პედაგოგიკა

ქ. ძოწენიძე

პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ურთიერთობის საკითხები

შიო ჩიტაძის პედაგოგიური შეხედულებების მიხედვით

შიო ჩიტაძის აზრით, აღზრდა-განათლების ძირითადი მიზანი მოზარდი თაობის ყოველმხრივ განვითარებასა და რეალური ცხოვრებისათვის მომზადებაში მდგომარეობს. ცალმხრივი აღზრდისა და ფორმალისტური განათლების, დოგმატური სწავლებისა და სინამდვილისაგან მოწყვეტილი "ცოდნის" ნაცვლად მას საჭიროდ მიაჩნდა მოზარდი თაობის აღჭურვა ნამდვილი, საფუძვლიანი სისტემატური და ღრმამეცნიერული ცოდნით. ამ ამოცანების გადაწყვეტას იგი იმდროინდელი პედაგოგიკური და ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღწევების გათვალისწინების საფუძველზე ცდილობდა. "თუ გსურს ადამიანის აღზრდა ნორმალურად წავიყვანოთ, - წერდა იგი, - საჭიროა ვიცოდეთ ადამიანის ბუნება, მისი განსაკუთრებითი თვისებანი და მისი ცხოვრება", რაც შეუძლებელია საფუძვლიანი ფსიქოლოგიური განათლების მიუღებლად. ფსიქოლოგია შეასწავლის პედაგოგს ადამიანის "სულის ცხოვრებას", მის შინაგან სამყაროს. ამიტომ პედაგოგს, რომელიც ბავშვთა აღზრდის საქმის სწორად წარმართვისათვის არის მოწოდებული, ფართო პედაგოგიური და ფსიქოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს.

სწავლების პროცესის ფსიქოლოგიურ საფუძველს შიო ჩიტაძის პედაგოგიური მოძღვრების მიხედვით მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევა წარმოადგენს. ინტერესი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია სწავლების შინაარსი, მისი მასალა, "ინტერესი, სძევს თვით საგანში-სწავლა მაშინ იქნება საინტერესო, როდესაც იგი აკმაყოფილებს ბავშვის ბუნებრივ წყურვილს, უპირველესად ცოდნისას, როდესაც იგი შეგვძენს ახალ ფაქტებს, რომელნიც აფართოებენ წრეს ჩვენი ცოდნისას, გრძნობისას, ნებისას". შიო ჩიტაძის დროინდელ სკოლაში კი მოსწავლეები იზეპირებდნენ გაკვეთილებს იმ ენაზე, რომელიც მათ კარგად არ ესმოდათ. სკოლაში შემოღებული იქნა სწავლების ე.წ. "ბუნებრივი მეთოდი", რომელსაც ქართველი პედაგოგები მუნჯურ მეთოდს უწოდებდნენ. ამ მეთოდის მიხედვით ქართველ ბავშვებს რუსული ენა თვით რუსული ენის მეშვეობით უნდა ესწავლათ, მაშინ როცა ბევრმა მათგანმა გარდა ქართულისა არც ერთი სხვა სიტყვა არ იცოდა. ქართულ ენაზე ლაპარაკი, ან მისი გამოყენება სწავლებაში სასტიკად იყო აკრძალული. შიო ჩიტაძე სასტიკად ილაშქრებდა ასეთი ანტიპედაგოგიური მეთოდების წინააღმდეგ და თან მეცნიერულად , ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღწევების მეშვეობით ასაბუთებდა, რომ სწავლების ასეთი მეთოდებით მოსწავლეთა დაინტერესება და სწავლაში წარმატება დაუშვებელია. იგი იზიარებს პედაგოგიურ მეცნიერებაში ცნობილ ისეთ დიდაქტიკურ პრინციპს, როგორიცაა სწავლებაში ნაცნობიდან უცნობისაკენ, ახლობელიდან შორეულისაკენ თანდათანობითი გადასვლის პრინციპი, რომელიც ცხოვრებამ გაამართლა და პედაგოგიურ პრაქტიკაში სათანადო დასაბუთება ჰპოვა. თუ გვინდა, რომ სკოლამ წარმატება მოუტანოს საზოგადოებას, საჭიროა მოინახოს ბავშვის ბუნების შესაფერისი მეთოდ-ხერხები, მოქნილი საშუალებები, მასწავლებელი სწავლებისას მხოლოდ მაშინ გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას სასწავლო მასალით, როდესაც იგი სწავლების მეცნიერულ შინაარსს ბუნებრივად შეუფარდებს მოსწავლეთა მომზადების დონეს და ასაკობრივ თავისებურებებს, რადგანაც "ყოველ ასაკს სათანადო მასალა სჭირია", რადგან აღზრდისა და სწავლების პრაქტიკამ სავსებით დაასაბუთა, რომ ისეთი სასწავლო მასალა, რომლის დაძლევა აღსაზრდელს არ შეუძლია, ინტერესს უკარგავს აღსაზრდელს, აღიზიანებს მას და რაც ყველაზე უფრო ცუდია, შეიძლება მას სწავლაც შეაძულოს. განსაკუთრებულ ღირებულებას ინარჩუნებს შიო ჩიტაძის შეხედულება იმის შესახებ, რომ პედაგოგიური მეცნიერების წინსვლა-განვითარება და პედაგოგის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატება, ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაზეა დამოკიდებული. მისი აზრით, ფსიქოლოგია ისეთი მეცნიერებაა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მასწავლებელს, "პასუხი გასცეს ცხოვრებაში წამოჭრილ საკითხებს". თავისი ფსიქოლოგიური ხასიათის წერილებში შიო ჩიტაძე ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღზრდისა და განვითარების ურთიერთობისა და აღსაზრდელის პიროვნების განმსაზღვრელ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მემკვიდრეობა და გარემო. იგი არ იზიარებს არც ნატივისტურ თეორიას, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანს დაბადებიდანვე თან დაჰყვება იდეები და აღზრდას ისღა დარჩენია, რომ ხელი შეუწყოს ამ იდეებისა და თვისებების განვითარებასა და გამოვლენას. ასევე არ იზიარებს ემპირიულ თეორიას, რომელიც თვლის, რომ ადამიანი იბადება, როგორც სუფთა დაფა, და ამღზრდელმა ამ დროს ამ დაფაზე უნდა დაწეროს ის, რაც მას სურს, რადგან მემკვიდრეობაში არაფერია მოცემული გარდა იმისა, რომ მას შეუძლია გარედან აღმზრდელობითი ზემოქმედება მიიღოს. ამ რთული საკითხების გარკვევაზე მსჯელობისას სჩანს შიო ჩიტაძის ფართო განათლება და დიდი მომზადება ფილოსოფია-ფსიქოლოგიასა და პედაგოგოკაში. "ფსიქოლოგიურ წერილებში", სადაც იგი ძირითადად აღზრდის მეთოდებს ეხება ყურადღებას ამახვილებს თვისებათა გაცნობა-შესწავლაზე. იშველიებს რუსოს, კომენსკის, გოგებაშვილის, უშინსკის მოსაზრებებს ამ საკითხებთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ "ყველაზე ძნელი ხელოვნება აღზრდის ხელოვნება გახლავთ. აღმზრდელს იმისთანა რთულ არსებასთან აქვს საქმე, რომ საჭიროა ბუნებრივი ნიჭი, შემოქმედება და ცოდნა შეერთდნენ, რომ ცოცხალი არსება(აღსაზრდელი) არ დამახინჯდეს.. ბუნებრივი ნიჭი, შემოქმედება არ შეიძინება. იგია უფასო. მაგრამ ძვირფასი საჩუქარი ბუნებისა და ადამიანს თან სდევს... მაგრამ იგი საკმარისი არ იქნება ბუნებრივ ნიჭს, შემოქმედებას, თუ არ დაურთავს ცოდნას. განცალკავებულად მცირე ნაყოფს მოუტანს და აღზრდის საქმე არ გაკეთდება... ამასთან ერთად აუცილებელია ცოდნა, შესწავლა-აღსაზრდელ ობიექტისა-საგნისა", რასაც მასწავლებელი ვერ შეძლებს ფსიქოლოგიური ცოდნით შეიარაღების გარეშე. შიო ჩიტაძის აზრით ფსიქოლოგია სწავლობს რა ფსიქიკური მოქმედების კანონებს, აღსაზრდელის ცნობიერების, შეგრძნების, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების თავისებურებებს, ამით მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მოზარდი თაობის აღზრდისა და სწავლების პრაქტიკას და ამიტომ იგი პედაგოგებისათვის აუცილებელ მეცნიერებად უნდა ჩაითვალოს. სხვისი ცნობიერების გაცნობის სიძნელე,_ წერდა შიო ჩიტაძე,_ ცხადყოფს მითუმეტეს საჭიროებას ფსიქოლოგიის შესწავლისას იმისათვის, ვისაც სურს აღზარდოს ადამიანი, რადგან მარტო თავისი ძალით ვერ შესძლებს აღსაზრდელის ცნობიერების შეგრძნებას. ეს უკანასკნელი კი საჭიროა აღზრდის საქმისათვის. აღზრდის ხელოვნება კი ძნელი ხელოვნებაა, მეტად რთული, საპასუხისმგებლო შრომაა, და ამ რთულ საქმეს, რომ თავი გაართვა ამისათვის ნიჭთან ერთად სპეციალური მომზადებაა საჭირო. მასწავლებელი გარდა იმისა, რომ თავისი საგნის კარგი სპეციალისტი იყოს, დაუფლებული იყოს პედაგოგიური თეორიის ძირითად საფუძვლებს, სწავლის ხერხებსა და საშუალებებს, იმავდროულად კარგად უნდა ერკვეოდეს იმაშიც, თუ როგორია ადამიანის ცნობიერების ბუნება, როგორ ჩნდება მასში ახალ-ახალი შინაარსი? შიო ჩიტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღზრდისა და სწავლების პროცესების ფსიქოლოგიური ცოდნის აუცილებლობას. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს და შესწავლილი ჰყავდეს თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიური ბუნება, მათი ფსიქიკური მონაცემები და მათზე დაყრდნობით წარმართავდეს სწავლების პროცესს. მისთვის არ უნდა იყოს დაფარული აღსაზრდელის შინაგანი ფსიქოლოგიური ცხოვრების არც ერთი მხარე. უპირველეს ყოვლისა კი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აღსაზრდელის ცნობიერების შესწავლას. ვერც ერთი პედაგოგი წარმატებით ვერ გადაწყვეტს თავის ამოცანებს, თუ მის განკარგულებაში არ იქნება ცოდნა იმ აქტივობის ფსიქოლოგიური კანონზომიერების შესახებ, რომელიც მოსწავლემ უნდა განახორციელოს. მასწავლებელს მხოლოდ ფსიქოლოგიური ცოდნის საფუძველზე შეუძლია სწორად განსაზღვროს რა მოქმედება უნდა შეასრულოს აღსაზრდელმა, რომ იგი აღზრდის მიზნების შესატყვისად განვითარდეს და რა მოტივების საფუძველზე არის შესაძლებელი ასეთი მოქმედების გამოწვევა.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი