ლიტერატურა

მ. თოფურია

კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტიკა და სეპარატიზმის საკითხი

კ. გამსახურდიას იტორიული რომანების ძირითადი სიუჟეტური ხაზი შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება, როგორც თავად მწერალი წერდა, "დიდოსტატის მარჯვენის" ბოლოსიტყვაობაში: "შინაპოლიტიკური ვითარებანი სწყვეტენ ყოველი ნაკლის, ყოველი სახელმწიფოს ბედს. მსოფლიო ისტორიაა ამის მოწმე. არც ერთი ნაციონალური სახელმწიფო მარტოოდენ გარეპოლიტიკური ინვაზიების შედეგად არ დარღვეულა" მწერლის აზრს მსოფლიო ისტორიაც ადასტურებს. ერის პოლიტიკურ კრახს შინაური გათიშვა და ზნეობრივი დეგრადაცია იწვევს. გარეშე მტერი შედეგია ხშირად და არა მიზეზი. განდგომილებისა და ეროვნული გათიშულობის ტრაგედია განსაკუთრებული სიმწვავითაა გადმოცემული მწერლის პუბლიცისტიკაში. კ. გამსახურდია ქართული სახელმწიფოს იავარქმნის მიზეზად აულაგმავ პარტიკულარიზმს მიიჩნევს. ეროვნული იდეალები ქართველი კონდოტიორების სიხარბემ და განდიდებისაკენ ლტოლვამ შეიწირა. სეპარატიზმის პრობლემა თვალსაჩინოდ წარმოჩინდა 1918-1921 წლებში – ხელისუფლებამ ვერ გაატარა ცენტრალიზაციის კურსი და იძულებული გახდა ავტონომიური უფლებები მიენიჭებინა ზოგიერთი კუთხისთვის. ეს უპირველესად ეხება აჭარის ავტონომიის საკითხს. 1919 წელს საქართველოს პარლამენტმა სამუსულმანო საქართველოს ავტონომია მიანიჭა. მწერალი, რომელიც იარაღით ხელში იცავდა აჭარას თურქ ასკერთა შემოსევისაგან, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. აჭარისტანის დამოუკიდებლობას. "ერთ-ერთ გაზეთში მე სასტიკად გავილაშქრე ამის (აჭარისტანის დამოუკიდებლობის - მ.თ.) წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს ჯერ ერთი, არ მომწონს სახელი, ეს რაღაცა "სტანი", და მეორეც, მგონია, თუ აჭარისტანი დამოუკიდებლად გამოცხადდა... ერთმა კუთხემაც წამოყო თავი და თქვა: მეც მომეცით დამოუკიდებლობაო"... ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გამძაფრდა და ცალსახად უარყოფითი გახდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. აჭარის ავტონომისტების პოზიცია, რელიგიურ მომენტს ეყრდნობოდა, რაც კ. გამსახურდიას აზრით, სრულიად მიუღებელია. "ჩამოაცილეთ რელიგიური მომენტი აჭარის მეჯლისს და, საერთოდ, აჭარის ავტონომისტების მოთხოვნილებას და ხელში შეგრჩებათ კუთხობრივი პარტიკულარიზმი საქართველოს რომელიმე პროვინციისა". ზედმეტი პრივილეგიზმი და ფავორიტიზმი მავნეა ყოველი კუთხისათვის, "მიუხედავად იმისა, ბეგების თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა წარმოშობს იმას, თუ რომელიმე კუთხის განსაკუთრებული მდგომარეობა". მწერალი გრძნობს, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი კუთხის მოკრძალებული პრეტენზიები, მოთხოვნის ტონში აშკარად შეიგრძნობა უცხო სახელმწიფოს ინტერესები. საქართველოს ანექსიის პირველსავე კვირებში აშკარა გახდა, რომ რუსეთის მთავრობა სწორედ ავტონომიების შექმნით იმკვიდრებდა საყრდენს დაპყრობილ ქვეყანაში – ავტონომიების შექმნა საბოლოოდ ანადგურებდა ისედაც წელში გაწყვეტილ ქვეყანას. ძველი რომაელების პრინციპის "გათიშე და იბატონე" საიმედობა რუსეთსაც არაერთგზის გამოეცადა.

კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია აფხაზეთის პრობლემას. მწერალთა კავშირის პირველ ყრილობაზე – 1926 წლის 25 თებერვალს – კ. გამსახურდიამ უპარტიო მწერალთა სახელით ფილიპე მახარაძის წინაშე გამოთქვა თავისი საწუხარი: "რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაება, უნდა მოგახსენოთ, მე მაინც და მაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები მცხეთის სანახებამდე ჩამოიტანა, მთლიანად ქართული რეგიონი გალისა აფხაზეთის ავტონიმიურ რესპუბლიკას გადაულოცა, და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწვლიან". მწერალი უმძიმეს შეცდომად მიიჩნევს ავტონომიური აფხაზეთის კომისარიატის შექმნას – 70% ქართველებით დასახლებულ ოლქს აფხაზეთი დავარქვით და "ამით კვერი დავუკარით იმ გარემეობას, რაზეც ქართველობა დღეს ასე გამწარებულია". მწერალი მძაფრად გრძნობს მოსალოდნელ საფრთეს, განსაკუთრებით დაუნდობლად კიცხავს გააფხაზებულ მეგრელებს, რომელებიც "აფხაზეთის სახელით რუსულად ლაპარაკობენ".

კ. გამსახურდიასათვის შინაური მტერი გარეშეზე ასგზის საშიშია. ამიტომაც მწერალი შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა იმათ წინააღმდეგ, ვინც ნებსით თუ უნებლიედ მიელტვოდა საქართველოს ერთიანი სხეულის დანაწევრებასა და დაქუცმაცებისაკენ. საყოველთაოდ ცნობილია მწერლის უკომპრომისო დამოკიდებულება ეგრეთ წოდებული "სამეგრელოს საკითხისადმი", რომელიც ზუგდიდის სამაზრო პარტიული კომიტეტის მდივნის ისაკ ჟვანიასა და მის მომხრეთა მიერ იყო პროვოცირებული. მათი ლოგიკით, მეგრელი განსხვავდება ქართველისაგან ენით, ტრადიციით, კულტურით. საუკუნეთა განმავლობაში ქართველთაგან ასიმილირებულ მეგრელ გლეხობას (გლეხები კი ისაკ ჟვანიას შეხედულებით, "ჭეშმარიტი მეგრელები" არიან, "ინტელიგენტი მეგრელებისაგან" განსხვავებით, რომლებიც "უკვე აღარ არიან მეგრელები" და ფაშისტებად და ნაციონალისტებად გარდაქმნილან). მიუხედავად ამ "თეორიის" აბსურდულობისა ჟვანიას უამრავი მომხრე ჰყავდა, რომელთა ძალისხმევითაც 1925 წელს ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა განიხილა სამეგრელოს საკითხი და გამოტანილ იქნა დადგენილება მეგრული ენის სკოლებში შესწავლის შესახებ. მეგრულ ენაზე გამოვიდა კრებული "ჭითა ჩხორია" და გაზეთი "ყაზახიში გაზეთ". სწორედ მათ ფურცლებზე "ამხელდა" ისაკ ჟვანია "შავრაზმელ მეგრელ ინტელიგენციას", "ქართველ ფაშისტებს: კოწია გამსახურდიას, თედო ჟორდანიას, თედო სახოკიას და სხვებს", რადგან ეს "შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს", რომელიც აცხადებს პილიტიკურ და მორალურ ტერორს იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავდა ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ". საბედნიეროდ კ. გამსახურდია არ ეპუებოდა გაზულუქებულ, უმეცარ პარტოკრატებს და მისი დიდი ძალისხმევით აიკრძალა კიდეც მეგრულ ენაზე გამომავალი პერიოდიკა. მწერალი ცდილობდა ის ძალებიც გამოეაშკარავებინა, რომლებიც დროდადრო წამოატივტივებენ ხოლმე ყველა ჯურის ჟვანიებს – რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა ნიადაგ ნიადაგ აღვივებდა ქართველთა ცნობიერებაში მთვლემარე კუთხურობის ტენდენციებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კ. გამსახურდიამ თქვა გადამწყვეტი სიტყვა ყბადაღებული "სამეგრელოს საკითხის" საბოლოოდ დასასამარებლად. ეს, ცხადია, არ არის შემთხვევითი, რადგან კ. გამსახურდია თავისი ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც ერთიანი საქართველოს მარადიულობის იდეას ამკვიდრებდა ქართველი კაცის ცნობიერებაში.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სიღნაღის ფილიალი
სარჩევი