"- იცით რატომ გადმოვიდა იმერეთიდან ლუარსაბ II და რატომ მიუვიდა შაჰაბასს?" - ჰკითხა ერთხელ ივანე ჯავახიშვილმა თავის ასპირანტს ვ. გაბაშვილს. მისი პასუხი, რომ მოისმინა, თურმე გაიცინა და სთქვა: "ჰო, შეიძლება ეგრეც ყოფილიყო, მაგრამ სხვა მიზეზიც იყო. იმერეთის მეფე გიორგიმ იმერეთის მეფე ლუარსაბთან თანაყოფაში ფეხი-ფეხზე შემოიდო. ძველ საქართველოში უფროს-უმცროს შორის ეს უზრდელობად ითვლებოდა. ლუარსაბ მეფემ ითაკილა, იმერეთიდან ქართლში გადმოვიდა. ქართლის მეფე ხომ უფროსად თვლიდა თავს ქვეყნის პოლიტიკურ დაშლილობის დროსაც". ამ ფაქტის შესახებ არჩილიანის მონაცემების მოშველიებით რ. ბურჭულაძე ასკვნის: "ლუარსაბ II-ის ტრაგიკული ნაბიჯი, შაჰთან გამოცხადება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა როგორც იმერეთის სამეფო კარზე ყიზილბაშთა დემარშის ნაყოფი, არამედ ქართული სამეფო ეტიკეტის დარღვევის უშუალო შედეგი".
ეს მაგალითი თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საზოგადოებაში საუკუნეთა წიაღში გამომუშავებული ჩვეულებები ანუ ის "დაუწერელი კანონები", რომელთაც ეტიკეტი ეწოდება. მაინც რა მოხდა? რატომ გახდა ასეთი მძაფრი კოლიზიების გამომწვევი ეტიკეტის დარღვევა? ეტიკეტის დარღვევა მძაფრად განიცდება იმიტომ, რომ იგი დამკვიდრებული ფასეულობის ხელყოფად მიიჩნევა.
ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით ეტიკეტის დარღვევა შემდეგნაირად აღიქმება: უფროსის წინაშე უმცროსი მოკრძალებით უნდა იყოს - ეს იყო ძველ საქართველოში მოქმედი ნორმა, რომლის გამოხატულებაა უფროსთან ფეხი-ფეხზე გადადებით დაჯდომის აკრძალვა, ე.ი. არათავისუფლად ყოფნა: პირს, სუბიექტს უნდა ახსოვდეს, რომ მასთან ერთად უფროსი იმყოფება, რაც მას მოკრძალებისაკენ, არათავისუფლად, არანებისაებრ ყოფნისაკენ მიუთითებს, მოუწოდებს. ამდენად, უფროს-უმცროსს შორის ურთიერთობა გარკვეული ფასეულობის მქონეა და მისი ნიველირება იწვევს თავად ამ სუბიექტის, ერთი მხრივ, როგორც უფროსის და, მეორე მხრივ, როგორც უმცროსის, სტატუსის გაუქმებას. ადამიანთა საზოგადოება კი მისი წევრების გარკვეული სტატუსის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს, რადგანაც არ იარსებებდა არანაირი წესრიგი და იბატონებდა მხოლოდ ქაოსი, როგორც ეს ადამაინთა ჩამოყალიბებამდე ივარაუდება. ადამიანი რომ ადამიანი გახდა, ესაა შედეგი იმისა, რომ მან შეძლო გაეთვითცნობიერებინა თავისი ყოფა და მისთვის სარგებლიანობის ნიადაგზე თანდათანობით მიანიჭა გარკვეულ საგნებსა და მოვლენებს გარკვეული ფასეულობები, რომელიც ასევე თანდათანობით გაფორმებულ იქნა გარკვეული წესების, ჩვეულებების სახით.