ილია ჭავჭავაძე "ივერიის ფურცლებზე პერიოდულად ბეჭდავდა "შინაურ მიმოხილვებს", რომლებშიაც გარკვეული ადგილი ეჭირა საქართველოში რუსეთის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, კონკრეტულად რა როლს ასრულებდა ამ პოლიტიკის რეალიზაციაში სახელმწიფო ქონების რუსული სისტემა.
სახელმწიფო ქონების მართვის უწყება ცარიზმის ბიუროკრატიული აპარატის შემადგენელი ნაწილი იყო და იმპერიის მასშტაბით ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზანს ემსახურებოდა. საქართველო მასში ჩართული აღმოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც იგი რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს. ქართველმა ხალხმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, დაკარგა საკუთრების უფლება ეროვნულ ტერიტორიასა და ბუნებრივ რესურსებზე.
ცარზმი თავდაპირველად დაეუფლა ქართული სახელმწიფოს (ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს, ცოტა მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს სამთავროებს), ქართველი მეფე-მთავრებისა და სამეფო სახლის წევრთა ქონებას. შემდეგ, თანდათანობით, სახაზინო საკუთრებად გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მსხვილ ფეოდალთა კონფისკაციაქმნილი მამულები, საეკლესიო მიწები, ყოველგვარი შემოსავლის წყარო. საიმპერიო მთავრობა დაბეჯითებით ცდილობდა სახაზინო საკუთრებაში მოექცია, აგრეთვე, მწარმოებელი მოსახლეობაც, რასაც შედეგად მოჰყვა სახელმწიფო გლეხთა, როგორც დამოუკიდებელი წოდების ჩამოყალიბება და მისი შემდგომი ზრდა-კონსოლიდაცია.
სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად ქცეულ საქართველოში რუსეთის მთავრობას, მახლობელ აღმოსავლეთში ფართო დაპყრობითი გეგმების განსახორციებლად, თავმოყრილი ჰყავდა ჯარების დიდი რაოდენობა. გამუდმებული ომები, ამიერკავკასიის უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შენახვა მნიშვნელოვან ხარჯებს მიოთხოვდა. ეს კი შესაძლებელი ხდებოდა ახალი გადასახადების გაწერითა და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენებით, რაშიაც სახელმწიფო ქონების სამინისტრო გადამწყვეტ როლს ასრულებდა.