პედაგოგიკის მეცნიერების ისტორია მომავალი თაობის განათლების, სწავლებისა და აღზრდის თეორიისა თუ პრაქტიკის კანონზომიერებათა კვლევის ისტორიაა. მისი შემდგომი სრულყოფა წარმოუდგენელია წარსულის ბრწყინვალე წარმომადგენლების ნააზრევის, იდეებისა და შეხედულებების გაუაზრებლად. მათ მიერ წამოყენებული იდეები მნიშვნელოვანწილად დღესაც ასაზრდოებს პედაგოგიკის მეცნიერებას.
XVII-XVIII საუკუნეთა ინგლისელი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, ფილოსოფოსის და მეცნიერის ჯონ ლოკის მოღვაწეობა მკვეთრი შემობრუნებაა პოლიტიკურ-სოციალური, ფილოსოფიური მეცნიერების ასპარეზზე. იგი ახალი მიმართულების დამამკვიდრებელია ფილოსოფიურ, პედაგოგიურ აზროვნებაში. მისმა შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიურ, პედაგოგიურ აზროვნებაზე, და დღესაც მეცნიერ მკვლევართა დიდ დაინტერესებას იწვევს. მისი მდიდარი მემკვიდრეობის ისტორიულ ასპექტში შეფასების შემთხვევაში, იგი შესაძლებელია ჩავაყენოთ თანამედროვეობის სამსახურში.
ქართული ეროვნული სკოლის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია, როგორც სახალხო განათლების სისტემის სტრუქტურის გარდაქმნაზე, პრაქტიკაში შემოწმებული და გამართლებული აქტიური მეთოდების დანერგვასა და სწავლების შინაარსის სრულყოფაზე, ისე სწავლა-აღზრდის საქმეში მოპოვებულ მიღწევათა განმტკიცებაზე, მემკვიდრეობისა და ისტორიზმის პრინციპის სრული დაცვის გზით სასკოლო მუშაობის თვისობრივ გარდაქმნაზე.
ჯონ ლოკის პედაგოგიკური მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა, მისი შეხედულებებისა და მოსაზრებების დღევანდელი ქართული ეროვნული სკოლის წინაშე წამოჭრილი პრობლემებისა და ამოცანების თვალსაზრისით გააზრება, დიდად შეუწყობს ხელს აღზრდისა და განათლების მრავალი აქტუალური და საკვანძო საკითხის გადაჭრას.
ჯონ ლოკის მოსაზრებების თანამედროვე გარდაქმნათა ფონზე გააზრებამ დაგვარწმუნა, რომ მოაზროვნის მიგნებებსა და დაკვირვებებს ჯეროვნად გამოყენება სჭირდება, რამდენადაც ისინი, ეს პედაგოგიკური იდეები და შეხედულებები განათლების, სწავლა-აღზრდის შესახებ არა მხოლოდ ლოკის ეპოქის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, არამედ ჩვენი დროის პედაგოგიური მეცნიერებისთვისაც განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.
იმდროისათვის, როდესაც ჯ. ლოკი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და საკუთარი იდეებისა და შეხედულებების საფუძველზე პრაქტიკულ საქმიანობას, სწავლა-აღზრდის პროცესი გაჟღენთილი იყო სიმკაცრითა და მონური მორჩილებით. ძალაუფლება, ყველა სფეროში წარმოადგენდა ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს. ეს ვითარება კანონზომიერი იყო იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა პროგრესის იდეა, შემოქმედებითი მოღვაწეობის პერსპექტივები. სწავლების პროცესი ეყრდნობოდა სქოლასტიზმის ღრმა ფესვებს. ამ მძიმე პირობებში ჯონ ლოკის შეხედულებები ეყრდნობოდა აღორძინების ეპოქის თვალსაჩინო სულისკვეთებას "თავისუფალი ხალხის თავისუფალი ურთიერთობები". ეს იყო მისი ძირითადი კრედო, რომელსაც იგი იმდროინდელ საზოგადოებას შთააგონებდა.
მისი შეხედულება, მოსაზრება სწავლა-აღზრდის შესახებ თვალსაჩინოდ იკვეთება მის დებულებაში "ჯანსაღ სხეულში – ჯანსაღი სული". ლოკის ეს დებულება ითვალისწინებს ბავშვის სულისა და სხეულის ერთიანობას. ჯანსაღი სხეულისა და სულის ადამიანის, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს იგი შემდეგნაირად ახასიათებს; ადამიანის ორგანიზმის განვითარებისას ბრძოლა მიმდინარეობს ორგანულ ნაწილთა შორის, ასეთივე ბრძოლა მიმდინარეობს ფსიქიკის სფეროში, რაც ქმნის სასურველ პირობებს, მოზარდის ჯანსაღი განვითარებისთვის. ლოკის ეს დებულება ესადაგება მათეს სახარების მე-13 თავში მოცემულ დებულებას, სადაც საუბარია მთესველზე (§1-დან 58-ის ჩათვლით).
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჯ. ლოკი მოზარდის ფიზიკურ წრთობას, ამიტომ იგი ეყრდნობა ჰორაციუსის, რომაელი, გერმანელი და შოტლანდიელი დედების მაგალითებს. ფიზიკური სრულყოფის საფუძველზე იგი მსჯელობს ისეთ პრინციპებზე, რომელთა განხორციელების ძირითადი მიზანია კეთილგონიერი, განათლებული, ჭეშმარიტად ზნეობრივი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც იდეალური "ჯენტლმენის" ფორმირებისათვის არის გათვალისწინებული. "ჯენტლმენის" ჩამოყალიბებაზე მსჯელობისას მოაზროვნე მიუთითებს განათლების ფართო სპექტრის აუცილებლობაზე, რაც მოიცავს ცოდნას სხვადასხვა დარგობრივ სფეროში.