პედაგოგიკა

ლ. კურტანიძე

პეტრე ხარისჭირაშვილი და "სიბრძნე კაცობრივი"

XIX საუკუნის II ნახევრიდან სამცხე-ჯავახეთში კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი მესხეთის მკვიდრმა ინტელიგენციამ შეასრულა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პეტრე ხარისჭირაშვილის მოღვაწეობა. მისი თაოსნობით დაფუძნებულ იქნა საზღვარგარეთ – საფრანგეთსა და თურქეთში ქართული კულტურის კერები. იქ შედგენილი დაბეჭდილი წიგნებიდან გამოირჩევა "სიბრძნე კაცობრივი", რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონთობანში დაიბეჭდა 1877 წელს პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ სტამბაში.

წიგნი წარმოადგენს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას. დღემდე მის შესახებ ძალიან მცირე მასალაა მოკვლეული და იგი შეუსწავლელია, როგორც პედაგოგიური, ისე პედაგოგიკის ისტორიის თვალსაზრისით. ამ წიგნის შესახებ ცნობები შემონახულია მესხი მკვლევარის, პედაგოგისა და მეცნიერის ილია მაისურაძის ფონდში, ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სხვა არავითარი ინფორმაცია და გამოკვლევა "სიბრძნე კაცობრივის" შესახებ არ მოიპოვება. იგი შეიცავს საინტერესო სასწავლო დებულებებს, პრაქტიკულ ჩვევებსა და დარიგებებს მოზარდისადმი, რომლებიც ძირითადად ქართული პედაგოგიური აზროვნების გაგრძელებაა, მაგრამ მეტად ორიგინალური ინტერპრეტაციით. განსაკუთრებით მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირი. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი აღზრდის ყველა ძირითად საკითხს მოიცავს. ავრტორი იძლევა ამ ეთიკური კატეგორიების დახასიათებას და ლოგიკურად ასაბუთებს წიგნში გადმოცემული აღმზრდელობითი პრინციპების მნიშვნელობას, პრაქტიკულ-ყოველდღიურ და სულიერ ცხოვრებაში.

"სიბრძნე კაცობრივი" ქართული პედაგოგიური ისტორიის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფურცელია და, ამდენად, იგი საგანმანათლებლო ისტორიის განუყოფელ კუთვნილებას წარმოადგენს.

პ. ხარისჭირაშვილს წიგნისათვის ეპიგრაფის სახით მიუწერია, რომ "სიბრძნე კაცობრივი", "ასწავლის მოზარდს ჭკუას, იგი სრულყოფს მას, როგორც პიროვნებას."

"სიბრძნე კაცობრივი" დაყოფილია თავებად, რომელთა სათაური გაკვეთილების დასათაურების ანალოგიურია, ე.ი. წიგნი მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სასწავლო-აღმზრდელობითი შინაარსის გაკვეთილებს.

გარდა ამისა, პ. ხარისჭირაშვილის აღნიშნული წიგნი ცხოვრებისეულ მრავალ სხვა წვრილმან, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვან საკითხს შეიცავას.

ავტორი გაკვეთილების ნუმერაციისათვის და რიცხვების აღნიშვნისათვის ანბანურ ასოებს იყენებს, რაც წიგნის ძველ ქართულთან სიახლოვეს მიგვანიშნებს. ენობრივადაც ორიგინალური და საინტერესო წიგნია. საერო და საეკლესიო (სწავლების) სიბრძნის ფუნქციური და იდეური ერთიანობის თვალსაჩინო ნიმუშია.

ავტორის აზრით, ეს წიგნი ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს მოზარდს. იგი ჩააგონებს ადამიანს სასიკეთო და საჭირო აზრებსა და იდეებს, რაც ეხმარება მას განსაცდელში და ღვთის სასიკეთო გზაზე აყენებს. წიგნში მოცემულია სათანადო გაკვეთილები, სამოქალაქო კანონები და ცხოვრებისეული მაგალითები. ამიტომ იწოდება იგი , "კაცობრივ სიბრძნედ".

...

 

თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი