პედაგოგიკა

ლ. ციცაგი

სიუჟეტურ-როლური თამაში სკოლამდელებთან, როგორც უფროსების საქმიანობის თანაზიარობის ფორმა

ცნობილია, რომ სკოლამდელების ცხოვრებაში ქცევის წამყვან ფორმას თამაში წარმოადგენს. იგი იწვევს თვისებრივ ცვლილებებს ბავშვის ფსიქიკაში. თამაშში იგულისხმება ყველა ის აქტივობა, რომელიც ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციებიდან გამომდინარე იმპულსების თავისუფალი ამოქმედების ტენდენციის რეალიზაციას წარმოადგენს (შ. ჩხარტიშვილი). სკოლამდელი ასაკის ბავშვი თავისი ბუნებრივი განწყობის გამო ყურადღების ერთი მიმართულებით საჭირო ხანგრძლივობით მიპყრობის უნარს მოკლებულია და უფრო მეტად თავისუფალ, შინაგან იმპულსებზე დაფუძნებულ ქცევას ახორციელებს. იგი ცდილობს ყველაფერი, რის გაკეთებაც მას უხდება თამაშად აქციოს და კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ღებულობს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღება შეაჩერონ ისეთ საქმიანობაზე, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებს და ხალისით არ ავსებს. მათ ამისათვის არც მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოფნის და არც ნებისყოფა. თუ უფროსისათვის ადვილია წინ აღუდგეს აქტუალური მოთხოვნილების იმპულსებს, პატარა ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.

თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებანი. იგი ხელს უწყობს ყურადღების, მეხსიერების, ნებელობისა და ისეთი ღირებული თვისების განვითარებას, როგორიცაა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. საქმე იმაშია, რომ ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი აქტივობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების რეალიზაციას სკოლამდელი ყველაზე უკეთ თამაშში აღწევს, რომლის დროსაც იგი ეჩვევა საზოგადოებრივი და მორალური მოვალეობის შესაბამისად მოქმედებას და ამავე დროს თამაშის წესების მიხედვით სავალდებულო ქცევის განხორციელება ხელს უწყობს მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებასა და ნებისყოფის განმტკიცებას.

სკოლამდელი ამა თუ იმ დავალებას დიდი ხალისით ასრულებს მაშინ, როცა ამ დავალების შესრულება თამაშის თანმხლები პროცესია და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში ბავშვს სოციალურ-პიროვნული ძალა არ ეყოფა იმისათვის, რომ ესა თუ ის სასწავლო აქტივობა განახორციელოს, რადგან მისი სუსტი ახლადჩასახული "მე" და მოუმაგრებელი ნებისყოფა მას საშუალებას არ აძლევს გაუმკლავდეს შინაგანი აქტუალური მოთხოვნილებების შედეგად აღძრულ იმპულსებს და ის ქცევა განახორციელოს, რასაც მისგან უფროსები მოითხოვენ. სკოლამდელი იმპულსური ქცევის სუბიექტია. მას ჯერ კიდევ სუსტად აქვს განვითარებული აგზნებათა შეკავების უნარი, რის გამოც ადვილად ემორჩილება ძლიერი მოთხოვნილების იმპულსს და უფრო მეტად მომენტალური აწმყოს ინტერესებით ცხოვრობს.

სკოლამდელებთან ც. გახოკიძის მიერ ჩატარებულმა საცდელმა მუშაობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მათი ქცევის სასურველი მიმართულებით წარმართვა ძალზე ადვილია მაშინ, როცა სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანების განხორციელება ბავშვის რომელიმე აქტუალურ მოთხოვნილებასთანაა დაკავშირებული. ც. გახოკიძე სპეციალურად არჩევდა სკოლამდელთა ასაკის შესაფერ და მისაღებ თამაშის სხვადასხვა ფორმას, რაც ბავშვების მოთხოვნილებას აქტიურობასა და გართობაზე აკმაყოფილებდა და იმავდროულად სასწავლო-სააღმზრდელო ამოცანების გადაწყვეტასაც უწყობდა ხელს. ამ გზით სკოლამდელი ფუნქციობის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს და იმავდროულად საჭირო ცოდნასაც იძენს ისე, რომ იგი მისი აქტივობის მიზანდასახულებაში არ შედის. იგი გართობისათვის თამაშობს, გართობისათვის აქტიურობს და ამ აქტივობის პროცესში ცოდნის დაუფლებასაც ახერხებს ისე, რომ ხშირად ვერც კი ამჩნევს, რომ იგი ახალ ცოდნას იძენს.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი