პედაგოგიკა

ი. ახობაძე

"მასობრივი მუსიკის" შინაარსის დაზუსტებისათვის

მთელ მსოფლიოში ფართო მსმენელი უპირატესობას "მასობრივ მუსიკას" ანიჭებს, ასეთივე მდგომარეობაა საქართველოშიც.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუსიკალური სფერო რიგი ავტორების მიერაა შესწავლილი: ა. არტემიევი, დ. ჟიტომირსკი, ვ. ზაკი, ბ. კაცი, ვ. კონენი, ა. კოფმანი, ლ. მახრასევი, ე. მაჭავარიანი, ვ. მედუშევსკი, გ. ორჯონიკიძე, ლ. პერევერზევი, ა. სოხორი, ა. ცუკერი, გ. შნეერსონი და სხვა. ეს საკითხი მაინც დაზუსტებას მოითხოვს.

პირველყოვლისა დასადგენია თუ რა თავისებურებებით გამოირჩევა მუსიკალური ხელოვნების ეს სფერო? რა იგულისხმება პოპულარულ მუსიკაში?

ხშირად "მასობრივი მუსიკის" სინონიმად იყენებენ ისეთ ტერმინებს როგორიცაა: "მსუბუქი", "საესტრადო", "პოპულარული", "გასართობი", "პოპ-მუსიკა" და სხვა. აღნიშნულ ტერმინებზე მსჯელობისას კი დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ რა შინაარსს ატარებენ ისინი.

"მსუბუქი მუსიკა" (ინგლ. Light music) მოიცავს მასობრივი მუსიკის სახესხვაობებს: ცეკვას, სიმღერას, საესტრადო პიესებს, მუსიკალურ-კომედიურ თეატრს და სხვა. სიმსუბუქე რომ მხოლოდ პოპულარული მუსიკის აუცილებელ თვისებას არ წარმოადგენს ადასტურებს მოცარტის თვალსაზრისი თავისი საკლავირო კონცერტების შესახებ: "კონცერტები ერთგვარად გადადიან "მძიმედან" – "მსუბუქ" მუსიკაში, თითოეული ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რა თქმა უნდა, თუ სიცარიელე არ ახასიათებს. დროთა განმავლობაში, როგორც მცოდნე მსმენელი, ისე არმცოდნე ხალხიც კმაყოფილი დარჩება, მაგრამ ვერ გაიგებს რატომ?"

დღეს უდავოდ არეულია "მსუბუქი" და "სერიოზული" მუსიკის ტერმინები. თუ ჯაზს და როკ მუსიკას 30 წლის წინ "მსუბუქ" მუსიკად მოიხსენიებდნენ, დღეს ბევრი პროფესიონალი მუსიკისმცოდნე მიმართავს ტერმინს "სერიოზული ჯაზი", "სერიოზული როკი", ან ვინ იტყვის რომელია უფრო "მსუბუქი" გ.ფ. ჰენდელის "მუსიკა წყალზე" თუ როკ-ჯგუფის "პინკ-ფლოიდის" კომპოზიცია "მთვარის უკანა მხარე"? ჰენდელის მუსიკა ნათელი, სადა, მოხდენილი, მოსმენისთანავე "ჯდება" მეხსიერებაში, მაშინ როცა, როკ-კომპოზიციის დამახსოვრება რამდენიმე მოსმენის შემდეგაც კი რთულია.

"მსუბუქი მუსიკა", დღეს მუსიკალური შინაარსის კუთხით განიხილება და როგორც აღვნიშნეთ აერთიანებს ცეკვას, სიმღერას, საესტრადო-საორკესტრო პიესებს, მუსიკლურ-კომედიურ თეატრს და სხვა. ე.ი. "მსუბუქი მუსიკის" განსაზღვრისას მთავარ როლს თამაშობს პოპულარობის, გავრცელების, მისაწვდომობის, მასობრივი მსმენელის მოთხოვნილების გათვალისწინების პროცესი. და თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში "მასობრივი მუსიკა" უფრო ზუსტ დეფინიციას წარმოადგენს, ვიდრე "მსუბუქი მუსიკა", რომელიც დროთა განმავლობაში სახეცვლილებას განიცდიდა და განიცდის.

რაც შეეხება "გასართობ მუსიკას" ამ შემთხვევაში მოვლენა ხასიათდება არა შინაარსობრივი, არამედ ფუნციონალური მხრიდან. მასში იგულისხმება ადამიანთა დასვენებისა და გართობის დროის შევსება ნებისმიერ გარემოში. მაგ., სახლში, დისკოთეკაზე, თუ თეატრში. ამგვარად, სავსებით გასაგებია, რომ ასეთი სახის მუსიკა მხოლოდ ნაწილია მასობრივი მუსიკალური ხელოვნებისა, რომლის ფუნქციები კიდევ უფრო მრავალფეროვანია და ფართო.

ტერმინი "ყოფითი მუსიკა" (ყოველდღიური) მიგვანიშნებს ჩვენთვის საინტერესო სფეროს კიდევ ერთ წახნაგს – მისი დამკვიდრების ხასიათს და საშუალებას, შესრულებისა და აღქმის გარემოებას.

...

 

თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი