კულტურა

ნ. ჩიქოვანი

დასავლურ და არადასავლურ ცივილიზაციათა ურთიერთობის საკითხისათვის

XX-XXI საუკუნეთა მიჯნა

ცნებებით "დასავლეთი" და "აღმოსავლეთი" კულტუროლოგიაში აღინიშნება მსოფლაღქმისა და საზოგადოებრივი მოწყობის ორი პრინციპულად განსხვავებული ტიპი; ეს განსხვავება ფიქსირდება ზოგადტიპოლოგიურ დონეზე, სადაც გაერთმნიშვნელიანდება ეთნიკური და ეროვნული სხვაობანი კონკრეტულ საზოგადოებებს შორის. არ შევუდგებით იმ მახასიათებელთა განხილვას, რომლებიც დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროთა დიქოტომიური გამიჯვნის საფუძვლად მიიჩნევა. ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ამ სამყაროთა ურთიერთაღქმა თანამედროვე ეტაპზე, თითოეული მათგანის მიერ მეორე მხარისაგან მოსალოდნელი საფრთხისა თუ სიკეთის გაცნობიერება, მსოფლიოს დღევანდელი სახისა და სამომავლო პერსპექტივის მათეული ხედვა.

ცნობილი გერმანელი მეცნიერის კარლ იასპერსის თეორიის მიხედვით, მსოფლიოს დაყოფას დასავლეთად და აღმოსავლეთად საფუძველი ე.წ. "ღერძულ დროში" ჩაეყარა, საიდანაც სათავეს იღებს აგრეთვე ერთიანი, გლობალური მსოფლიო, როგორც იმ დროისათვის შორეული პერსპექტივა. სწორედ მაშინ ყალიბდება ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებმაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახე განსაზღვრა. როგორც წესი, სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მახასიათებლები შემდეგ ოპოზიციურ წყვილებად ჯგუფდება: ინდივიდუალიზმი-კოლექტივიზმი, ინოვაციურობა-ტრადიციულობა, რაციონალობა-ინტუიციურობა, თავისუფლება-წესრიგი, ნება-ფატალიზმი, ანთროპოცენტრიზმი-თეოცენტრიზმი, მატერიალზმი-სულიერება, პრაგმატიზმი-იდეალიზმი, ობიექტივიზმი-სუბიექტივიზმი, დინამიზმი-სტატიკურობა, ისტორიზმი-აისტორიზმი და სხვ.

დასავლეთი და აღმოსავლეთი თვითიდენტიფიკაციას ერთმანეთთან მიმართებაში ახდენენ. როგორც ამერიკელი მკვლევარი ჯ. სტიდმანი აღნიშნავს, ისინი მუდმივად ურთიერთქმედებენ, ითვისებენ ერთმანეთის ფასეულობებს, ამდიდრებენ ერთმანეთს. ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთთან ურთიერთობამ. კერძოდ, ა.პირენის სიტყვით, ევროპელთა შეხებამ ისლამთან ეს უკანასკნელი მათთვის "უცხოს" ჭეშმარიტ განსახიერებად აქცია, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, შემართული იყო მთელი ევროპული ცივილიზაცია. პირენი მიუთითებს მუსლიმური აღმოსავლეთის როლზე ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში: VII საუკუნეში, ისლამის შემოტევის შედეგად, დაიწყო ევროპული კულტურის ცენტრის გადანაცვლება ხმელთაშუაზღვისპირეთიდან (რომელიც არაბულ პროვინციად იქცა) ჩრდილოეთისაკენ. დასრულდა რომაული ტრადიცია და სათავე დაედო თვითმყოფად რომანულ-გერმანულ ცივილიზაციას. ევროპა იქცა დიდ ქრისტიანულ თანამეგობრობად, აღმოსავლეთი კი – მისთვის კულტურული თვალსაზრისით უცხო, "სხვა" სამყაროდ". ერთი სიტყვით, აღმოსავლეთი იყო ის "სხვა", რომელიც დაეხმარა დასავლეთს (ევროპას) საკუთარი რაობის განსაზღვრაში.

და მაინც, ზემოთ ჩამოთვლილი ოპოზიციური წყვილები, ისევე როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნებისმიერი მახასიათებელი, ძირითადად, ასახავს დასავლელთა წარმოდგენას საკუთარ თავსა და აღმოსავლელებად წოდებულ არადასავლელებზე. ეს დამოკიდებულება სამეცნიერო ლიტერატურაში ორიენტალიზმის სახელითაა ცნობილი. მიჩნეულია, რომ მას საფუძველი ჩაეყარა 1312 წელს, როცა ვენის საეკლესიო კრებამ დაადგინა არაბული, ბერძნული, ძველებრაული და სირიული ენების კათედრათა შექმნა პარიზის, ოქსფორდის, ბოლონიის, ავინიონისა და სალამანკას უნივერსიტეტებში.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი