პედაგოგიკა

ნ. დოღონაძე, თ. ჯოჯუა

არტიკლის სწავლება სპეციალურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე

არტიკლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიძნელეს წარმოადგენს ინგლისური გრამატიკის შესწავლისას. ხშირად უმაღლეს კურსდამთავრებულნი ისეთ უხეშ შეცდომებს უშვებენ მის გამოყენებაში, რომლებიც გამონათქვამის შინაარსს საგრძნობლად ცვლიან (მაგ.: only – მხოლოდ და the only – ერთადერთი). ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ქართული ენისთვის ეს უცნობი კატეგორიაა, ისევე, როგორც თვლადობა-უთვლადობის კატეგორია, რომელზეც არტიკლის ხმარება ძლიერ არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ანალოგიების დადგენა მაინც შეიძლება ("a" დაახლოებით ტოლია "ერთის" და "this" - "ამის" - ), ამ მეტყველების ნაწილის ქართულ ენაში არარსებობა სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის არტიკლის სწავლებისას ქართულენოვან შემსწავლელთათვის. ამას გარდა, არტიკლი ისწავლება გრამატიკის სწავლების საწყის ეტაპზე, რის შემდეგაც მას მთლიანად ივიწყებენ. ყურადღებიდან ხშირად ამოვარდება ხოლმე განსაზღვრული არტიკლის გამოყენება კონსტრუქციაში "the + შედარებითი ხარისხი" (the earlier, the better), რადგან იგი არსებით სახელთან არ არის დაკავშირებული. ასეთი კონსტრუქცია, ისევე როგორც არტიკლის სტილისტიკური მიზნებით გამოყენება (მაგ.: it was the John I had known before) სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ისწავლებოდეს, ვიდრე არტიკლის შესახებ პირველადი, ელემენტარული ინფორმაცია (აქ და შემდგომშიც ამ სტატიაში ინფორმაცია არტიკლის ხმარებაზე ეყრდნობა).

სტუდენტები, გრძნობენ რა არტიკლის დამხმარე როლს, მას უმნიშვნელოდ თვლიან. თანაც სავარჯიშოები, რომლებიც მის სწავლებაში გამოიყენება ხოლმე (ჩასვით სათანადო არტიკლი, სადაც საჭიროა; იპოვეთ შეცდომა; აირჩიეთ სწორი ვარიანტი) მექანიკურ და, შესაბამისად, არასაინტერესო ხასიათს ატარებს, რაც არტიკლის დაუფლების მოტივაციაზე აშკარად უარყოფით გავლენას ახდენს.

საჭიროა შემუშავდეს არტიკლის სწავლების საფეხურები და შესაბამისი სავარჯიშოთა კომპლექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ სწავლებაში არსებული სერიოზული ხარვეზები.

არტიკლის სწავლების პირველ საფეხურზე მისი წარმოშობა, შინაარსი და დანიშნულება უნდა აიხსნას და აგრეთვე მისი ორი ყველაზე გავრცელებული გამოყენება: პირველი და მეორადი მოხსენიება, ერთ-ერთი თუ ერთადერთი საგანი.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოხუმის ფილიალი
სარჩევი