პედაგოგიკა

ნ. ჯაშიაშვილი

ფორმალურ-ლოგიკური აზროვნების დონე საშუალო სკოლაში

V-IX კლასები

უკვე რამოდენიმე ათეული წელია, რაც საშუალო სკოლის მოსწავლეთა აზროვნების დონე სპეციალური კვლევის საგნად არ ქცეულა, მაშინ როდესაც ამ საკითხის გარკვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. იცვლება სკოლის სტრუქტურა, ლაპარაკია ელემენტალურ სკოლაზე საშუალო სკოლის ფარგლებში. იცვლება სახელმძღვანელოები და ა.შ. ასეთ დროს ერთ-ერთი ძირეული საკითხია მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების გარკვევა, ფორმალურ-ლოგიკური აზროვნების დონის დადგენა. ამ ტიპის აზროვნების ძირითადი რგოლია პირობითი მსჯელობის წარმოების უნარი, მით უმეტეს რომ საქმე გვაქვს V-IX კლასების მოსწავლეებთან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ ეს უნარი.

სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისას, ჩვენ ვერ მივაგენით პირობითი მსჯელობის ისეთ მეთოდიკას, რომელიც ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრობლემის კვლევისათვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ფსიქოლოგიის განყოფილებაში შექმნილი და აპრობირებული მეთოდიკა (ი.კოტეტიშვილი, გ. ბერიშვილი).

ექსპერიმენტული მეთოდიკა ასეთი სახისაა: მუყაოს ქაღალდზე (21X13 სმ), დახაზულია ხუთი უჯრა (5X7 სმ). ერთმანეთზე მიყოლებით: "ეს ვითომ გარაჟებია", ვეუბნებით ცდის პირს (ცდა ტარდება ინდივიდუალურად), პირველ, მესამე და მეხუთე უჯრებში ჩახატულია მანქანები, მეორე უჯრა ცარიელია, ხოლო მეხუთე უჯრაზე გამოხატულია კარები ბოქლომით. ცდის პირს ვეუბნებით: "ოთხი გარაჟი ღიაა, ხოლო ერთი დაკეტილი, იქ შეიძლება იდგეს მანქანა, ან არ იდგეს, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. აბა, მითხარი, ახლა ხუთივე გარაჟში რამდენი მანქანა დგას?" მცდარი პასუხის შემთხვევაში (სამი, ოთხი), ცდის პირს ეძლევა დამხმარე კითხვა: 1) "დარწმუნებული ხარ?" თუ ცდის პირი მაინც თავის მცდარ პასუხს იმეორებს, მაშინ ეძლევა მეორე კითხვა 2) "იქნებ, ასე უნდა გეპასუხა, ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი მანქანა დგას ახლა, მაგრამ თუ... გააგრძელე", ეს ფაქტიურად, კარნახია, რომელიც სამწუხაროდ ყოველთვის არ ჭრის და ცდის პირი თავის პასუხს ჯიუტად იმეორებს.

ექსპერიმენტის მასალაზე პასუხის შეფასება ოთხ კატეგორიად დაიყო:

1. ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტის მაჩვენებელი ასაკობრივად V –დან IX კლასამდე იზრდება, რაც მიუთითებს მიღებული შედეგების სანდოობაზე. ძალიან დაბალი მაჩვენებლი გვაქვს V კლასში (5%). პირველი ნახტომი წარმატების მიმართულებით გვაქვს VI კლასში (16%), ხოლო მეორე ასეთივე ნახტომი გვაქვს VII კლასში (27%), შემდეგ კლასებში სურათი არ იცვლება, VII, VIII, IX კლასის ბავშვები, ფაქტობრივად ერთ დონეზე დგანან (საშუალოდ 28%). ეს სურათი გვიჩვენებს, რომ VI კლასიდან ახალი ეტაპი იწყება აზროვნების განვითარებაში და მის მეხუთე კლასთან ერთ სტრუქტურაში განხილვა (ელემენტარული სკოლა) არ არის მართებული. VII კლასის მოსწავლეები უფრო მაღალ დონეზე ადიან და ეს დონე რჩება ბოლომდე. ბავშვების, დაახლოებით, 1/3 ახერხებს ამ კლასებში ტესტში განხილული ამოცანის გადაწყვეტას, რაც განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.

2. მიღებულ შედეგებში ჩვენს ყურადღებას იქცევს ბავშვების ის რაოდენობა, რომლებმაც ორი დახმარების შემდეგაც ვერ გადაწყვიტეს ამოცანა. კლასების მიხედვით მონაცემები კლებულობს, რაც აგრეთვე მიღებული შედეგების სანდობის მაჩვენებელია. VI კლასი აქაც გამოირჩევა, მნიშვნელოვნად დაბლა ეცემა მონაცემები V კლასთან შედარებით (V კლასში – 64%, ხოლო VI კლასში –44%) და მნიშვნელოვანი დაცემა გვაქვს IX კლასში (22%).

3. დახმარების გამოყენება ჩვენ გვაიძულა დამოუკიდებელი გადაწყვეტის მეტად დაბალმა მაჩვენებელმა. პირველი დახმარება, ფაქტობრივად, ბიძგის როლს ასრულებს, დარწმუნებულობის შერყევას ემსახურება და, ძირითადად, მუშაობას იწყებს VI კლასიდან. შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ VI კლასიდან IX კლასამდე, მისი ეფექტი თანაბარია. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ დარწმუნებულობა ფსიქოლოგიურად მსჯელობაა, გასაგებია, რომ VI კლასიდან ასეთი მსჯელობა ფუნქციობას იწყებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვნად სიმპტომატურია, ვიდრე დამოუკიდებელი გადაწყვეტა, რადგან მსჯელობის ფსიქოლოგიური მექანიზმი VI კლასიდან ახალ დონეზე ადის და მერე ერთ დონეზე რჩება ( თუ არ მივიღებთ მხედველობაში მის ოდნავ აწევას IX კლასში-27%). ეს კრიტერიუმი გვიჩვენებს, რომ VI და VII კლასებში, დაახლოებით, ერთ დონეზე დგანან მსჯელობის ფსიქოლოგიური მექანიზმების თვალსაზრისით.

4. მას შემდეგ, რაც დარწმუნებულობის შერყევამ ბავშვებს არ უშველა, ჩვენ მივმართეთ მეორე დახმარებას, რომელიც ფაქტობრივად, კარნახს წარმოადგენს. დახმარების ეს საფეხური პედაგოგიური ზემოქმედების ტოლფასია და მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ბავშვის სენზიტიურობაზე პედაგოგიური ზემოქმედების მიმართ.

შედეგები გვიჩვენებენ ამ ტენდენციის კლებას კლასების ზრდასთან ერთად და მისი საშუალო ეფექტი 17%-ს უდრის. როგორც ჩანს, პედაგოგიური ზემოქმედების ეფექტი ბავშვის ზრდასთან ერთად კლებულობს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწავლების სტილი ერთგვაროვანია V-დან IX კლასამდე, რომელიც დაბალ კლასებში უფრო ამართლებს, ვიდრე მაღალ კლასებში.

5. თელაველი და თბილისელი ბავშვების შედარებისას გამოჩნდა, რომ პირობითი მსჯელობის ფლობის მიხედვით დაბალ კლასებში (V –VI კლასები) თელაველები გაცილებით მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე თბილისელი ბავშვები. დარწმუნებულობის შერყევა თელაველებთან უფრო ძნელად ხდება, ვიდრე თბილისელებთან და პედაგოგიური ზემოქმედება თელაველებთან უფრო მაღალია, ვიდრე თბილისელებთან.

...

 

ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი