მესამე სუბიექტური პირის მრავლობითობის აღმნიშვნელი სუფიქსების, -ენ/-ნენ, ხმარება აღნიშნული ეპოქის ერთ-ერთ სადავო საკითხად იყო ქცეული, ამას კი, ვფიქრობთ, განაპირობებს ის ფაქტი, რომ SIII მრ. რ-ის აღმნიშვნელი ეს ორი, ერთმანეთის მოქიშპე, ვარიანტი, ორი მორფი, ლოკალიზებულია საქართველოს ორ რეგიონში: ერთი-აღმოსავლეთში, მეორე-დასავლეთში. მათი დამკვიდრებისათვის ბრძოლა უტოლდება შესაბამისი რეგიონის წარმომადგენელთა სურვილს – მისი რეგიონი იყოს წარმმართველი სალიტერატურო ენის შემდგომი ჩამოყალიბების პროცესში. მოპაექრეთა უპირატესობა გამოწვეულია იმის შინაგანი რწმენით, რომ სწორედ მათ რეგიონში დამკვიდრებული ნორმაა სამართლიანი. ერთიც და მეორეც სუბიექტურია, რადგან ადამიანის სმენას ესალბუნება ის კილოთქმა, რომელზედაც აღიზარდა და, ბუნებრივია, ცდილობს მის დამკვიდრებას. ასე დაუპირისპირდნენ დასავლეთ საქართველოს -ენ-ისა და აღმოსავლეთ საქართველოს - ნენ-ის დამცველი სწავლულნი. გაიმარჯვა იმ ფორმამ, რომელიც თანამედროვე ქართული ენის მეცნიერულ-სტრუქტურულ მოდელში ჩაჯდა.
-ენ/-ნენ-ის დისტრიბუციას მოსე ჯანაშვილის გრამატიკაში განაპირობებს გრამატიკულ-მორფოლოგიური დონე და არა დიალექტური გარემო, ანუ ამ გრამატიკაში -ენ/-ნენ ერთი გრამატიკული ფუნქციის ორი მორფია, რომელთაც აქვთ თავ-თავისი მორფოლოგიურ-გრამატიკული დატვირთვა.
სხვა გრამატიკებში განსხვავებულ გარემოებას ექვემდებარება -ენ/-ნენ სუფიქსების ზმნაში მარკირება. სილოვან ხუნდაძისა და ი. ნიკოლაიშვილის გრამატიკებში ცალსახად გაბატონებულია -ენ სუფიქსი, რასაც განაპირობებს რეგიონული ლოკალიზაცია - ორივე გრამატიკოსი დასავლეთ საქართველოდანაა. საინტერესოა, სერგი გორგაძის პოზიცია, რომელიც ასევე დასავლეთ საქართველოს ნორმებზეა აღზრდილი, მისი სახელმძღვანელო ქუთაისშია დაბეჭდილი, მაგრამ იგი ნორმის დადგენისას თითქოს ცდილობს - იყოს მიუკერძოებელი რეგიონული თვალსაზრისით. მისი თქმით, "თანამედროვე სალიტერატურო ქართულს საფუძველად უდევს, ძველ სალიტერატურო ენასთან ერთად, ორი მთავარი ცოცხალი კილოკავი ქართლ-კახური და იმერულ-გურული", მაგრამ უპირატესობა ქართლ-კახურ კილოს უჭირავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგი ფორმა იმერულ- გურულში უკეთაა დაცული. ამას ითვალისწინებს მის მიერ გამოყოფილი "კულტურული პრინციპი" (იმ რვა პრინციპიდან). ს. გორგაძე თვლის, რომ სწორია ფორმები მოვიდნენ და იყვნენ. ავტორი წერს: მართალია, იმერულ-გურულ გამოთქმაში არის მოვიდენ, მაგრამ "უპირატესობა ქართლ-კახურ ფორმას უნდა მივსცეთო". ეს სიტყვები სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ აქ მოქმედებს "კულტურული პრინციპი" (IV) ან "კეთილხმოვანების პრინციპი" (VII), ანუ ის, რომ იმერულ ნორმებზე აღზრდილს ეკეთილხმოვანება აღმოსავლური დნენ-იანი ფორმა. არა, ამჯერად ავტორი მოქმედებს მის მიერ გამოყოფილი "მორფოლოგიური პრინციპით" (VI), კერძოდ, გრამატიკოსი ასე წარმოგვიდგენს ამ ზმნას – მოვიდნ-ენ, სადაც პირველი ნ ფუძისეულია, რომელიც დაცულია ქართლ-კახურ დიალექტსა და მწერლობაში ფუძეში "დენ" = დნ. "ეს ნ აღარა ჩანს იმავე ფორმის იმერულ- გურულ გამოთქმაში - მოვიდ-ენ". გრამატიკოსის აზრით, დაცულ უნდა იქნეს მორფოლოგიურად მართებული სტრუქტურა, მაგრამ აქ ლაპარაკია ფუძის სისრულეზე, რომელსაც ეკუთვნის - ნ – და არა -ნენ სუფიქსის სისრულეზე. მესამე სუბიექტური პირის ნიშანი მრავლობითში აქ, როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივ, ის -ენ სუფიქსია, რომელსაც ასე ეჭიდებიან დასავლეთ საქართველოს გრამატიკოსები და, მათ შორის, როგორც ირკვევა, ს. გორგაძეც. ე.ი. ავტორი გვთავაზობს მოდელს: მოვიდნ-ენ და არა მოვიდ-ნენ. ანალოგიურად გვთავაზობს ფორმას იყვნ-ენ, რომელშიც მე-3 სუბიექტური პირის მრ.რ-ის ნიშნად მიიჩნევს -ენ-ს (და არა -ნენ-ს). პირველი ნ-ს მარკირებას კი უშვებს იმ მორფოლოგიური პრინციპით, რომ ეს არის ფუძისეული (ყვნ). ამასთან, მოჰყავს მეორე ცოცხლი ფორმა იყვ-ენ, მაგრამ უპირატესობას – ფუძეში მისეული მორფოლოგიური პრინციპის დაცვით (და არა -ნენ სუფიქსის დაცვით) – აძლევს იყვნ-ენ ფორმას. როგორც ჩანს, აქ ერთმანეთს ერწყმის საკითხისადმი ობიექტური მიდგომა ("მორფოლოგიური პრინციპი", რომელიც ფუძეში გამოყოფს დნ-ს) და სუბიექტურ-რეგიონური მიდგომა ("კეთილხმოვანების პრინციპი", რომელსაც საგანგებოდ გამოყოფს ავტორი), რომლის თანახმად, სუფიქსად მიჩნეულია -ენ. ამ ორმხრივობას ს. გორგაძე საბოლოოდ, თავისდა უნებურად, მიჰყავს სწორი ფორმის აღიარებამდე (მოვიდნ-ენ, იყვნ-ენ),
-ენ სუფიქსს ცნობს ილია სიხარულიძე: დაწვ-ენ, დასხდ-ენ, გაწითლდ-ენ და სხვა.
საინტერესოა, რა პოზიცია აქვს დავით კარიჭაშვილს -ენ/-ნენ ვარიანტებთან. მისი პოზიციის განხილვამდე წინასწარ უნდა გავიხსენოთ -ენ-ის ორი ფუნქცია: 1) -ენ როგორც დამოუკიდებელი სუფიქსი, რომელიც -ნენ-თან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია და არის მისი პოზიციური ალომორფი, ანუ -ენ დაერთვის ზმნას, როცა იგი აწმყოშია (აკეთებენ) ან მყოფადში (გააკეთებენ), ან აკრძალვით ბრძანებითში (ნუ ნაწილაკით), ხოლო -ნენ - წარსულდროიან ზმნებს (დაწვნენ, აკეთებდნენ); 2) -ენ როგორც -ნენ სუფიქსის ალომორფი, ე.ი. როცა ისინი თავისუფალ ვარირებაში არიან.
ზემოჩამოთვლილ გრამატიკოსებთან (ს. გორგაძე, ი. ნიკოლაიშვილი, ს. ხუნდაძე, ი. სიხარულიძე) -ენ ორივე ფუნქციით გვხვდება და, რაც მთავარია, გვხვდება ჩვენთვის საინტერესო მეორე ფუნქციით, კერძოდ, -ენ არის ნენ-ის ალომორფი და პრაქტიკულად მხოლოდ ეს ალომორფია (-ენ) გამოყენებაში. დავით კარიჭაშვილთან -ენ სუფიქსი (SIII მრ.რ.) გვხვდება, ჩვეულებრივ, პირველი ფუნქციით. ამასთან, - ენ გვხვდება სხვა სრტუქტურითაც (ე-ნ) და ეს არ უნდა განიხილებოდეს -ენ/-ნენ-ის დონეზე, რადგან იგი არის არა -ენ სუფიქსი, არამედ თითოეულ ამ მორფემას განსხვავებული დატვირთვა აქვს და ამას ავტორის მიერ ერთმანეთისაგან დეფისით გამოყოფაც ადასტურებს (ე-ნ). კერძოდ, ე-ნ მორფემებით არის დასრულებული, ძირითადად, ნატვრითი კილოს აწმყო და მომავალი დრო შემდეგი მოდელის ზმნებში: SIII მრ.რ. – OI მხ.რ/მრ.რ. მაგალითები: მ/გვ-წერ-დ-ე-ნ, მ/გვ-ა-ხმებ-ოდ-ე-ნ, ან ერთპირიან ზმნებში: - ცოც-ავ-დ-ე-ნ /ი-ცოც-ებ-დ-ე-ნ; ცხოვრ-ობ-დ-ე-ნ/ ი-ცხოვრ-ებ-დ-ე-ნ. როგორც ვხედავთ, აქ -ე მწკრივის ნიშანია, -ნ კი - მე-3 სუბ.პირის მრ. რიცხვისა. ჩვენთვის საინტერესო პოციზიაში კი დ. კარიჭაშვილი ხმარობს -დ-ნენ სუფიქსს (მ/გვ-ე-უბნ-ებ-ო-დ-ნენ, მ/გვ-ე-ლტვ-ო-დ-ნენ).
დავით კარიჭაშვილის გრამატიკა, საერთოდაც, და კონკრეტულად ამ სადავო საკითხით, ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯია ენათმეცნიერებაში და ეს ჩანს შემდეგი ქრონოლოგიური დაკვირვებითაც: XX ს-ის პირველ მესამედში, ოფიციალური გრამატიკების მიხედვით, იყო ნორმა -ენ (-ნენ-ის ნაცვლად). 1921 წელს საგანგებო კომისიამაც, "შანიძის მოხსენების თანახმად დაადგინა" თამაშობდენ (და არა თამაშობდნენ) ტიპის ფორმები. 1933 წელს სალიტერატურო ნორმებიც აგრძელებს ამ ტრადიციას: "დნენ-ში -ნ არავითარი ობიექტური საჭიროების დაკმაყოფილებას არ ემსახურება. ნ-ს ჩართვით იბღალება სისტემა ქართული უღვლილებისა და სათანადო დროთა ნათელს აგებულებაში ჩნდება ირაციონალური ელემენტი … აკეთებდნენ – აკეთებ აწყმოს ფუძეა, დ-ნამყო უსრულის მაწარმოებელი, ენ - მრავლობითის ნიშანი მესამე პირში, რაღაა ნ ელემენტი, რომელსაც არავითრი გამართლება არ გააჩნია?". აქვე აღნიშნულია (ცხადია, ტენდენციურად), რომ "-დნენ დაბოლოება არ არის გაბატონებული არც სალიტერატურო ქართულში და არც ცოცხალ კილოებში". ნუთუ ავტორები არ ცნობენ აღმოსავლეთ საქართველოს დედაკილოს ან, რაც მთავარია, ილიას ენას?! მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ დასახელებული გრამატიკოსებიდან თითქმის ყველა ერთმნიშვნელოვნად ამკვიდრებდა -ენ/-ნენ ალომორფებიდან პირველს (-ენ), რატომღაც, ჩვენი აღქმით, მის (დენ-ის) თავდაუზოგავ დამცველად მაინც სილოვან ხუნდაძეს თვლიდნენ.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ დავა პრესის ფურცლებზედაც მიმდინარეობდა.