პედაგოგიკა

ზ. მიმინოშვილი

ასაკობრივი საფეხურები რელიგიური განათლებისათვის

თანამედროვე ინფორმაციული საუკუნის წვლილი ახალგაზრდობის სულიერი და პიროვნული ფორმირების საქმეში დიდია. რა გრძნობებს და რელიგიურ იმპულსებსაც წარმოშობს მასმედია ბავშვებში, ოჯახში სკოლაში თუ ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგვიძლია დავინახოთ. ამით სარგებლობენ აგრერიგად მომრავლებული სექტები და ცდილობენ ბავშვთა სულიერი სამყაროს მონადირებას. ამას ემატება რწმენის სფეროში რაციონალიზმის, ემპირიზმის პოპულარული ობივატელური თეოლოგიზმის და ცალმხრივი მორალიზმის შემოჭრა. ამ ფონზე ქრისტიანული აღზრდის მნიშვნელობა მატულობს. ჰუმანიტარული დისციპლინების სწავლებისას კი კაცობრიობის, ცხოვრების გლობალური მნიშვნელობის მოვლენების განხილვა პირდაპირ გვაიძულებს ღირებულებათა სისტემა ქრისტიანული აზროვნების სისტემაში დავინახოთ. ლიტერატურის, ენის, საქართველოს და მსოფლიო ისტორიების, ეთიკის, მითოლოგიის, ესთეტიკის, კულტუროლოგიის, რელიგიების ისტორიის საკითხების გასაგებად იუვენალური ასაკიდანვე უნდა მომზადდეს ქრისტიანული აზრობრივი თუ მენტალური საფუძველი. მის გარეშე ღრმა სულიერი მონაპოვარი ბავშვისთვის მხოლოდ საგაზეთო ინფორმაციის დონეზე დარჩება. ჰუმანიტარული დისციპლინების მასალა თუ არ შეარხევს მოზარდის უღრმეს გრძნობებს, არ შეეხება გულს, მისი ცხოვრების ამ ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში, შემდგომში სულიერი სამყაროს ბევრი მოვლენა მისთვის გაუგებარი და უცხო შეიქმნება. ადამიანთა გულგრილობა ღვთის არსებობისადმი, მოზარდ თაობაში ელემენტარული რელიგიური შემეცნების განუვითარებლობას იწვევს. ბავშვს აღარ ესმის სიტყვის სიცოცხლის მნიშვნელობა, ვერ გრძნობს ლოცვის სიტყვებში დამკვიდრებულ სულს, ვერ აღიქვამს სატაძრო არქიტექტურაში გამოვლენილ მშვენიერებას, გალობაში - ჰარმონიულობას, წმინდანის ცხოვრებაში სიკეთეს, ღვთისმშობლის ცხოვრებაში - სიბრძნეს, მაცხოვრის ცხოვრებაში - ჭეშმარიტებას. ქრისტიანული მოძღვრების შესავლის შესწავლა, მოზარდისათვის უნდა იქცეს ქრისტიანული თავისუფლების მყარი საფუძვლის მიმცემად. ქრისტიანული აზროვნების სიმტკიცე და გამართულობა, თუ კი ადამიანი სიყრმიდანვე დაეშურება მას, ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემასაც გადაჭრის, ამასთან სახელმწიფოებრივ-მოქალაქეობრივ შეგნებასაც დაჰბადებს ახალ თაობაში.

რელიგიური გრძნობის გაღვივება იმ ასაკიდან უნდა ხდებოდეს, როცა კი ბალღი ზღაპრის მოსმენას იწყებს გაფაციცებით. ეს ასაკია ოთხიდან ცხრა-ათ წლამდე. ზღაპარი მოქმედებს ბავშვის გონებაზეც და ტემპერამენტზეც იმდენად, რომ ეხმარება მას ხასიათის გამოსწორებაში. ზღაპრებით ბავშვები იგებენ კეთილისა და ბოროტის, სამართლიანობისა და უსამართლობის რაობას. ზღაპარი, როგორც ხელოვნების ნიმუში, შეიძლება განხილულ იქნას ესთეტიკურ კატეგორიად. ადამიანის ცხოვრების ნაკლოვანებისა და უსამართლობის ასახსნელად ზღაპარი კარგი საშუალებაა, თუმც უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ამბები ფანტასტიკურია.

...

 

საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი
სარჩევი