პედაგოგიკა

ბ. გომელაური

პროგრამულ-საგანმანათლებლო სტანდარტი

უმაღლესი განათლების ინსტიტუტების აკრედიტაციის, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო სტანდარტების დადგენაა. არსებობს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტები. პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტი გამოხატავს კონკრეტული დარგის განვითარების დონეს. პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კვალდაკვალ, იცვლება სტანდარტებიც. შესაბამისად, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, აკრედიტაციის სტრუქტურები თავის მუშაობაში ახალ სტანდარტებს შეიმუშავებენ. ყოველი უმაღლესი სკოლის, და მით უფრო, აკრედიტაციის ცენტრალური სტრუქტურის მიერ დადგენილი სტანდარტებისადმი საზოგადოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესი ძალზე დიდია. მიუხედავად იმისა, ფაკულტეტი გრძნობს თუ არა თავს მზად აკრედიტაციის პროცედურის გასავლელად, ან, აქვს თუ არა სურვილი აკრედიტაციის პროცედურის გავლისა, ეცნობა სტანდარტს. ეს მას საშუალებას აძლევს უკეთ შეაფასოს საკუთარი სტანდარტები, განსაზღვროს თავისი დონე და შესაძლებლობები მოცემულ სფეროში. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ სააკრედიტაციო სტრუქტურები, იქნება ეს საერთაშორისო, ეროვნული, თუ რეგიონული მნიშვნელობის, პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების სათანადო სიზუსტით ჩამოყალიბებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

აკრედიტაციის საერთაშორისო, რეგიონული თუ ადგილობრივი პროფესიულ-საზოგადოებრივი სტრუქტურები შეიმუშავებენ თავის საკუთარ საგანმანათლებლო სტანდარტებს.

გლობალური საინფორმაციო ქსელი, სხვადასხვა ქვყნების დარგობრივი საინფორმაციო ბანკები ნათელ წარმოდგენას იძლევა აკრედიტაციის სტუქტურების მიერ დადგენილ პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტებზე. ამ სტანდარტების შესწავლა და ანალიზი საშუალებას მოგვცემს უკეთ შევაფასოთ ჩვენი უმაღლესი სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, შევიმუშავოთ რეკომენდაციები პრობლემების გადასაჭრელად.

განხილვის საგანია აშშ-სა და კანადის უმაღლესი განათლების ინსტიტუტების აკრედიტაციის სტრუქტურის (LCEM) "ელ სი ი ემ"-ის მიერ უკანასკნელი წლებისთვის დადგენილი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი საფეხურის (მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის Doctor of medicine degree) პროგრამის პედაგოგიკური ასპექტი. აღნიშნული პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა რეალიზდება აშშ-ში და კანადაში. პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან აღნიშნული აკადემიური ხარისხის რეალიზაცია ერთ-ერთმა პირველმა (1993) უნგრეთმა დაიწყო.

აკრედიტაციის აღნიშნული სტრუქტურის მიერ შემუშავებული სტანდარტის ერთ-ერთი თავისებურებაა პროფესიული პროგრამის შეფასების მრავალმხრივობა და სიფართე. სტანდარტის გაცნობით ვრწმუნდებით, რომ აკრედიტაციის აღნიშნული სტრუქტურა ყურადღების გარეშე არ ტოვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის რეალიზაციისთვის საჭირო არცერთ მნიშვნელოვან საკითხს. იგი ნათელ წარმოდგენას იძლევა იმ სავალდებულო მოთხოვნებზე, რაც წაეყენება არა მხოლოდ ექიმის მომზადების, არამედ საერთოდ, უმაღლესი პროფესიული განაათლების პროგრამას. მიგვაჩნია, რომ "ელ სი ი ემ"-ის მიერ შემუშავებული სტანდარტი, მისი ყოვლისმომცველი ხასიათი, ჩვენი სააკრედიტაციო სტრუქტურების მიერ გაგებულ უნდა იქნას, როგორც არა მხოლოდ ექიმის მომზადების სტანდარტის თავისებურება, არამედ, როგორც ეროვნული სტანდარტების შემუშავების ზ ო გ ა დ მ ე თ ო დ ო ლ ო გ ი უ რ ი დებულება.

...

 

გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
სარჩევი