ენათმეცნიერება

მ. ერქომაიშვილი

ერთი ქართული ჟარგონის წარმომავლობის შესახებ

ქართული ჟარგონი ნაკლებად არის შესწავლილი. თვით ქართული ჟარგონის ლექსიკონი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოიცა, რასაც შემდგომში მისი ხელმეორედ გამოცემაც მოჰყვა. სამწუხაროდ, ლექსიკონი არ გვაწვდის ინფორმაციას ქართული ჟარგონის წარმომავლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს არც წარმოადგენდა მისი შემდგენელის ძირითად ინტერესს. არადა ცალკეული ჟარგონის წარმომავლობა, თუ შეიძლება ითქვას, ეტიმოლოგია, ისევე საინტერესოა, როგორც სალიტერატურო ენის ერთეულთა წარმოშობის ისტორია. სტატიის მიზანია გაარკვიოს ერთი ქართული ჟარგონის, კერძოდ ¨რამსი¨-ს წარმომავლობა. ლ. ბრეგაძის ¨ქართული ჟარგონის ლექსიკონში¨ აღნიშნული ერთეულის შესახებ ვკითხულობთ: ¨რამსები არ აგერიოს – არაფერი შეგეშალოს.¨. იქვე მოყვანილია საილუსტრაციო მასალა ა. მორჩილაძის ნაწარმოებიდან: ¨ პირი დავიბანე და მეთქი, მამუკ, არ აგერიოს რამსები, ახლა უნდა გაიგო ყველაფერი¨. როგორც ვხედავთ, განმარტება მხოლოდ კონტექსტის საშუალებით არის მოცემული. თავად ჟარგონის წარმომავლობაზე არაფერია ნათქვამი.

რამსი არის ბანქოს ერთგვარი თამაში, რომელიც ძალზე პოპულარული იყო მე-19 საუკუნის რუსეთში. მას ქალბატონების თამაშად თვლიდნენ. იგი ერთობ გავრცელებული იყო რუსეთის პროვინციებში.

რუსულ ე.წ. ქურდულ ჟარგონში გვხვდება Рамсить, რაც ბანქოს თამაშს ნიშნავს [http.//www.zona.com.ru]. ჩვენი აზრით, რამსი ქართულ ჟარგონში სწორედ აქედან უნდა შემოსულიყო. მან ქართულ სინამდვილეში სემანტიკური ცვლილება განიცადა. თუმცა ძნელი სათქმელია, რა გზით და როდის ისესხა იგი ქართულმა და რამ განაპირობა სემანტიკური ცვლა.

 

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
სარჩევი