ჯანრი კაშიას მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა უშუალო ანარეკლია წუთისოფლის უკუღმართ ლაბირინთებში ჩაკარგული საოცარი კეთილშობილებისა და მუხლჩაუხრელი რუდუნებისა, რამაც ბუნებრივი ასახვა ჰპოვა პარიზული "ივერიის" პირველივე ნომერში – უბწყინვალესი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის ერთ ნააზრევში: "ეშმაკმა აგორა კამათელი... და ყველამ უმტრო თავისთავს... ფილოსოფოსები არ ირჩევენ მტრებს – მტრებს პოლიტოლოგები ირჩევენ; ისინი ირჩევენ ფილოსოფოსებსაც და აცდუნებენ..." მეოცე საუკუნე ამითაც ტრაგიკული აღმოჩნდა, პლატონს კი სურდა პოლიტიკა ფილოსოფოსთა საქმედ გაეხადა.
ფიქრობთ, ქათქათა ჟურნალის რედაქტორის ცხოვრებისეული კრედო ერთგვარ ქვეტექსტად ეფუძნება მასში გამოქვეყნებულ ნაწყვეტს 100 წელს მიტანებული ემიგრანტის, სოფიო ჩიჯავაძე-კედიას, წიგნიდან "ნასმენ – ნახული", რომელსაც თავის დროზე მიენიჭა ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ დაარსებული საერთაშორისო პრემია სულმნათი ილია ჭავჭავაძისა: "ჩემო უძვირფასესო და ერთადერთავ, ჩემო გენაცვალები... შვილო, ბედს ნუ დაემდურები! შენ დაჯილდოებული ხარ ძვირფასი საუნჯით, რადგანაც დაგყვა დიდი ღვთის ნაპერწკალი – კაცთმოყვარეობა... გააღვივე იგი და მის სითბოში გყავდეს ყველა, ვინც შენს გზაზედ აღმოჩნდება. სწორედ ესაა სულიერი სიმდიდრის მომნიჭებელი, დანარჩენი ყველაფერი (ხორციელი ღირებულების მატარებელი) წარმავალია და, მაშასადამე, ფუჭი... ჩვენი ცხოვრების სავალი გზა, მუდამ ოღროჩოღრო, ხშირად იყო ნაგები პირგალესილი ლოდებით... სამწუხაროდ, ვერც მშობლებმა გასწავლეთ ცხოვრების ხრიკები, დიპლომატია, ამიტომ შენის ბუნებით და ხასიათით დარჩი შენთვის უცხო ხალხში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამუდამოდ დაგეტოვებინა მათი საზოგადოება, მაგრამ, იცოდე – მარტოობას ყველაფერი სჯობს; თუ ცუდის დავიწყებას არ შეეჩვიე, სიკეთის პოვნა გაგიძნელდება... გწერს შენი ძალიან დაღლილი და დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი დედა"; კეთილშობილების საოცარი სევდა, ალბათ, ჟრუანტელს მოჰგვრის სიფაქიზენოსტალგირებულ მკითხველს ამ სტრიქონების წაკითხვისას.
ბატონ ჯანრის მხატვრული თუ მეცნიერული შემოქმედება ტყუილ-მართლით გაჯერებული ქვეყნის უკუნ ღამეში ციცინათელას გამობრწყინებად გვესახება, სადაც ყველაფერს პიროვნული ღირსება წარმართავს. ძალზე ორიგინალური ხელოვანის აზრით, "სავსე ჯიბე არც სავსე გულს ნიშნავს და არც კეთილშობილ ბუნებას... ადამიანის ყოფიერება ვლინდება მთელ თავის დახვეწილობა – ველურობაში, სიბრძნე – სისულელეში... პატივისცემა ზრდილობის ფორმაა, ის ფორმა, რომელიც ოდესღაც ათიათასად ფასობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე აღარ არსებობს: ზრდილობას ჩალის ფასიც არ ადევს და კაცობაც მასზე ათიათასჯერ იაფია... უღირსობის და უკაცურობის კარნავალია დღეს, აღლუმი, ბერიკაობა, მკვდართა მასკარადი... ყეენობა არმაგედონში". ჭეშმარიტმა შემოქმედმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ " უდარდელი დღეს ჩიტიც კი აღარაა". თავად ბატონი ჯანრის ცხოვრებაც აგრერიგად წააგავს ხიდან ხეზე მოფარფატე ჩიტის ყოფას – თავის დროზე ისიც ხომ მოწყვიტეს მშობლიურ ბუდეს! გამოსაზამთრებლად უცხოეთში იძულებით გადა-ფრენილი მაინც ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენს დედაქალაქში აკვირტებული ტოტების საგაზაფხულო ამოსუნთქვასთან ერთად და თავის უფაქიზესი ხვეულებით გვიმდიდრებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, გვილამაზებს ტანჯულ სიცოცხლეს, რომელიც უკანასკნელ წლებში უნებლიეთ დაგვატყდა თავს სრულიად უდანაშაულოებს. ჩვენ საოცრად გვიყვარს ბატონი ჯანრი, და სრულიად ბუნებრივია, რომ მასაც ყველანი ვუყვარვართ. ეგების ამიტომაც ერგება შორეულ ნათესავად თბილისის ლურჯი მონასტრის სანახებში ამოზრდილი ჭადრის ფოთოლი მდინარე სენაზე გადამდგარ ვერხვის ფოთოლს?!
ქართულე-ვროპული ინსტიტუტის არსებობა ერთი შეუფერადებელი რგოლია იმ დიდებული კავშირისა, რომელსაც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა ჰქვია. ძველ ეპოქებს რომ არ გადავსწვდეთ, XIX საუკუნის საქართველოში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა დააწერინა დიდ ალექსანდრე დიუმას შესანიშნავი წიგნი. ქართველი ერის საპატიო შვილობაც ეთქმის იმ ფრანგს, რომელმაც ღვიძლ ენასავით შეიყვარა ქართული, ღრმად შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები და გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ნაშრომები. იგი არის "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი გამომცემელი (ნიკო ჩუბინიშვილთან და ზაქარია ფალავანდიშვილთან ერთად). მანვე გამოსცა ქართული ენის გრამატიკა და, საერთოდ, მისი მაღალმეცნიერული გამოკვლევებით საფუძველი ჩაეყარა ფუნდამენტურ ქართველოლოგიას ევროპაში. ეს ფრანგი გახლდათ აკადემიკოსი მარი ბროსე. ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ქართულის სხვა ენებთან ნათესაობის პრობლემა განიხილა არა მხოლოდ ცალკეულ ლექსემათა შეპირისპირების გზით, არამედ გარკვეულ გრამატიკულ მოვლენათა ერთიანობის ჩვენებით.
ამ ორი ქვეყნის ურთიერთობიდან განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ ფრანგი ხალხის გულისხმიერებას ქართველებისადმი, რამაც მათ დიდებულ მამულში წარმოქმნა ქართველთა დასახლება თუ საუკუნო განსასვენებელი ლევილი, რომელმაც შეიფარა დიდი ექვთიმე თაყაიშვილი – "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი". საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ფართო გასაქანი მისცა კალისტრატე და ნინო სალიებს ეროვნულ საქმეთა საასპარეზოდ. პარიზული "ბედი ქართლისა" კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ფრანგმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანა ბედი ქართლისა. ამის დასტურია ისიც, რომ კალისტრატე სალიას "ქართველი ერის ისტორიას" მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური პრემია.
აღარაფერს ვამბობთ "ვეფხისტყაოსნის ფერთა-მეტყველების" საყოველთაოდ აღიარებულ შემოქმედზე, პროფესორ ვიქტორ ნოზაძეზე და სულ უკანასკნელ ხანებში პარიზის ტელევიზიის მიერ თითქმის ზეცაში გადაღებულ კლიპზე " შატილის ასულო", რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის – "ერისიონის" მოღვაწეობას და რომელსაც ვერც ერთი ქართველი უცრემლოდ ვერ უყურებს; მისი შემქმნელი ფრანგი კინორეჟისორი პასკალ ჟორდანი წარდგენილია საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდებაზე.
ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული საქმე არ ჩამკვდარა პარიზში. დღეს სალიებს გამგრძელებელი გამოუჩნდათ პროფესორ ჯანრი კაშიას სახით. იღვაწო ეროვნული მეცნიერებისა და კულტურისათვის საზღვარ-გარეთ, ეს ჭეშმარიტი გმირობაა. ბატონ ჯანრის იმდენად აცისკროვნებს მამულიშვილური გრძნობა, რომ იგი სძლევს შეუძლებელს და სრულიად მარტო ეჭიდება იმ საქმეს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამომცემლობა სჭირდება. ეს ლიტონი სიტყვები არ არის, რადგან ბატონი ჯანრი თავადაა კომპიუტერისტიც, გამომცემელიც და, რაც მთავარია დამფუძნებელიც. ეს აუნაზღაურებელი, ფასდაუდებელი საქმეა.