პედაგოგიკა

ნ. ყრუაშვილი

ივანე გვარამაძის შეხედულებანი ქართული ენის როგორც აღზრდა-განათლების საფუძვლის შესახებ

ქართული ენის შესახებ საინტერესო პედაგოგიური შეხედულებანი გამოთქვა მესხმა განმანათლებელმა ივანე გვარამაძემ, რომელიც ეკუთვნის განმანათლებელთა სახალხო განათლების დარგის ცნობილ მოღვაწეთა იმ რიცხვს, რომელთა პედაგოგიური იდეები დღემდე შეუსწავლელია.

მესხი განმანათებლის მოღვაწეობისა და მდიდარი მემკვიდრეობის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ იგი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პრაქტიკულ მოღვაწეობას. თავისი მოღვაწეობის სფერომ და ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ საშუალება მისცა შეემუშავებინა საკუთარი შეხედულება ქართული ენის შესახებ.

XIX ს-ის II ნახევარში, რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში, როდესაც გაძლიერდა ქართული ენის დევნა და რეალური საფრთხე შეექმნა მას, პროგრესულად მოაზროვნე და პატრიოტმა მამულიშვილებმა მის დასაცავად გააჩაღეს ბრძოლა. დედაენისათვის ბრძოლა აღნიშნულ პერიოდში იქცა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად საგნად. ამ მოძრაობაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ივინე გვარამაძემ. იგი სამართლიანად აცხადებდა: "ოსმალოს ხელში მღელვარებისა და ვაების დროს ქრისტიანებმა დავიცავით დედა-ენა და ახლა მშვიდობიანობის დროს კი გვტაცებენ". მას კარგად ესმოდა, თუ რა იყო გამიზნული 1886 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, საბოლოოდ რას მოუტანდა იგი ქართულ ერს: "ამ რიგობით (გზით - ნ.ყ.) სომხური ენა უნდა გაამეფონ ჩვენს ეკლესიებში, შემდეგ ჩვენს სამრევლო შკოლებსაც ჩაიგდებენ ხელში და საუკუნოთ მშვიდობით ოსმალოსაგან ვაი-ვაგლახით დაფარულო დედა-ენავ, სომხებისაგან წამებულო დედა-ენავ". მან შესანიშნავად იცოდა, რომ "გაუქმება ენისა" არის ნიშანი ეროვნების მოსპობისა.". ამიტომ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თანამემამულეებს ხმამაღლა მოუწოდებდა: "ნუ გაზრდით შვილებს უცხოთ წესზე - მონური სულით, დროა ქართველებო, გაარჩიოთ მტერი მოყვარისაგან. სტუმრად მოსულთ მასპინძლობის უფლებას ნუ მისცემთ... დროა აღვადგინოთ, დაიცვათ თქვენი ძველთა-ძველი, მდიდარი და საამაყო დედა ენა".

გარდა პატრიოტული დამოკიდებულებისა მას, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს, ჩამოყალიბებული ჰქონდა წმინდა პედაგოგიური შეხედულებანი დედაენის შესახებ. მაშინ, როდესაც იაკობ გოგებაშვილის დედაენას "ეროვნების ბურჯი" უწოდა, ივანე გვარამაძემ – "ერის თავმოყვარეობის დამცველად" მონათლა. მისი აზრით, ყველა ეროვნების ადამიანს მშობლიური ენის შესწავლით უნდა გაეცნო: "თავისი ქვეყანა, თავისი არსებობის ავკარგი, თავისი მოდგმა (ხალხი - ნ.ყ.) თავისი ნათესაობა, ღვთის-მომსახურეობა, საქმე-ყოფა". ამასთანავე, მას გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნდა ის, რომ ბავშვს პირველი დაწყებითი სწავლა მშობლიურ ენაზე უნდა მიეღო. იმიტომ, რომ "თუ არ იცოდეს რიგიან თავის ენა, ღრამატიკა, თვლა-ანგარიში, გვაროვნული ისტორია (ე.ი. ერის ისტორია - ნ.ყ.)" იმისთანა პირს როგორღა სიყვარული მოეთხოვება თავისთავისა, ან მიიჩნევა, ან პატივი." იგი დასძენს: "თუ კაცმა თავისი თავის ღირსება არ იცის, თავის თავდავიწყებული კაცი მოყვასს ვერ შეიყვარებს". ერის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვდა: "საზოგადოდ ყოვლის ღონით უნდა ვეცადოთ საცა ჯერ არს გადაწყდეს, რომ პირველ დაწყებით სწავლას ჩვენს ქართულს ენაზედ პირველი ადგილი ეჭიროს 5 წლამდის, ვიდრე კარგად შეისწავლებოდეს ყოვლად საჭირო საგნები". აქედან კარგად ჩანს, რომ ივანე გვარამაძეს წერა-კითხვის სწავლების საკითხთან დაკავშირებით თითქმის ისეთივე შეხედულება გააჩნდა, როგორც ი. გოგებაშვილს და სხვა განმანათლებლებს. კერძოდ, ი. გოგებაშვილი აკრიტიკებდა კავკასიაში არსებულ დაწყებითი სკოლის კურსს არასაკმარისად მიაჩნდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული სკოლის მსგავსად განისაზღვრებოდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის შესწავლა, ივანე გვარამაძის აზრით, უნდა მომხდარიყო ჯერ ქართული ენის საფუძვლიანი ათვისება, ხოლო შემდეგ მასზე დაყრდნობით სხვა საგნებისა და ენების შესწავლა. მიუთითებდა, რომ ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ "ყველა ენა და საგანი მეტად სიადვილით და რიგიან შეისწავლებაო". ბავშვის გონებრივი, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდის საქმეში მნიშვნელოვან როლს მშობლიურ ენას ანიჭებდა.

გარდა ამისა, მას ქართველ პედაგოგთა მსგავსად აუცილებლად მიაჩნდა რუსული ენის შესწავლა, რაც მშობლიური ენის საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივანე გვარამაძის შეხედულებით, ქართველ განათლებულ ადამიანში უპირველესად უნდა იგულისხმებოდეს ქართული ენის საფუძვლიანი მცოდნე. მისი აზრით, რაც უნდა განათლებული პიროვნება იყოს, თუ მას ქართული ენა საფუძვლიანად შესწავლილი არ აქვს: "სამშობლოს საამისო სარგებლობას ვერ მოუტანს, როგორც მოუტანდა თავის სამშობლო ენის პირველად რიგიან შესწავლით". ამასთანავე მოითხოვდა, რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმოთ მშობლიური ენის სწავლების გაუმჯობესების საკითხისადმი. კერძოდ, არ დაეშვათ ენის დამახინჯება რადგან, მისი აზრით "ენის სიძლიერე ერის სიძლიერის ტოლფასია." იგი სომეხი ხალხის მაგალითზე მიუთითებდა: "ენის ძლიერებამ შეაკავშირა ურთიერთგან დაშორებული ერი". აღსანიშნავია, რომ ივანე გავარამაძე თანამემამულეებს საკუთარი მოღვაწეობით უჩვენებდა მშობლიური ენის დაცვის მაგალითს. არ ერიდებოდა არავის და ყველა საშუალებას მიმართავდა ქართული ენის შენარჩუნებისათვის. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს მისი დამოკიდებულება 1886 წლის 27 თებერვლის ბრძანებისადმი.

აღნიშნული ბრძანების – "კავკასიაში სომეხ კათოლიკეთა სასულიეროთათვის საარხიმანდრიტოს დაარსების შესახებ" - მეექვსე მუხლის საფუძველზე კავკასიისა და ამიერკავკასიის ყველა კათოლიკეთა, როგორც რომის, ისე სომეხ კათოლიკეთა ეკლესიებში, კერძოდ, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის ქართველებს ეკრძალებოდათ ქართული ენის ხმარება ლოცვებისა და ღვთის მსახურობის დროს." ბრძანების საფუძველზე ქართველ კათოლიკეთ სომხურ ენაზე უნდა ელოცათ. ე.ი. ისინი ეროვნული გადაგვარების საფრთხეში აღმოჩნდნენ.

ივანე გვარამაძე არ დაემორჩილა აღნიშნულ ბრძანებას, პირველმა დაარღვია იგი თვითნებურად და ქართულად ატარებდა წირვა-ლოცვას, სხვა მღვდლებიც აიყოლია და საერთოდ ტრაპეზს იგი ყოველდღე ეროვნულის დაცვის საქადაგებლად იყენებდა.

ამგვარად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: ივანე გვარამაძემ დაასაბუთა, რომ "ყოველი ხალხი თავის მშობლიურ ენაზე უნდა ადიდებდეს მოყვასს, ეუფლებოდეს საგანძურს, შეეძლოს მშობლიურ ენაზე წერა, საქმის წარმოება და, რაც მთავარია საკუთარ მამულში არ იგრძნოს უხერხულობა დამპყრობთა ენის უცოდინარობის გამო". იგი მშობლიურ ენაში ხედავდა უდიდეს აღმზრდელობით ძალას. ამასთანავე, ეროვნული უფლებების, კულტურის დაცვისა და ხალხის ყოველმხრივი განვითარების მთავარ საშუალებად დედა ენა მიაჩნდა. ჭეშმარიტი მამულიშვილის ერთ-ერთი ძირითად თვისებად თვლიდა მშობლიური ენის სიყვარულსა და საფუძვლიან ცოდნას. ამიტომ მოძღვრავდა თავის ხალხს: "შევიძინოთ სწავლა-მეცნიერება, შევიყვაროთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი კურთხეული ენა, შევერთდეთ, ხელი-ხელს მივცეთ ყოველს ჩვენს წარმატებულს კეთილ საქმეში".

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის
ახალციხის ფილიალი
სარჩევი