XV-XVI საუკუნეების ინგლისში სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა ვითარდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებში. საშინაო საცალო ვაჭრობასთან ერთად ვითარდებოდა საგარეო საბითუმო ვაჭრობა. საგარეო ვაჭრობის გაფართოების შედეგად შეიქმნა ხელსაყრელი პირობა კაპიტალის დაგროვებისა და კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებისათვის.
XV საუკუნის ინგლისის საგარეო ვაჭრობისთვის დამახასიათებელი იყო ამ ვაჭრობაში მონაწილე უცხოელ ვაჭართა ჰანზელების, იტალიელების, ნიდერლანდების, ფრანგების და ესპანელების დიდი სიჭარბე.
საინტერესოა როგორი იყო სამეფო ხელისუფლების და ადგილობრივი ვაჭრების დამოკიდებულება უცხოელების მიმრთ?
უცხოელ ვაჭართა მოჭარბება ინგლისის საგარეო ბაზარზე XV საუკუნეში იწვევდა ინგლისელ ვაჭართა უკმაყოფილებას. ისინი პროტესტს უცხადებდნენ მათ სხვადასხვა ფორმით, უცხოელ ვაჭართა ფაქტორიებზე თავდასხმებითა და მათი უფლებების შეზღუდვით.
ინგლისელი ვაჭრები ცუდად ეპყრობოდნენ უცხოელ ვაჭრებს, უწუნებდნენ ან მიწაზე ყრიდნენ მათ საქონელს, რასაც მოჰყვებოდა ხოლმე ჩხუბი და უწესრიგობა.
1483 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა მეფე უდუარდ IV, ლორდ-მეფემ გასცა ბრძანება, რომ ქალაქში ვაჭრებს შეენარჩუნებიათ სიმშვიდე და წესრიგი, არ დაეშვათ აყალ-მაყალი უცხოელ ვაჭრებთან.
უცხოელი ვაჭარი არ შეიძლება ყოფილიყო ბროკერი (მაკლერი). 1485 წლის 18 მარტს ვაჭარ-ავანტიურიტთა კომპანიის საბჭომ სპეციალურად დაადგინა, რომ არც ერთი უცხოელი არ უნდა ყოფილიყო მაკლერი. ბროკერი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ადგილობრივი ინგლისელი "თავისუფალი ვაჭარი".
უცხოელ ვაჭრებს მეფის განსაკუთრებული წერილობითი ბრძანების გარეშე უფლება არ ჰქონდათ დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად ინგლისში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისჯებოდნენ სიკვდილით.