ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

გ. მაჭარაშვილი

პაპისტური მსოფლიო კრებების უარყოფა ქართველთაგან და ეკლესიური ერთობის დარღვევა რომთან

XI-XIII საუკუნეთა ქართული სამართლებრივი ძეგლების მიხედვით

საეკლესიო კრებათა მოწვევის ტრადიცია პირველ ქრისტიანთა საზოგადოებიდან მომდინარეობს. იმ დროიდან მოკიდებული საეკლესიო კრება მოიაზრებოდა როგორც ეკლესიური ერთობის სიმბოლო. ეს კი თავისთავად მეტყველებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

წმ. კვიპრიანე კართაგენელის ეკლესიოლოგიური სწავლების თანახმად, ეკლესიის ერთობა თავის გარეგნულ გამოვლინებას უპირატესად საეკლესიო კრებაში პოვებს და უშუალოდ საეკლესიო კრება წარმოადგენს ეკლესიური ერთობის უმაღლეს (ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვან) საფეხურს.

ამიტომაც იყო, რომ მართლმადიდებელ აღმოსავლეთში (და, რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც) იმთავითვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა საეკლესიო კრებას (მეტადრე კი მსოფლიო კრებას) და მის დადგენილებებს, როგორც საეკლესიო კანონმდებლობის ძირითად წყაროებს.

მსოფლიო კრება ყოველთვის მოიაზრებოდა უმაღლეს საეკლესიო-საკანონმდებლო ორგანოდ; მისი შეუვალი ავტორიტეტის წარმოსაჩენად კი საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მთელი ეკლესიური სავსება ერთხმად აღიარებდა მისი განწესებების უცთომელობას.

განსხვავებულ ვითარებას ვხვდებით იმ შემთხვევაში, როცა კონფესიური გათიშულობა იჩენდა თავს. მაგალითად 449 წელს ეფესოში შედგა მონოფიზიტური მსოფლიო კრება, რომელიც მართლმადიდებელთა მიერ ავაზაკთა კრებად იქნა გამოცხადებული. ანალოგიურად ეკიდებოდა მართლმადიდებელი აღმოსავლეთი ლათინთა მსოფლიო კრებებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე გარკვევა იმისა, თუ როგორ დამოკიდებულებას იჩენდა საქართველოს ეკლესია პაპისტური მსოფლიო კრებებისადმი, უდავოდ წარმოადგენს საკვანძო საკითხს იმ თარიღის დაზუსტებისათვის, თუ როდისთვის უნდა მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის გამიჯვნა რომაელი პაპისტების საკრებულოსაგან.

ამჯერად ჩვენ ყურადღება მივაქციეთ XI-XIII ს-თა ქართულ, როგორც საეკლესიო საკანონმდებლო, ასევე საერო სამართლებრივ ძეგლებს, რომლებიც გვაწვდიან გარკვეულ ცნობებს მსოფლიო კრებათა შესახებ და ეს მონაცემები შევადარეთ XIII საუკუნის ბოლომდე მოწვეული პაპისტური მსოფლიო კრებების რიგს. ჩვენს მიერ განხილული ქართული საბუთებია: "სიგელი ბაგრატ მეფისა მღვიმის ლავრისადმი" (1057/8 წ.), "რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა" (1103/4 წ.), "სიგელი თამარ მეფისა გელათისადმი" (1187 წ.), "დაწერილი მღვიმის კრებულისა ტოხაისძეებისადმი" (1189/1200 წ.), "დაწერილი მღვიმის კრებულისა ზოსიმესადმი" (დაახლ. 1200 წ.), "დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი" (1247/50 წ.), "დაწერილი კახა თორელისა რკონის ღმრთისმშობლისადმი" (1260 წ.) და "დაწერილი ნიკოლაოზ ქართლის კათალიკოზისა არვანბეგ საბასძისადმი" (1281/2 წ.).

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი