ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებს შორის ბრინჯაოს ხანაში დაწყებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდა ელინისტური პერიოდიდან, როდესაც ორი ცივილიზაციის აღმოსავლური და დასავლურის შეერთება-შერწყმა და ერთიანი ელინისტური კულტურის შექმნა ხდება, რომლის ფუძემდებლადაც ალექსანდრე მაკედონელი გვევლინება.
მოგვიანებით ელინისტური ცივილიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბებას იწყებს ახალი, რომის იმპერიის კულტურა, რომელიც რომაელების მიერ იმ პერიოდის სამყაროს უდიდესი ნაწილის დაპყრობისა და ერთიანი ძლევამოსილი იმპერიის შექმნის შედეგს წარმოადგენდა.
კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, როგორც ელინისტურ ეპოქაში მხოლოდ მცირეოდენი განსხვავებით, თუ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სულ მალე, რამდენიმე წელიწადში დაიშალა, მაგრამ დარჩა ერთმანეთს ნაზიარები ორი ცივილიზაცია, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ელინისტურის სახელით არის ცნობილი. რომის ძლევამოსილი ლეგიონები დაპყრობილ ტერიტორიაზე სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ბატონობდნენ და თავისდაუნებურად, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით, რომსა და პროვინციებს შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდნენ. შედეგად ყალიბდება ახალი ტიპის ადამიანი, რომელიც ნაზიარებია მსოფლიო კულტურას, ელინისტურ რელიგიას. რელიგიას კი, ჩვენი აზრით, ქვეყნის იერსახის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება, რადგან ძნელი წარმოსადგენია გავიაზროთ რომელიმე სახელმწიფოს ისტორია, მისი კულტურა რელიგიის შესწავლის გარეშე. იგი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს როდესაც საქმე იმპერიას - ხალხთა კონგლომერატს ეხება.
ძლიერების იმპერია ვითარდებოდა, მიმდინარეობდა სოციალური ცვლილებები, რომელსაც რელიგიურიც თან სდევდა. მიუხედავად ავგუსტუსის რელიგიური რეფორმისა და იმპერატორის კულტის გაჩენისა. ძველი რომაული რელიგია პოზიციებს თმობდა. იგი ნაკლებად ზემოქმედებდა ხალხის გონებაზე, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობის ახალი ფორმის - სულის უკვდავების ძიებაში ბრუნდებოდნენ ასტროლოგიის, მაგიის, ფილოსოფიისაკენ, რომელიც გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებდა რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღმოსავლური კულტებისაკენ, რომლებმაც ლათინთა ქვეყანაში მოხვედრამდე გამოიარეს ბერძნული სამყარო, რამაც მათ მნიშვნელოვანი კვალი დაასვა. აღსანიშნავია, რომ რომი არ იცნობდა ეგვიპტურ ან სხვა აღმოსავლურ ღვთაებებს იმ სახით, როგორებიც ისინი იყვნენ თავიანთ სამშობლოში. მათ უკვე მკვეთრად ეტყობოდათ ბერძნული სამყაროს კვალი. ისინი რომის იმპერიაშიც იძულებული იყვნენ დაეკარგათ საკუთარი სახე და შეეთვისებინათ რომაული ღმერთებისათვის დამახას იათებელი ატრიბუტები, რასაც, შეიძლება ითქვას, ადვილად ეგუებოდნენ.