საბავშვო ბაღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა ბავშვების მომზადება სკოლისათვის. სკოლაში მოსული ბავშვის წინაშე, პირველ რიგში დგება წერა-კითხვის დაუფლების საკითხი, რომლის გადაწყვეტაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სივრცეში ორიენტაციის განვითარებას. სკოლამდელებში სივრცითი მიმართულების ცოდნის დასადგენად ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ბავშვები სუსტად ფლობენ სივრცით მიმართულებას, ერთმანეთში ურევენ და სიტყვიერადაც ვერ ასახელებენ, შესრულებულ ან შესასრულებელ მოქმედებას. ეშლებათ "მარჯვენა-მარცხენა", "წინა-უკანა" მიმართულება და ა.შ.
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თამაშთა ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სივრცის შესახებ წარმოდგენების განვითარებას. მუშაობა, რომელიც ამ მიზნით საბავშვო ბაღებში ტარდება, აშკარად არადამაკმაყოფილებელია. ასეთი თამაშები შეიძლება ყოფილიყო მოძრავი, დიდაქტიკური და რაც მთავარია, ისინი უნდა ჩატარებულიყო ბუნებაში.
ბუნებაში საგნებს ბუნებრივი ფორმა, მდებარეობა, ურთიერთმიმართება და ა.შ. გააჩნიათ. ბუნებაში ბავშვის ურთიერთობას საგნებთან შემეცნებითთან ერთად დადებითი ემოციური დატვირთვაც გააჩნია და როცა მიმართებების გაცნობა დადებით ემოციებს უკავშირდება, გაგებისა და დამახსოვრების პროცესიც წარმატებით ხორციელდება.
ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად გვეკვლია ბავშვების მიერ ყველა სივრცითი მიმართულების წვდომის საკითხი. მხოლოდ რამდენიმე ასეთი მიმართულება (მარჯვენა-მარცხენა, წინა-უკანა, ზედა-ქვედა) იქნა აღებული. თუ დამტკიცდება, რომ სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით, ბავშვები უკეთ დაეუფლებიან, რამდენიმე ძირითად სივრცით მიმართულებას, მაშინ დანარჩენთა განვითარებაზე მუშაობაც პრინციპულად ნაყოფიერი იქნება და სათანადო თამაშთა შერჩევა მხოლოდ დროის საკითხად დარჩება.
ცნობილია, რომ ბავშვებისათვის თამაში ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა. თამაშის პროცესში ხდება არა მარტო ახალი ცოდნის შეძენა, არამედ მისი განმტკიცებაც. თამაში იწვევს ბავშვის გონებისა და ფსიქო-ფიზიკური ძალების აქტივაციას და ამ გზით მათ განვითარებას. დიდია ბავშვის ინტერესი მოძრავი თამაშისადმი, ვინაიდან ის აიძულებს ბავშვს იყოს აქტიური, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მასში. თამაში მიმდინარეობს სწრაფად, ცოცხლად, ხალისიანად, იწვევს მხიარულ გონება-განწყობას. თამაში აახლოვებს ბავშვებს ერთმანეთთან, ასწავლის ამხანაგებთან მეგობრულ დამოკიდებულებას. მოძრავი თამაში გარდა იმისა, რომ სივრცითი მიმართულების დაუფლების საუკეთესო საშუალებაა, ავითარებს ბავშვის ფსიქო-მოტორულ უნარსაც.