ენათმეცნიერება

მ. ერქომაიშვილი

ხიპიშის წარმომავლობისათვის

ლ. ბრეგაძის "ქართული ჟარგონის ლექსიკონში" გვხვდება სალექსიკონო ერთეული ხიპიში, რომელსაც შესაბამისი განმარტება აქვს დართული: ჩხუბი, სკანდალი. სინონიმი "შუხური". "ამას წინათ სიგარეტი აიღო და მაყუთს არ მაძლევდა, ისეთი ხიპიში ავტეხე, შენი მოწონებული" (ირინე ბაქანიძე). ლექსიკონში არაფერია ნათქვამი აღნიშნული ჟარგონის წარმომავლობის შესახებ, რაც, როგორც ჩანს არ წარმოადგენდა შემდგენელის მიზანს. ჩვენი აზრით, აღნიშნული ჟარგონი ქართულში შემოვიდა ე.წ. რუსული ქურდული ლექსიკიდან. საკუთრივ ხიპიში, რუსულ ჟარგონულ ლექსიკაში აღნიშნავს – ჩხუბს, აყალ-მაყალს. ხიპიში წარმოადგენს ოდესაში არსებული კრიმინალური საქმიანობის ხიპესის ფონეტიკურ ვარიანტს. ხიპესი მდგომარეობდა შემდეგში: ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის ქალი შეიტყუებდა სახლში გულუბრყვილო მამაკაცს. შესაბამის დროს მათ თავზე დაადგებოდათ ვითომცდა ამ ქალის მეუღლე, რომელიც, რა თქმა უნდა, აყალმაყალს ატეხდა. გულუბრყვილო სტუმარი უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დასაღწევად თანახმა იყო ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა. მას ძირითადად ფულს გამოსძალავდნენ ხოლმე [http://lib.christopol.ru]. საკუთრივ სიტყვა ხიპესი მომდინარეობს ებრაულიდან, კერძოდ, მისი ევროპული დიალექტიდან – იდიშიდან, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო ოდესელ ებრაელთა შორის. ხიპესი (იდიშ. hupe) არის ერთგვარი ჩარდახი, რომლის ქვეშაც იდგნენ მექორწინეები [www.lingvosoft.com]. ძნელი სათქმელია, ხდება თუ არა მსგავსი რამ დღევანდელ ოდესაში, ის კი უდავოა, რომ ამ კრიმინალური ქმედებიდან წარმომდგარი ჟარგონი ხიპიში აქტიურად იხმარება შესაბამის სამყაროში. ქართულში მისი შემოსვლის გზები ადვილი წარმოსადგენია. როგორც ვიცით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების დამნაშავეები ერთად იხდიდნენ სასჯელს. კრიმინალური ლექსიკის აღნიშნული ერთეული დაუბრკოლებლად გაიკაფავდა გზას ქართველ დამნაშავეთა შორის, ხოლო შემდგომ ეტაპზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთო ჟარგონულ ლექსიკაშიც შემოაღწევდა და დაიმკვიდრებდა ადგილს.

 

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
სარჩევი