ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი ეროვნულ-კულტურული და ეკონომიკურ-პოლიტიკური ნიადაგით სერიოზულად შემზადდა X-XI სს. მიჯნაზე. ამ პერიოდში შემოღებული ტერმინი "საქართველო" ასახავდა სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ ერთობას, რომელიც ძირითადად ქართველური მოდგმის ტომების დასახლებას წარმოადგენდა. ქართული მიწების გაერთიანებისათვის წარმოებული მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლა სამეფო-სამთავროთა საზღვრების გაფართოებას და ჰეგემონიას მოხმარდა, მეფე-მთავრებს შორის ატეხილი ბრძოლა, ვიწრო ფეოდალური ინტერესებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი და დაუნდობელი გამოდგა. ამ მეტად რთულ და დაძაბულ პროცესში ჩნდება ქართული სამეფო-სამთავროების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანების იდეა, რომელიც ეკუთვნის არა კონკრეტულ მეფეს ან მთავარს, არამედ ქართველ საზოგადოებას, ქართველ ერს, რომლის პოლიტიკური ინტერესები ერთიან სახელმწიფოში უნდა განხორციელებულიყო.
X ს-ის 60-70-იანი წლებიდან საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესი საერთო სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. ამ ეროვნულ-პოლიტიკური იდეის სულისჩამდგმელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო, რომლის შესახებაც "მატიანე ქართლისაჲ" გვამცნობს: " და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის - ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავალი". ქართული მიწების კანონიერ მემკვიდრედ გამოიკვეთა ბაგრატ III ბაგრატიონი, რომლის გამეფება იოანე მარუშისძის იდეას საქართველოს გაერთიანების შესახებ რეალურად განახორციელებდა. 975 წელს, ვიდრე ბაგრატს ქართლის გამგებლად დასვამდნენ, საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია ასე გამოიყურებოდა: შიდა ქართლი შედიოდა აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველო) შემადგენლობაში, რომელსაც უძეო და უსინათლო მეფე თეოდოსი მართავდა. ბაგრატ ბაგრატიონი დედის ხაზით (დედოფალი გურანდუხტი) თეოდოსის დის შვილი და მემკვიდრე იყო, საიდანაც მას "აფხაზთა მეფობა" ერგებოდა. კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო ცალკე პოლიტიკური ერთეულების სახით არსებობდნენ, თბილისი კი კვლავ მაჰმადიან ამირას ეპყრა. ქვემო ქართლის დიდ ნაწილს კვირიკეანი მეფეები ფლობდნენ, რომლებიც სომეხთა მეფეებად ან ტაშირ-ძორაკერტელებად იწოდებოდნენ. სამხრეთ დასავლეთ საქართველო ტაოელ ბაგრატიონებს ეკუთვნოდა, აქედან ამიერტაოს, შავშეთ-კლარჯეთს, სამცხე-ჯავახეთს "ქართველთა მეფე" ბაგრატ II რეგვენი ფლობდა, მისი გარდაცვალების (994) შემდეგ კი - მისი ძე, გურგენ მეფეთ მეფე. ბაგრატ III ბაგრატიონს მამის - გურგენ მეფეთ მეფის და პაპის - ბაგრატ II-ის ხაზით ამიერტაო და "ქართველთა მეფის" ტიტული ეკუთვნოდა. ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის თხოვნით დავით III კურაპალატი თავის მემკვიდრედ აცხადებდა ბაგრატ III ბაგრატიონს, რადგანაც იმიერტაოს მეფეს დავით III-ს, მემკვიდრე არ ჰყავდა, ხოლო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას, მართლაც სჭირდებოდა სახელოვანი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში მხარდაჭერას არ მოაკლებდა თავის მემკვიდრეს და შვილობილს, ბაგრატ ბაგრატიონს.
საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებულ ბრძოლის პროცესს თავისებურად აფერხებდა ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური გავლენა, რომლის შესანარჩუნებლად იმპერატორები ქართველ მეფეებს უხვად ანიჭებდნენ ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს. ამიტომ, ერთიანი საქართველოს მეფეების სტატუსი ერთგვარი არ ყოფილა. იგი იცვლებოდა ქვეყნის გაერთიანების და ქართული სამეფოების შემომტკიცების პარალელურად, რის საფუძველზეც იწყებს ჩამოყალიბებას ერთიანი საქართველოს მეფის ტიტული, რომელიც უპირისპირდება მანამდე არსებულ ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს.