სოციალური განწყობისა და ქცევის შესატყვისობის საკითხი დღემდე სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება. ცნობილია ისიც, რომ სოციალურ განწყობასა და ქცევას შორის შეუსატყვისობის დროს სოციალური განწყობა შესრულებული ქცევის მიმართულებით იცვლება. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ქცევას მხოლოდ წინასწარი დისპოზიცია ანუ სოციალური განწყობა არ განსაზღვრავს, რომ ყველა ქცევის წინ ხდება სუბიექტის ძალთა ორგანიზაცია იმ გარემო სიტუაციის შესატყვისად, რომელშიც ქცევა უნდა გაიშალოს. სოციალური განწყობის შეცვლა სწორედ ამ ორგანიზაციის შედეგია.
განწყობასთან შეუსატყვისი ქცევა ლიტერატურაში სხვადახვა სახელით გვხვდება: ტერმინით "განწყობისადმი საპირისპირო ქცევა" პიროვნების განწყობისა და ქცევაში გამოვლენილი განწყობის გარედან ხილულ სხვაობაში გამოიხატება; ტერმინში "უთავსებადი" მინიშნებულია პიროვნების შინაგანი მდგომარეობა - შეუსაბამობა, დისონანსი, რომელიც ამგვარმა ქცევამ აღძრა; იგი განისაზღვრება როგორც არანამდვილი, რადგან მასში პიროვნება არასწორად წარმოადგენს საკუთარ თავს, თავის განწყობებსა და გრძნობებს. ამგვარ ქცევას ძირითადად ადგილი აქვს ე. წ. იძულებითი თანხმობის სიტუაციაში, როდესაც სუბიექტი სოციალურ ზეწოლას, კერძო, პირადი შეხედულების შეუცვლელად დაჰყვება. იძულებითი თანხმობის სიტუაციაში ცდისპირს აქვს არჩევანი მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ექსპერიმენტში, განიხილოს ან არ განიხილოს ქცევა. მაგრამ სიტუაცია ისეა აგებული, რომ ფაქტობრივი არჩევანის მიუხედავად ცდის დატოვების სიტუაციიდან გასვლის შესაძლებლობა ნულის ტოლია.
იძულებითი თანხმობის სიტუაციაში განხორციელებული საკუთარი პოზიციისაგან განსხვავებული ქცევა დ. უზნაძის კლასიფიკაციის თანახმად იმპულსურსა და ნებელობით ქცევას შორის შუალედური ქცევის ფორმას განეკუთვნება და ამდენად, როგორც ნებელობითი, ისე იმპულსური ქცევის ნიშნებს ითავსებს. ამგვარი ქცევის ნიმუშად დ. უზნაძე ასახელებს ბრძანებით და შთაგონებით შესრულებულ ქცევას. ამ ქცევას კომპრომისული შეიძლება ეწოდოს.
კომპრომისული ქცევისათვის სპეციფიკურია პიროვნების საწყის განწყობისეულ პოზიციასა და ქცევაში გამოვლენილ, დავალებულ პოზიციას შორის სხვაობის, განსვლის არსებობა. გარდა ამისა, მას სპეციფიკურობას ანიჭებს ქცევის მიღების რაგვარობაც: ქცევა კომპრომისული არ იქნება, თუ სუბიექტი, თუმცა დავალებით, მაგრამ ქცევაში თავის პოზიციას გამოავლენს ან როდესაც ასეთ დავალებებზე უარს არ იტყვის, მაგრამ შეასრულებს ზერელედ ან ფორმალურად.
თუმცა კომპრომისული ქცევა გარდამავალია ნებელობითსა და იმპულსურ ქცევას შორის, მისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს კონფლიქტი და ამდენად, მე-სა და ქცევის ობიექტივაცია, რაც უზნაძის თანახმად, ნებელობითი ქცევის არსებით ნიშანს წარმოადგენს.
ამრიგად, კომპრომისული ქცევისათვის არსებითია პიროვნების საწყის და ქცევაში გამოვლენილ პოზიციას შორის სხვადასხვა სიდიდის სხვაობა. ამავე დროს ამოცანის, ქცევის მიღების ფაქტიც შეიძლება განსხვავდებოდეს სოციალური დატვირთვით, მასში ჩართული პიროვნული ძალებით. სწორედ ეს ორი მომენტი გახდა ჩვენი კვლევის საგანი. კერძოდ, გვაინტერესებდა კომპრომისული ქცევის პროცესში პიროვნების საწყის პოზიციასა და ქცევაში გამოვლენილ პოზიციას შორის სხვაობის შედეგად საწყისი პოზიციის ცვლილების სიდიდის დამოკიდებულება ქცევის მიღების დონესთან, ქცევაში ჩართულ პიროვნულ ძალებთან.