ძიება ხორციელდება Western European(windows) კოდირებაში

Civil Education - NPLG

ფაქტები და მოვლენები აზრი, პოზიცია, კომენტარი

ხელისუფლება

 დიალოგი

აჭარის ხელისუფლება

„კმარა”

ედუარდ  შევარდნაძე

რეგიონები

ასლან აბაშიძე

„რუსთავი 2”

მიხეილ სააკაშვილი

ხავერდოვანი რევოლუციის მაგალითები

დაუმორჩილებლობის  კომიტეტი

 

 

2003 წლის 2-23 ნოემბერს მომხდარი „ვარდების რევოლუცია“, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც გასული საუკუნის  მიწურულს აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში განხორციელებული ხავერდოვანი რევოლუციების გამოცდილება თავისებურად გაიზიარა და თავის სივრცეში გადმოიტანა. წლების განმავლობაში  ქვეყანაში არსებული ვითარებით გამოწვეული საზოგადოების აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის მიმართ, მისი მზაობა რადიკალური რეფორმებისა და არსებითი ძვრებისათვის, ქართული „ვარდების რევოლუციით“დაგვირგვინდა.

 

„ვარდების რევოლუცია“ უპირობოდ დიდი პოლიტიკური მოვლენაა. მან არსებითად შეცვალა არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკათა პოლიტიკური ცხოვრება. საქართვლოს გამოცდილებამ ბიძგი მისცა 2004 წელს უკრაინაში წარმატებით დასრულებულ „ნარინჯისფერ რევოლუციასა“ და ყირგიზეთის „ტიტების რევოლუციას“.

 „ვარდების რევოლუციამ“ გარდატეხა შეიტანა, საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო ცნობიერებასა და ცხოვრებაში. ეს იყო საზოგადოების პროტესტი იმ სრული სტაგნაციის, კორუფციის, უკანონობის, ეროვნული ნიჰილიზმის მიმართ, რამაც წლების განმავლობაში მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს საზოგადოებაში.

  „ვარდების რევოლუციას“ უდიდესი გამოხმაურება მოყვა ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ის თანმიმდევრულად შუქდებოდა უცხოურ მედიაში. მრავალი ქვეყნის საზოგადოება გამოხატავდა ინტერესს მის მიმართ და გამოთქვამდა მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.

 დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიაშიც ეს მოვლენა, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. სწორედ ქართული საგამომცემლო მედიის ინფორმაციების მიხედვით შეიქმნა პროექტი, სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“. პროექტი ეყრდნობა სხვადასხვა ქართული პერიოდული გამოცემიდან შერჩეულ მასალას.  ამ მასალებში სხვადასხვაგვარად შუქდებოდა როგორც უშუალოდ მოვლენათა ქრონიკა, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლთა მხრიდან გამოთქმული მკვეთრი პოზიციები, განსხვავებული აზრები და შეხედულებები.

 პრესაში გამოქვეყნებული მასალების სიმრავლის გამო, ბუნებრივია, პროექტში ვერ მოხერხდა უკლებლივ ყველა სტატიის განთავსება. თუმცა, ვთვლით, რომ შესრულებული სამუშაო მეტ-ნაკლებად სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა „ვარდების რევოლუციის“ ძირითად ტენდენციებსა და მიმართულებებზე.   

 „ვარდების რევოლუციის“ განხილვა 2003 წლის 2 ნოემბრის  საპარლამენტო არჩევნებისაგან დამოუკიდებლად წარმოუდგენელია. რამდენადაც, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლოგიკური გაგრძელებაა. სწორედ ამ მასობრივად გაყალბებულმა არჩევნებმა, საზოგადოების ნების უგულებელყოფამ, გამოიწვია ქართველი ხალხის თამამი პროტესტი, რომელმაც სამკვირიანი დაძაბულობისა და აქტიური პოლიტიკური ცხოვრების შემდეგ უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია. განვითარებულ მოვლენებში არსებითი როლი ითამაშა, როგორც პოლიტიკურმა, ასევე საზოგადოებრივმა სპექტრმა. ხელისუფლება, ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები, საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები და უბრალოდ საქართველოს მოქალაქენი ღიად გამოხატავდნენ საკუთარ, ხშირად ურთიერთსაპირისპირო პოზიციას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქართულ მედიაშიც ამ მოვლენებმა არაერთგვაროვანი ასახვა პოვა. 

 სამოქალაქო განათლების ცენტრში განხორციელებული პროექტი  საპარლამენტო არჩევნების ჩარჩოშია განხილული. მისი მომზადებისას ცენტრი ეყრდნობოდა ქართული პრესის წამყვან გაზეთებში („24 საათი“, „ახალი თაობა“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ახალი ვერსია“, „დილის გაზეთი“, რეზონანსი“ და „კვირის პალიტრა“) გამოქვეყნებულ მასალებს. 

თანმიმდევრულად გაშუქდა 2003 წლის 2 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე განვითარებული მოვლენები. ყურადღება დაეთმო საქართველოს მოსახლეობისადმი მიხეილ სააკაშვილისა და  ოპოზიციის სხვა ლიდერების  მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მიმართვებს,  პოლიტიკოსების ინიციატივით გამართულ აქციებსა თუ შეხვედრებს, სხვადასხვა რეგიონის აქტიურ ჩართვას მიმდინარე პროცესში, ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის შექმნას, მის ფუნქციონირებასა  და  ინიციატივებს.  ახალგაზრდული არასმათვრობო ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივობასა და მის მერ განხორციელებულ არაერთ აქციას. მედიის, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი 2- ის აქტიურ მონაწილეობას რევოლუციის პროცესში.

 ღიად დაფიქსირდა პოზიციები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის წარმომადგენელთა მხრიდან. ანალიტიკოსების, პოლიტოლოგების,  სახელოვნებო და კულტურის  მოღვაწეთა შეფასებები და კომენტარები.

  პროექტში აისახა საკითხები, რომლებიც ეხებოდა რევოლუციამდელი მთავრობის პოზიციას, მისი წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ პროგნოზებს, შეხვედრებს პროკურატურასა და კანცელარიაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძისა და  „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“  როლს „ვარდების რევოლუციაში“, მათ თანამშრომლობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აბაშიძის ვიზიტებს  მოსკოვში, ბაქოსა და ერევანში.  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლებსა და მის დამოკიდებულებას განვითარებულ მოვლენებთან, კომპრომისის ძიების გზებს, ძალოვანთა რეაქციებსა და ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესს.