხერხებით, როგორიცაა კადრის კომპოზიცია, ჰორიზონტალური და ვერტიკალური პანორამები, პარარელური მონტაჟი და სხვა. Gგარდა ამისა, სურათი მნიშვნელოვანია თავისი თემატური ჩანაფიქრის მხრივაც. ფილმში მოქმედი ცენტრალური ფიგურა არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - აკაკი წერეთელი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გვერდით ედგა ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველ ხალხს.

ვასილ ამაშუკელი დღემდე ითვლება ქართული კინოს ფუძემდებლად არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში, რადგანაც ჯერ კიდევ 1908 წელს მან ბაქოში გადაიღო პირველი ქრონიკალური სიუჟეტები და უკვე შემდგომში განაგრძო თავისი მოღვაწეობა საქართველოში. მის მიერ დატოვებული მცირე მემკვიდრეობა ფასდაუდებელია, რადგანაც მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული კინოს დაბადება და განვითარება.

 

შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი