XIX საუკუნის I ნახევრის ქართული ენის გრამატიკებში ნაცვალსახელები შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით იყოფიან. ბრუნების თვალსაზრისითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათი კლასიფიკაცია კანკლედობებად (ბრუნვის ტიპებად) სწორედ სემანტიკური ჯგუფების მიხედვით ხდება.
ამ პერიოდის გრამატიკოსები (ვარლაამ ერისთავი, იოანე ბაგრატიონი, იოანე ქართველიშვილი, გოდერძი ფირალოვი, სოლომონ დოდაშვილი, პლატონ იოსელიანი) I და II პირის ნაცვალსახელებს ბრუნებად სიტყვებად მიიჩნევდნენ. ეს ნაცვალსახელები თანამედროვე ლინგვისტიკისათვის უბრუნველია (აკაკი შანიძე).
"მე", "შენ", "ჩვენ", "თქვენ" ფორმის ზმნებთან დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ისინი იბრუნვიან.