ენათმეცნიერება

მ. მჭედლიშვილი

იმპლიკატორთა ტიპები და მათი დანიშნულება მხატვრულ ტექსტში

ნაშრომში ტერმინი "იმპლიკატორი" გამოყენებულია დასავლეთ ევროპელი და რუსი ლინგვისტების ინტერპრეტაციის მიხედვით (ბახი, გრაისი, სადოვაია, შაპოშნიკოვა და სხვ.), თუმცა მათ აგრეთვე შემოიტანეს ტერმინი "იმპლიკატურა", რომელშიც გულისხმობდნენ მთელი ტექსტის (მხატვრული ნაწარმოების) ინტენციას, დატვირთვას, როგორც იდეურ-მხატვრულ, ისე ლექსიკურ-სტილისტიკურ დონეზე.

ამრიგად, იმპლიკატორი შეესაბამება კონტექსტურ-კონოტაციურ მნიშვნელობას, რომლის ინტერპრეტაცია შესაძლებელია ლექსიკურ, წინადადების, აბზაცის თუ ზოგადად, ზევერბალურ-ტექსტობრივ დონეზე.

ავტორი ამტკიცებს, რომ მხატვრულ ტექსტში იმპლიკაციის (მხატვრული ტექსტის გზავნილის) სწორ ინტერპრეტაციას განაპირობებს სემანტიკურ-პრაგმატიკულ ჭრილთა ერთობლივი გამოყენება. სემანტიკური კომპონენტი გვთავაზობს იმპლიკატორის დენოტაციურ, ძირითად მნიშვნელობას. პრაგმატიკული შრე კი მხატვრულ ტექსტს ზეფრაზულ დონეზე განიხილავს.

რიგ ნოველათა შესწავლის შედეგად ავტორმა გამოყო იმპლიკატორთა შემდეგი ტიპები, რომლებიც ეყრდნობა ლექსიკურ, ფონეტიკურ და სტრუქტურულ-გრაფიკულ აქტუალიზაციას და მიზნად ისახავს ესთეტიკური ეფექტის შექმნას; ესენია: 1) სიმბოლური, 2) ირონიული, 3) ფაქტუალურ-დენოტაციურ მნიშვნელობაზე დაფუძნებული, 4) კონტრფაქტუალური, 5) სიტყვათა თამაში, 6) ქვეასოციაციური, 7) დაყოვნების, 8) გაცრუებული მოლოდინის ეფექტის, 9) ალუზიური, 10) ეპიზოდური, 11) ფონეტიკური, 12) გრაფიკულ-სტრუქტურული.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი