პედაგოგიკა

მ. მიქელაძე

ქართულ საშუალო სკოლაში გერმანიის ისტორიის სწავლების გაუმჯობესების შესაძლებლობები

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახალი ისტორიის სწავლებას ქართულ საშუალო სკოლაში დაეთმოს არა ერთი, არამედ ორი აკადემიური წელი. სასწავლო დროის მომატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს სახელმძღვანელოში ისტორიული მასალის მოცულობა.

სახელმძღვანელოში ძირითადად უნდა გაფართოვდეს ის თემები, რომლებიც წინა გამოცემებთან შედარებით ხელოვნურად შეკვეცილია სასწავლო პროგრამის შეზღუდვის გამო. სხვა საგნებთან ერთად უნდა გავზარდოთ გერმანიის ახალი ისტორიაც, კერძოდ:

1. თემა "რეფორმაცია".

კარგი იქნებოდა, თუკი ამ თემას დაემატებოდა მარტინ ლუთერის ბიოგრაფია და მისი მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები, რათა უკეთესად წარმოჩნდეს მისი უდიდესი წვლილი რეფორმაციულ მოძრაობაში. აუცილებლად მიგვაჩნია მოსწავლეებმა იცოდნენ მარტინ ლუთერის ბიბლიის გერმანულად თარგმნისა და სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში გაწეული ღვაწლის შესახებ.

2. თემა "გერმანული სახელმწიფოები XVII-XVIII საუკუნეებში"

კარგი იქნებოდა თუკი 1618-1648 წლების ოცდაათწლიან ომს სახელმძღვანელოში უფრო ვრცლად გააშუქებდნენ, ჩამოთვლიდნენ ომის მონაწილე მხარეებს, გამოყოფდნენ ომის პერიოდებს.

არ უნდა დარჩეს ჩრდილში დიდი კურფიურსტის ფრიდრიხ ვილჰელმის პიროვნება. უფრო დიდი ადგილი უნდა დაეთმოს ფრიდრიხ II-ს მეფობას. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფრიდრიხ II იყო განათლებული აბსოლუტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. განათლებული აბსოლუტიზმის საერთო დახასიათებას კი სახელმძღვანელოში ცალკე თავი უნდა დაეთმოს.

რაც შეეხება ამ პერიოდის გერმანულ კულტურას, უნდა გაფართოვდეს კულტურის საკითხები, რადგან სწორედ ამ პერიოდში გერმანიაში მოღვაწეობდნენ ისეთი თვალსაჩინო მუსიკოსები და მწერლები, როგორებიცაა გოეთე, შილერი, ბეთჰოვენი. მათი ნაწარმოებები ოქროს ასოებითაა შესული მსოფლიო კულტურის საგანძურში.

1997 წლის VIII კლასის ახალი ისტორიის სახელმძღვანელოში ეს თემა კარგადაა წარმოდგენილი. ამიტომ სახელმძღვანელოს IX კარის II თავი უნდა აღდგეს.

3. თემა "გერმანია საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქაში".

ამ თემის გაშლა იმაზე მეტად, რაც სახელმძღვანელოშია, არაა საჭირო. გარდა ერთი საკითხისა – კარგი იქნებოდა სახელმძღვანელოში აღნიშნულიყო, რომ მიუხედავად ნაპოლეონის მიერ 1805 წელს ავსტრიისა და პრუსიის არმიების განადგურებისა, პრუსიამ ჰპოვა ძალები და ქვეყანაში რეფორმები გატარდა. სწორედ ამან მისცა საშუალება ქვეყანას, რუსეთში ნაპოლეონის ჯარების განადგურების შემდეგ, ჩაბმულიყო ევროპაში გაჩაღებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

4. თემა "გერმანია 1814-1914 წლებში".

ეს თემა 1999 წლის ახალი ისტორიის სახელმძღვანელოში სხვა საკითხებთან შედარებით საგრძნობლად შეკვეცილია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყურადღება მიექცეს შემდეგ საკითხებს: ოტო ფონ ბისმარკის პიროვნება უკეთესად უნდა წარმოჩნდეს დანართში, როგორც ტალეირანი და მეტერნიხი. დიდი ადგილი უნდა დაეთმოს გერმანელი მწერლების ჰაინრიხ ჰაინეს და ძმები გრიმების შემოქმედებას. ამ მხრივ გამოგვადგება ნ. მამუკელაშვილის 1998 წლის სახელმძღვანელოს IX კარის IV თავი.

ახალ სახელმძღვანელოში არასაკმარისად არის ახსნილი გერმანიის იმპერიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფენომენი. ამ მხრივ სამაგალითოა გ. ბოლოთაშვილის X კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც იგი VIII თავში ვრცლად მიმოიხილავს გერმანიის ეკონომიკის განვითარებას.

კარგი იქნებოდა თუკი მოსწავლეებს ავუხსნიდით თუ რატომ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს იმპერატორი და მოხუცი კანცლერი და რატომ გადადგა ბისმარკი.

გ. ბოლოთაშვილის სახელმძღვანელოს მსგავსად (XXVI თავი) ახალ თავში კვლავ ჩავრთავდით საკითხს "საერთაშორისო ურთიერთობები XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში", რათა განვმარტოთ თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკური მიზნები და გეგმები. ამით მოსწავლეებს შეექმნებათ იმდროინდელი მსოფლიოს საერთო პოლიტიკური სურათი და უფრო გაუიოლდებათ პირველი მსოფლიო ომის გაგება.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს იმ აუცილებელ მინიმუმს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას და სასწავლო პროცესის დახვეწას.

 

შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი