მეოცე საუკუნის ბოლო და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი კაცობრიობისათვის წარმოადგენს ინდუსტრიალური საზოგადოებიდან ინფორმაციულ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდს. ამის გამო ინფორმატიკა ხდება ერთ-ერთ ძირითად დისციპლინად საშუალო, სპეციალურ და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში. საჭირო ხდება რადიკალური გარდაქმნები განათლების სისტემაში - ინფორმაციულ საზოგადოებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაც ინფორმაციული უნდა იყოს. ასეთი სკოლის ფუძემდებლური ელემენტი კი არის სასწავლო-შემეცნებითი სივრცის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გარემო განვითარებითი არქიტექტურით. ყოველივე აღნიშნული ავალდებულებს სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს სასწავლო პროცესის ორგანიზაციისას გადაწყვიტოს ორი ძირითადი ამოცანა:
ჩვენი მიზანია განვიხილოთ ის ძირითადი ხერხები, რომელთა დახმარებით შეიძლება ამ ამოცანების გადაწყვეტა.
I. სისტემური მიდგომა. სწავლების ეს ხერხი შეიძლება გამოვიყენოთ სკოლაში ნებისმიერი თემის სწავლების დროს. მაგალითისათვის შეიძლება აღვნიშნოთ რთული ამოცანის ამოსახსნელად მისი დაყოფა პატარ-პატარა ამოცანებად (სტრუქტურიზაცია), ნაბიჯ-ნაბიჯ დეტალიზაცია ალგორითმების აგებისას და ა.შ.
II. სწავლების ჯგუფური ფორმა. ვასწავლოთ მოსწავლეებს სათუთად მოექცნენ არა მარტო კომპიუტერულ ტექნიკას, არამედ სხვა ადამიანების შრომასაც. მივაჩვიოთ ისინი კოლექტიურ შრომას, ურთიერთთანამშრომლობის ელემენტებს. ვასწავლოთ მიღებული ცოდნის გამოყენება, პასუხისმგებლობის აღება მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
განვიხილოთ ორი მაგალითი. პირველი ეხება გაკვეთილს თემაზე: "ქვეპროგრამები გრაფიკასთან მუშაობისას ენა ბეისიკში". ამ თემის შესწავლას ეთმობა ორი გაკვეთილი. ამ გაკვეთილების მიზანია ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება გრაფიკის ოპერატორებთან მუშაობისათვის, ერთობლივი მუშაობის ჩვევების ფორმირება, პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდა ჩატარებული მუშაობისადმი, ესთეტიკური აღზრდა.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ გრაფიკის ოპერატორები, შეძლონ მათი გამოყენება დაპროგრამებისას, აჩვენონ მოდულების გამოყენების უნარ-ჩვევები გრაფიკასთან მუშაობისას. გაკვეთილების ტიპი - განმტკიცების გაკვეთილები (ცოდნისა და უნარ-ჩვევების კოლექტიური გამოყენება); მეთოდი - პროგრამული; ფორმა - ჯგუფური მუშაობა (პირველი გაკვეთილი), პრაქტიკული მუშაობა (მეორე გაკვეთილი); თვალსაჩინოების საშუალებები - ცხრილი "გრაფიკის ოპერატორები", სტრუქტურული სქემები; აღჭურვილობა - კომპიუტერები. დიფერენციაცია: ჰუმანიტარულ კლასებში ეკრანზე გამოსახონ ორნამენტების ვიტრაჟი; მათემატიკურ კლასებში ეკრანზე გამოსახონ მოძრაობა ჩალაგებული ქვეპროგრამებით.