სპეციალური ტექსტების კითხვის სწავლებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მათი ლინგვისტური (ლექსიკური, გრამატიკული, სტილისტური, ტექსტის ორგანიზაციის) თავისებურებები.
ზოგიერთი ნაშრომი, მიძღვნილი სამეცნიერო ტექსტის ლექსიკური თავისებურებების განხილვისადმი, აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი დარგების შერწყმა. პირველ რიგში მას ახასიათებს ახალი, მომიჯნავე მეცნიერებების განვითარება. ამას გარდა, კვლევის მეთოდები, რომლებიც ადრე ერთ მეცნიერებას ახასიათებდა, ამჟამად რემდენიმე სხვა დარგშიც გამოიყენება. თანამედროვე მეცნიერების ინტეგრაცია მეცნიერული ლიტერატურის ენაზეც ახდენს გავლენას. 1971 წელს საფრანგეთში გამოვიდა "მეცნიერული ორიენტაციის ზოგადი ლექსიკონი", რომლის ამოცანაც იყო ზოგადმეცნიერული ენის ლექსიკური მარაგის გამოვლენა. ჩვენი აზრით, მეცნიერებათა ინტეგრაციის მზარდი და უფრო და უფრო გაღრმავებული პროცესი შეუძლებელია არ აისახოს ზოგადმეცნიერულ ტერმინოლოგიაშიც. ჩვენ ვეთანხმებით მ.ბ.ვორობიევას, რომ სხვადასხვა დარგის მეცნიერული ტექსტების ზედაპირული განხილვაც კი საფუძველს გვაძლევს, მივიჩნიოთ, რომ დღესდღეობით უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგადი ცნებების არსებობაზე არა ცალ-ცალკე, ზუსტი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის, არამედ ყველა მეცნიერებისთვის. თავისი აზრის საილუსტრაციოდ, მ.ბ.ვორობიევა ორი სიტყვის ისტორიას იხილავს: დინამიკა (დინამიკური) და სტუქტურა (სტუქტურული). მისი აზრით, ეს სიტყვები ლექსიკის ისეთ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელთა წარმოშობა და გავრცელება ახალი მსოფლმხედველობის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. ა.პოლიკარი წერს, რომ დაახლოებით 1825 წელს ფრანგმა ნატურალისტმა დე ბლენვილმა შემოიტანა ბიოლოგიაში ცნება "დინამიკური", რომლის ბოლომდე შეფასება მხოლოდ ახლა არის შესაძლებელი. ორგანიზმის შემადგენელი ნაწილების აღეწერისათვის მან სიტყვა "სტუქტურა" გამოიყენა. ორგანიზმისთვის კი, რომელსაც მოქმედების პროცეში იხილავდა, – სიტყვა "დინამიკა" იხმარება, რომელიც იმ დროს გამოიყენებოდა მხოლოდ ფიზიკის (მექანიკის) გარკვეული დარგის აღნიშვნისათვის. ანალოგიური შენიშვნა შესაძლოა გაკეთდეს სხვა მეცნიერების, კერძოდ, ლინგვისტიკის შესახებ.
მეცნიერების ინტეგრირება გავლენას ახდენს არა მარტო ტერმინების გავცელებაზე, არამედ მათ შექმნაზეც. თუ ადრე მეტაფორულ გააზრებას განიცდიდნენ, როგორც წესი, კონკრეტული ცნებები (მაგ., ველი – ფიზიკაში, მათემატიკაში, ლინგვისტიკაში), ამჟამად ასეთ ცვლილებას განიცდიან ადამიანთა ემოციური ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვებიც. მაგ., მედიცინიდან მოსული სიტყვა "ვირუსი" პოლიტიკური ლექსიკის ტერმინად იქცა შესიტვებაში "სასოწარკვეთილების ვირუსი", იგი გამოიყენება აგრეთვე კომპიუტერულ ტექნიკასა და მხატვრულ ლიტერატურაშიც. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია სპეციალური ტექსტის კითხვის სწავლებისას ყურადღება დავუთმოთ, ერთის მხრივ, ზოგადმეცნიერულ ლექსიკას, მეორეს მხრივ კი, ვიწროსპეციალურ ტერმინოლოგიას ან ზოგადმეცნიერული ლექსიკის ვიწროსპეციალურ მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით, სასარგებლოა შესრულდეს სავარჯიშოები სხვადასხვა მეცნიერების კონტექსტში ერთი და იმავე სიტყვის გაგებაზე (თარგმანზე), მისი როგორც საერთო, "ბირთვული", ასევე ვიწრო მნიშვნელობის დადგენაზე. სტუდენტის ძირითადი სპეციალობის ტექსტების გარდა, სასარგებლოა მონათესავე მეცნიერების ტექსტებსაც მივმართოთ, რათა ამგვარი ლექსიკის გაგების უნარ-ჩვევები უფრო მოქნილი გავხადოთ.