უცხო ენის სიტყვაწარმოების სწავლებისას ნაკლები ყურადღება ექცევა ენის შემსწავლელის მიერ ნაწარმოები სიტყვებისა და კომპოზიტების გამოყენების, დეშიფრაციისა და შექმნის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. ამიტომაც მასწავლებელს უჭირს სწორად დაგეგმოს ამ ენობრივი მოვლენის ახსნა და გავარჯიშება, რაც არასახარბიელოდ აისახება სწავლების შედეგზეც.
დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, თუ რა ხდება მოსაუბრის გონებაში, როცა იგი წარმოებულ ან თხზულ სიტყვას იყენებს. ერთი მხრივ, ასეთი ლექსიკური ერთეული "გამზადებული" დევს ადამიანის გონებაში და მისი რეპროდუქცია ხდება, როცა ამას საჭიროება მოითხოვს. მეორე მხრივ, ენის სიტყვაწარმოების არსენალში არსებული აქტიური მასალის გამოყენებით, მოსაუბრე ახალ სიტყვებს ქმნის. მოსმენისას, როცა ადამიანს ესა თუ ის მოდელი ან აფიქსი ხშირად ხვდება, ლოგიკურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ ანალოგიურად თვითონაც შეუძლია აწარმოოს ახალი სიტყვა ე.ი. სიტყვის წარმოება ხდება სტრუქტურული და სემანტიკური ანალოგიის საფუძველზე.
ახალი სიტყვის შექმნას ან ძველის თავიდან "დაბადებას" მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ აუცილებელი ხდება გონებაში არსებული რაღაც აზრი გამოვთქვათ ერთი სიტყვით. ხშირად ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიტყვა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა მის აზრს, არ არსებობს. კომუნიკაცია მოითხოვს მისგან სასწრაფოდ იპოვოს შესაფერისი სიტყვა, ამ პროცესში ჩართულია მისი სემანტიკური ველები. კომუნიკაცია განაპირობებს აგრეთვე საბოლოოდ ამორჩეულ სიტყვაწარმოებით მოდელსაც. თუ ადამიანი საჭირო სიტყვას ვერ პოულობს, შემდგომი დაყოვნების თავიდან ასაცილებლად, იგი ახალ სიტყვას ქმნის.
დეფინიციური სიტყვაწარმოების მომხრენი თვლიან, რომ ადამიანი აზრის გამოხატვისას გარკვეულ სინტაქსურ კონსტრუქციას მოაქცევს ერთი ლექსიკური ერთეულის ჩარჩოში, იღებს რა ამ კონსტრუქციიდან ერთ-ერთი სიტყვის ძირს, უმატებს მას აფიქსს ან ახდენს მის კონვერტაციას, ან კიდევ თხზულ სიტყვას აწარმოებს, მაგ.,
The situation could not be controlled by any means - the situation was uncontrollable.
The man put his palm on the cards so that no one could see them - the man palmed the cards.
აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერად ადამიანის გონებაში იბადება აზრი, რომელსაც იგი უფრო სხარტად და ლაკონურად გამოხატავს, იყენებს რა მის არსენალში არსებული სიტყვათმაწარმოებელი მორფემების მომენტალურ კომბინაციას.
ზემოაღნიშნული პროცესებია ჩართული კითხვის ან მოსმენის დროს. წარმოებული ან თხზული სიტყვის სემანტიკის გახსნა სირთულეს არ წარმოადგენს, თუ ლექსიკური ერთეულის სიტყვაწარმოებითი მოდელი ნაცნობია. მსმენელი ან მკითხველი ეყრდნობა სიტყვის ძირისა და აფიქსის მნიშვნელობას და ლოგიკურ დასკვნას აკეთებს ნაწარმოები სიტყვის სემანტიკის შესახებ. ლოგიკის მოშველიებით ძნელი არ არის "გაუმჭვირვალე" ლექსიკური ერთეულების გააზრებაც. რაც შეეხება დეფინიციური სიტყვაწარმოების პრინციპებს, შეიძლება ითქვას, რომ პირუკუ პროცესი, ე.ი. დერივატის ან კომპოზიტის სინტაქსურ კონსტრუქციად დაშლა იშვიათად ხდება.