იდიომი წყარო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



აბუჩად აგდება

აბუჩად აგდება - არაფრად ჩაგდება, ანგარიშის გაუწევლობა, დამცირება (აბუჩი უხამსი სტუმარი - საბას ლექსიკონის მიხედვით)

ადამის ჟამიდან - უხსოვარი დროიდან

ადამის ჟამის - ძველის-ძველი

ადამის შვილი - ადამიანი, ძე ხორციელი.

ადამის ხნის - დიდი ხნის, ძალზე მოხუცი; ძველებური

ავ თვალს არ ენახვება - ძალიან კარგია, ლამაზია, მშვენიერია.

აზრზე არ არის - არ იცის (რამე), წარმოდგენა არა აქვს (რისამე შესახებ)

აინუნშიც არ მოსდის/ აინუნშიც არ აგდებს - ფიქრადაც არ მოსდის, ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს (არაბულად აჲნუნ ნიშნავს თვალს)

აირია მონასტერი - არეულობა და უთავბოლობა გამეფდა, უწესრიგობა დაიწყო

აკვნის დარწევა (რისამე) - წარმოშობა, ჩასახვა, აღმოცენება (რისამე)

ალილო და ხვალაო - ამასაც მალე ვნახავთ, ესეც მალე გამოჩნდება, (ალილო ძველისძველი სიმღერაა, რომელსაც შობის წინა ღამეს მისალოცად კარდაკარ სიარულის დროს ასრულებდნენ)

ალიყურის ჭმევა - სილის გაწვნა

ალმაცერად ყურება/ალმაცერად ცქერა - უნდობლად, ეჭვით მოკიდება

ალმურის აკვრა (სახეზე)/ალმურის ასვლა (სახეზე) - გაწითლება, ალეწვა

ალღოს ართმევა/ალღოს აღება - წინასწარ მიხვედრა, გაგება, შეტყობა; შეგუება, თავის გართმევა

ამ სოფელს აღარ არის - უგრძნობლადაა

ამ ქვეყანას დაბრუნება - რაიმე მძიმე სენისაგან გადარჩენა

ამ ქვეყნისა აღარ არის - მომაკვდავია

ამერიკის აღმოჩენა - რაიმე ისეთის თქმა ან მტკიცება, რაც საყოველთაოდ ცნობილია

ამინ და კირიე-ელეისონ! - მორჩა და გათავდა! მეტი რაღა გინდათ?! (ბერძნულად კირიე-ელეისონ ნიშნავს: უფალო, შეგვიწყალენ)

ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა - არეულობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის

ანგარიშის გასწორება - სამაგიეროს გადახდა, მიზღვა, შურისძიება

ანგარიშის გაწევა/ანარიშის მიცემა- გათვალისწინება, მხედველობაში მიღება, ყურადღების მიქცევა

ანგელოზების დაფრთხობა - შეშინება, დაფრთხობა

ანგელოზმა ჩამოიარა - სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს. ხალხის რწმენით ანგელოზები ამქვეყნად ღმერთის სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ჩამოდიან ზეციდან. სახლებს მაშინ ჩამოივლიან, როცა იქ სრული სიჩუმეა. ამიტომ, როცა სახლში ყველა უცებ დაჩუმდება, იტყვიან, ანგელოზმა ჩამოიარაო.

ანდერძის აგება/წესის აგება - განადგურება, მოსპობა, ბოლოს მოღება. მაგ., ხომ არ გინდათ, ხელად ანდერძი აგიგოთ ბიჭიან-ბატონიანად (ა.ცაგარელი)

ანკესზე წამოგება - მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა

არამკითხე მოამბე - მეტიჩარა, ის ვინც სხვის საქმეში თვითნებურად ერევა

არახუნებს მოშლილი წისქვილივით - უაზროდ ლაპარაკობს

არაფერ შუაშია/რა შუაშია - ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა; (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის

არც აცივა, არც აცხელა - სწრაფად, ანაზდად, დაუყონებლივ ჩაიდინა (რამე)

არც მწვადი დაწვა, არც შამფური - ისე მოხერხებულად (ეშმაკურად) გააკეთა საქმე, რომ არც ერთ მხარეს ავნო, არც მეორეს, არავის აწყენინა.

არც ღვინო, არც წყალი - უხეირო, უგერგილო. მაგ., უმცროსი რძლები ხომ არც წყალი იყვნენ და არც ღვინო (ბანოვანი)

ასე გასინჯეთ! - თქვენ წარმოიდგინეთ!. მაგ., ...შეიქმნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გასინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდლობდა, სიცილი შეეკავებია (აკაკი)

აუტკივარი თავის ატკივება - არასახათაბალო საქმის სახათაბალოდ გახდა, (თავისი) თავის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება

აფრის აშვება - დაურიდებლად მოქცევა, აწყვეტა

აქილევსის ქუსლი - ვისიმე ან რისამე სუსტი მხარე, სუსტი ადგილი (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, უდიდესი გმირის - აქილევსის - ერთადერთი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, ხოლო მისი სხეულის სხვა ნაწილები ყოველგვარი მახვილისათვის უძლეველი იყო)

აღგვა პირისაგან მიწისა - მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა

აღდგომის გათენება/აღდგომის დღის მოსვლა/აღდგომის დღის გათენება - ძლიერ გახარება, აღფრთოვანება, შვების გრძნობა (რაიმე შემთხვევის გამო)

აღვირის ამოდება - შეზღუდვა, დამორჩილება

აღვირის აშვება - თვითნებურად მოქმედების დაწყება, გათავხედება, თავის აშვება

აღვირის მიშვება - თავისუფლად, შეუზღუდველად მოქმედების უფლების მიცემა

ახლად დაბადება/მეორედ დაბადება/მეორედ შობა - რაიმე კარგის, მეტის-მეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებელის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება

ბაბილონის გოდლის აშენება - ღრიანცელი, უაზრო ხმაური, არევ-დარევა, უთავბოლობა. (ბიბლიის მიხედვით, ბაბილონის ძლიერი სამეფოს შემქმნელმა ვინმე ნიმროდმა, მთელ ქვეყანაზე გაბატონების მიზნით, დაიწყო გოდოლის ანუ მაღალი კოშკის აშენება, რომელიც ცას უნდა მიბჯენოდა. ნიმროდის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა გოდოლის უმარავ მშენებელს აურია ენა - თითოეული მათგანი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და, ამდენად, მოუსპო ურთიერთგაგებინების საშუალება. ამან გამოიწვია უთავბოლობა, არევ-დარევა და მშენებლობის ჩაშლა).

ბადეში გაბმა/ბადეში გახვევა - გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა

ბადის გაბმა - მახის დაგება, საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა

ბაი-ბუ(რ)ად არ აგდებს - არაფრად აგდებს, ყურსაც არ იბერტყავს, ყურადღებას არ აქცევს

ბანის მიცემა - აყოლა, გამოხმაურება; დადასტურება, დათანხმება

ბარგის აკვრა - წასვლა, აყრა, სამყოფი ადგილის დატოვება.

ბდღვირის ადენა - განადგურება, გაცამტვერება; ცემა, ზურგზე ბოლის ადენა

ბედის გაღიმება - მოულოდნელად კარგი რამის შემთხვევა, ბედის წევა.

ბედის გაშავება - გაუბედურება

ბედის ვარსკვლავი - საყვარელი არსება; საქმრო, საცოლე

ბედის კარზე მიდგომა - ბედნიერი შემთხვევის მოსვლა

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული - ბედნიერი, ცხოვრებაში ხელმომართული

ბევრმა წყალმა ჩაიარა (რისამე შემდეგ) - დიდი დრო გავიდა (რისამე შემდეგ)

ბეწვზე ჰკიდია - საფრთხეშია, განსაცდელშია

ბეწვის ხიდზე გავლა - საფრთხის, განსაცდელის გამოვლა

ბეჭდის დასმა - კვალის დაჩნევა, დაღის დასმა

ბიაბრუდ გახდა - შერცხვენა, შეურაცხყოფა, გაბიაბურება (სპარსულად ბიაბრუ ნიშნავს: უპირისწყლო, უსინდისო)

ბიძაშვილების მოსვლა - ძჲლის მოკიდება

ბნელეთის მოციქული/ბნელეთის ქურუმი - რეაციული, შავბნელი პიროვნება

ბოლთის კვრა/ბოლთის ცემა - მცირე მანძილზე წინ და უკან სიარული (მეტწილად დაფიქრებული ან გაბრაზებული)

ბოლოს მოღება - მოსპობა, განადგურება; მოკვლა; დამთავრება, დასრულება; შეწყვეტა

ბრმა იარაღი - ვისიმე ნებასურვილის (ჩვეულებრივ, არაკეთილსინდისიერისა) შეუგნებლად აღმსრულებელი

ბუზანკალის შეძრომა - ახირებული მოქცევა, მოულოდნელად წყენა, გულის მოკვლა; აწრიალება

ბუზების თვლა (ჭერში) - უსაქმურობა, უქნარობა, გულხელდაკრეფილი ყოფნა

ბუზიც არ აფრენია - ცუდი არაფერი მოსვლია, დამშვიდებულად არის

ბუზსაც ვერ აუფრენს - ვერას უზამს, ვერაფერს დააკლებს, თითსაც ვერ დააკარებს

ბურთის გატანა/ლელოს გატანა - გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება

ბურთისა და მოედნის დარჩენა - გამარჯვება, მდგომარეობის სრულ ბატონ-პატრონად გახდომა, სამოქმედო ასპარეზის დარჩენა. მაგ., (ლუარსაბი) თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი (ილია)

გამოსავლის მონახვა - მდგომარეობაში გარკვევა, მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა

განკითხვის დღის დადგომა/განკითხვის დღის მოსვლა/განკითხვის ჟამის მოსვლა/დადგომა - შავი დღის, დანაშაულზე პასუხისმგებლობის დროის დადგომა

გველის ხვრელში გაძრომა - მიზნის (უმთავრესად სამარცხვინოს, ბოროტის) მისაღწევად ყოველი ღონის ხმარება. მაგ., რაც უნდა ძნელი საშვარი იყოს, გველის ხვრელში გაძვრება და იშოვნის. ძალადობა არაფრად არ მიაჩნია (გ.წერეთელი)

გვერდებში გაჯდომა (რისამე) - რისამე (აზრის, გრძნობის...) შეჩვევა, შეგუება, მოწონება, გატკბობა

გვერდის ავლა/გვერდის აქცევა/გვერდის ახვევა - უყურადღებოდ დატოვება, ანგარიშის გაუწევლობა

გვერდის დამშვენება - ვისიმე გვერდით ყოფნა, გვერდში დგომა

გვერდში ამოდგომა - დახმარების გაწევა, შველა, გვერდში ამოდგომა, მხარის მიცემა

გვერდში ამოყენება (ვისიმე) - მუდმივ დამხმარედ, თაბამებრძოლად გახდა (ვისიმე)

გზაზე დადგომა - გარკვეული გეზის აღება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად

გზაზე დაყენება (ვისიმე) - გზის გაკაფვა, გეზის მიცემა, დახმარების გაწევა

გზა-კვალის აბნევა/გზა-კვალის არევა - დაბნევა, სწორი გზიდან აცდენა, თავგზის აბნევა

გზას გადაცდენა - სწორი გზიდან აცდენა; მოტყუება

გზ(ებ)ის მოჭრა - შებოჭვა, თავისუფლად მოქმედების საშუალების შეზღუდვა

გზიდან ჩამოცილება (ვისიმე) - თავიდან მოცილება, ჩამოშორება (ვისიმე)

გზის გაკაფვა - დაბრკოლებათა გადალახვა, წინსვლის პირობების შექმნა, გზის გაკვლევა

გზის გამრუდება - სწორი გზიდან აცდენა, ცუდ გზაზე დაყენება

გზის განათება - გეზის, მიმართულების მიცემა, გზის გაკვლევა

გზის გახსნა - გასაქანის მიცემა, რისამე (მოქმედების, წინსვლის, განვითარების...) შესაძლებლობების შექმნა

გზის დახლართვა - გზა-კვალის არევა, დაბნევა

გზის დახშობა/გზის შეკვრა - დაბრკოლებათა შექმნა, მოქმედების (განვითარების...) საშუალების მოსპობა

გზის მანათობელი ვარსკვლავი - დამხმარე, გზის მაჩვენებელი, გეზის მიმცემი, კეთილისმყოფელი

გლეჯა მოადინა (სადმე) - უცებ თავი ამოყო (სადმე)

გოლგოთას შედგომა - ტანჯვა-წამების, მძიმე ცხოვრების გზის დაწყება. (გოლგოთა არის მთა პალესტინაში, რომელზედაც, სახარების მიხედვით, ჯვარს აცვეს იესო ქრისტე)

გონების ამღვრევა - აღელვება, აღშფოთება, შავ ფიაქრებში გახვევა

გონების დაკარგვა - დაბნევა, არევა, თავგზის აბნევა

გონს მოგება/გონს მოსვლა - ჭკუაზე მოსვლა, მიხვედრა (რისამე), გამორკვევა; გრძნობაზე მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება

გრძელი დღე არა აქვს - დიდხანს ვერ იცოცხლებს, მალე მოკვდება

გრძელი ენა აქვს - ზედმეტი ლაპარაკი იცის, ყბედია, ენატარტალაა

გუდა-ნაბადის აკვრა/გუდა-ნაბადის აკრეფა - აბარგება, სამყოფელი ადგილის დატოვება, სხვაგან წასვლა

 გუდას პირი მოხსნა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო

გულზე არ ახატია (ვინმე) - არ უყვარს, არ მოსწონს (ვინმე)

გულზე გადაგდება (რისამე) - დავიწყება (რისამე). მაგ., არ იქნა, ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა

გულზე გადაყრა - დავიწყება (რაიმე ცუდი განცდისა), დამშვიდება, გართობა (რაიმე ცუდი განცდის შემდეგ)

გულზე გასკდომა - ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება

გულზე გახეთქა (ვისიმე) - ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება, შეშინება (ვისიმე)

გულზე გველმა უკბინა - გამწარდა, უცებ რისამე გამო შეშფოთდა

გულზე დაბეჭდვა (რისამე) - კარგად, საფუძვლიანად დახსომება, გულში ჩაჭედვა (რისამე)

გულზე ვარდის გადაფენა - გახარება, აღფრთოვანება, სიამოვნების განცდა. მაგ., ეთერსაც იმის დანახვაზე გულს ვარდი გადაეფინა (ვ.ბარნოვი)

გულზე კბენა - გულის ტკენა, შეწუხება, წყენა

გულზე ლოდის დაწოლა/გულზე მძიმე ლოდად დაწოლა- დადარდიანება, დაღონება, შეწუხება, სულის შეხუთვა

გულზე მალამოს მოცხება - დამშვიდება, სიამოვნების განცდა. მაგ., ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულზე მალამო მოსცხეს მის გაფიცხებულ გულს (გ.წერეთელი)

გულზე მოსვლა - გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა

გულზე მოშვება - დამშვიდება, დარდის, ჯავრის გადაყრა, გულს მოფენა

გულზე მოხვედრა (რისამე) - მკვეთრად განცდა, გულთან ახლოს მიტანა (რისამე)

გულზე შემონთება - შეწუხება, აღელვება, გაბრაზება

გულზე შემოყრა - გრძნობის დაკარგვა, გულის შეწუხება, გულის წასვლა

გულზე ცეცხლის მოკიდება - გაბრაზება, გამწარება, დატანჯვა

გულზე ხელ(ებ)ის დაკრეფა -  უსაქმოდ ყოფნა, უმოქმედობა, სიზარმაცე

გულზე ხელის დადება - სიმართლის თქმა, მართლის აღიარება

გულთან ახლოს მიტანა (რისამე) - განცდა (რისამე), თანაგრძნობის გაწევა, გულთბილად მოკიდება

გული არ მისდის (ვინმეზე, რამეზე) - არ უნდა (რამე); არ მოსწონს, არ იზიდავს (ვინმე, რამე)

გული არ აქვს - გულქვაა, უგულოა; გულგატეხილია, გული აქვს აცრუებული, ხალისი არა აქვს

გული ეთანაღრება - გულს აკლია, უკმაყოფილოა, გულნაკლულოდაა

გული ერჩის - ძლიერია, გულადია, საბრძოლო განწყობილებაზეა

გული ეუბნება/ გული უთხრობს - გრძნობს, წინათგრძნობა უკარნახებს

გული მისდის - გული უწუხს, გულზე ეყრება, გრძნობა ეკარგება

გული მიუწევს (ვისკენმე, საითკენმე) - (ვინმესთან) ყოფნა სურს; (სადმე) წასვლა უნდა

გული საგულეს აქვს - არ ეშინია, დამშვიდებულია, დაიმედებულია, თავი ქუდში აქვს

გული უთქვამს (ვისთვისმე) - ეტრფის, უყვარს

გული უკვდება - ძლიერ სწყინს, განიცდის, აწუხებს (რამე)

გული უტირის - შეწუხებულია, განიცდის, გული უკვდება

გული უცემს (ვისთვისმე) - ეტრფის, უყვარს, მოსწონს (ვინმე), გული უთქვამს (ვისთვისმე)

გული ყელში სჩრია - ნერვიულია, ფიცხია, ადვილად ბრაზდება

გული შესტკივა (ვისთვისმე) - ებრალება, თანაუგრძნობს, მზრუნველობას უწევს (ვისმე)

გულიდან ამოგდება/გულიდან გადაგდება(რისამე, ვისიმე) - დავიწყება, გულიდან ამორეცხვა (რისამე, ვისიმე)

გულიდან ამოგლეჯა/გულიდან ამორეცხვა/გულიდან ამოღება (რისამე, ვისიმე) - დავიწყება, შეძულება, გულიდან ამოგდება (რისამე, ვისიმე)

გულიდან ამოხდომა (რისამე) - გრძნობით წარმოთქმა (რისამე)

გულიდან გადავარდნა (რისამე) - გადავიწყება, დავიწყება (რისამე)

გულიდან გადაყრა (რისამე) - დავიწყება (რისამე)

გულიდან ლოდის აცლა/ახსნა - რაიმე სადარდელის მოშორება, გულზე მოშვება

გულის აგდება (ვინმეზე, რამეზე) - გულის აცრუება, ვისამე ან რისიმე მიმართ ინტერესის დაკარგვა, გულის გატეხა, გულის აყრა

გულის ადუღება - სიბრალულით ავსება, გულის აჩუყება; გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა

გულის ამოსკვნა - ბევრი ტირილი, ქვითინი

გულის ამოჭმა - გაწამება, გატანჯვა; თავის მობეზრება, შეწუხება

გულის ამოჯდომა - აქვითინება, ატირება, გულის ამოსკვნა

გულის ამრევი - საზიზღარი, საძაგელი, თავის მომაბეზრებელი, ცუდი, უვარგისი

გულის ამღერება - გახარება, სიამოვნების შეგრძნება

გულის ანთება - გაბრაზება, გულის მოსვლა

გულის ატოკება - რაიმე (უმთავრესად სასიამოვნო) გრძნობის გამოწვევა (მოწონება, შეყვარება), გულის აჩქროლება

გულის აფანცქალება - აღელვება (მოუთმენლბის ან სიხარულისაგან)

გულის აღრენა - აღელვება, აღშფოთება, გაბრაზება, განრისხება

გულის აყრა (ვინმეზე, რამეზე) - შეძულება (ვისიმე, რისამე), გულის აცრუება (ვინმეზე, რამეზე)

გულის აჩუყება/გულის აჩვილება - გრძნობათა მორევა, ტირილის ხასიათზე მოსვლა

გულის აჩქროლება - რაიმე გრძნობის (გახარება, წყენა..) განცდა, გულის ატოკება

გულის აცრუება - ვისამე ან რისიმე მიმართ ინტერესის დაკარგვა, გულის გატეხა, გულის აყრა

გულის აძგერება - აღელვება

გულის ბუდიდან ამოვარდნა - აღელვება

გულის გაგმირვა - მწვავე ტანჯვის, ტკივილის მიყენება, გულის მოკვლა

გულის გაგრილება - გაგულგრილება, გულის გაცივება, გულის აყრა; დამშვიდება

გულის გადაბრუნება - შეშინება, შეძრწუნება, გულის გახეთქვა, ელდის დაცემა

გულის გადატრიალება/გულის გადაქანება - შეშინება, შეწუხება, გულის გახეთქა, ელდის დაცემა, გულის გადაბრუნება

გულის გადაყოლება - გართობა, თავის შექცევა

გულის გადაშლა/გულის გადახსნა - გულის ნადების გამჟღავნება, საიდუმლოს თქმა, გამხელა

გულის გაკეთება - გამხნევება, დაიმედება, წახალისება, გულის გამაგრება

გულის გამაგრება - გამხნევება, დაიმედება, ნუგეშისცემა, დამშვიდება, გულის გაკეთება

გულის გამოცვლა (ვინმეზე) - ვისიმე მიმართ განწყობილების, დამოკიდებულების შეცვლა (კარგისა ცუდად, ცუდისა კარგად)

გულის გაპარვა - გულის შეწუხება, გულზე შემოყრა

გულის გაპობა - მწარედ დანაღვლიანება, გულის მოკვლა

გულის გასივება - ძლიერ გაბრაზება, შეწუხება

გულის გასკდომა - შეშინება, შეძრწუნება

გულის გატეხა - იმედის, რწმენის დაკარგვა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა

გულის გაქვავება - გულქვა, შეუბრალებელი გახდომა

გულის (კარების) გაღება - საიდუმლოს გამჟღავნება, გულის გადაშლა; გამხიარულება

გულის გაწვრილება - შეწუხება, გულის გაწყალება

გულის გაწყალება - შეწუხება, თავის მობეზრება, უსიამოვნების მიყენება, გულის გაწვრილება

გულის გახევება - გულის გაქვავება

გულის გახეთქა - შეშინება, შეძრწუნება (ვისიმე); გაბრაზება, გაჯავრება (ვისიმე)

გულის გახსნა - გულის ნადების, საიდუმლოს გამხელა, გულის გადაშლა; გამხიარულება, კარგ გუნებაზე დადგომა

გულის დადაგვა - შეწუხება, მწარედ განცდა რისამე, გულის დათუთქვა, გულის დაწვა

გულის დადება - გულმოდგინედ, მუყაითად მოპყრობა, შეგუება (რისამე)

გულის დათუთქვა - დადარდიანება, დანაღვლიანება, შეწუხება, განცდა რისამე, გულის ტკენა, გულის დადაგვა

გულის დაკოდვა - შეწუხება, გულის დაწყვეტა, გულის ტკენა

გულის დალევა - შეწუხება, მოთმინების დაკარგვა

გულის დამძიმება - შეწუხება, გულის ტკენა

გულის დარჩენა (სადმე) - გულის დაწყვეტა (საიდანმე) წასვლის გამო

გულის დასერვა - წყენა, გულის ტკენა, გულის დაკოდვა

გულის დაღრღნა - შეწუხება, მოსვენების მოსპობა

გულის დაცხრომა - დამშვიდება

გულის დაწვა - წყენა, გულის ტკენა, გულის დაწყვეტა

გულის დაწყვეტა - წყენა, შეწუხება, გულის ტკენა

გულის დახურვა - განცდათა და გრძნობათა გაუმჟღავნებლობა

გულის დუღილი - გამწარება, წუხილი, დარდი, ბოღმის მოწოლა

გულის ვარდი - სატრფო, საყვარელი არსება

გულის იარა - დარდ-ნაღველი, გულის ტკივილი

გულის მიცემა/გულის მოცემა - გამხნევება, გამბედაობის მომატება

გულის მობრუნება - წყენის დავიწყება, კვლავ კეთილად განწყობა

გულის მოგება (ვისიმე) - (ვისიმე) მიმხრობა, გადაბირება; თავის სასარგებლოდ განწყობა (ვისიმე), გულის მონადირება

გულის მოკვლა - გამწარება, დაღონება, გულის დაკოდვა, მწარედ გულის ტკენა

გულის მოლბობა - დამშვიდება, დაწყნარება, დაშოშმინება; გულის მობრუნება; შებრალება

გულის მონადირება (ვისიმე) - გადაბირება, მიმხრობა, თავისადმი კეთილად განწყობა, გულის მოგება (ვისიმე)

გულის მოოხება - გულის მოჯერება; დარდის, მწუხარების გაქარვება

გულის მოსვლა - გაჯავრება, გაბრაზება, წყენა

გულის მოფხანა - ჯავრის ამოყრით სიამოვნების მიღება, გულის მოოხება

გულის მოჯერება - რაიმე მოთხოვნილების, სურვილის დაკმაყოფილება, გულის მოოხება

გულის ნადები - საიდუმლო სურვილი, ნაფიქრი

გულის პასუხი - სურვილი, გულის ნადები

გულის პოვნა - მოსულიერება; მადის გაღვიძება, გუნებაზე მოყვანა (შეუძლებლად მყოფისა)

გულის საუნჯე - ძვირფასი, სანუკვარი

გულის სიტყვა - სურვილი, გულის ნადები, გულის პასუხი

გულის სიღრმეში ჩაწვდომა - გულის ნადების გაგება და მისი მოწონება

გულის სწორი - სატრფო, მიჯნური

გულის ტკენა - წყენა, დანაღვლიანება, შეწუხება, გულის დაწყვეტა

გულის ტკივილი - დარდი, მწუხარება

გულის ტრიალი - შიში, ღელვა

გულის ფიცარზე დაბეჭდვა (რისამე) - კარგად, საფუძვლიანად დახსომება

გულის ყელში გაჩრა - ტირილის ხასიათზე მოსვლა, გულის ამოჯდომა

გულის ყელში მობჯენა - გაბრაზება, გაჯავრება, სულის შეხუთვა (ბრაზისაგან, ჯავრისაგან), გულზე ცეცხლის მოკიდება

გულის შევარდნა (ვინმეზე) - მოწინება, შეყვარება (ვისიმე)

გულის შეკუმშვა - შეწუხება, დადარდიანება, გულის ტკენა

გულის შეცვლა - განწყობილების, ხასიათის შეცვლა, დამოკიდებულების შეცვლა (ვისიმე მიმართ); გულის აყრა

გულის ჩათხრობა - დადარდიანება და განმარტოება

გულის ჩახვევა - დარდ-ნაღველის, გულის ნადების გაუმჟღავნებლობა, გულის ჩათხრობა

გულის ჩვენება - გულღიად მოპყრობა, გულკეთილობის დანახვება

გულის წაღება - შეწუხება, თავის მობეზრება

გულის წყლული/გულის ჭრილობა - დარდ-ნაღველი, გულის ტკივილი

გულის ხმა - აზრი, ფიქრი, გულის ნადები

გულისყურის მოკრება - ყურადღების მიქცევა, დაკვირვება

გულმა რეჩხი უყო - შეკრთა, შეცბა, გული შეუტოკდა

გულმა უთხრა - იფიქრა

გულს ასკდება - ბოღმა, ბრაზი ახრჩობს, გულზე სკდება

გულს მოშვება - დამშვიდება, ჯავრის, დარდის გადაყრა

გულში ამოჭრა (რისამე) - განზრახვა, მტკიცედ გადაწყვეტა, გულში ჩადება (რისამე)

გულში აქვს (რამე) - განზრახული აქვს რამე, ფიქრობს (რასმე)

გულში გავლება (რისამე) - გაფიქრება, აზრად მოსვლა, განზრახვა (რისამე)

გულში დამარხვა (რისამე)/გულში ჩამარხვა (რისამე) - დაფარვა, გულში შენახვა, გულში ჩახვევა (რისამე)

გულში დაჭრა - შეწუხება, გულის ტკენა, გულის დაკოდვა

გულში თქმა - გაფიქრება, აზრად მოსვლა

გულში ისრის გაყრა - გამწარება, გაწამება, დატანჯვა

გულში მოხვედრა (რისამე) - განსაკუთრებულად განცდა (რისამე)

გულში შენახვა (რისამე) - დაფარვა (რისამე); დამახსოვრება, გულში ჩამარხვა

გულში ჩავარდნა (ვისიმე, რისამე) - მოწონება, შეყვარება (ვისიმე, რისამე)

გულში ჩახედვა - ვისიმე გრძნობა-განცდათა შეტყობა; თანაგრძნობის გაწევა

გულში ჩახვევა (რისამე) - დაფარვა, გულში ჩამარხვა (რისამე); დახსომება (რისამე)

გულში ცეცხლის დანთება - გაბრაზება, გაჯავრება, გულზე ცეცხლის მოკიდება; აღელვება

გულში ცეცხლის ტრიალი - მწუხარება, მღელვარება, მწარე განცდების გამო გულის ტკივილი

გულხელის დაკრეფა - უსაქმოდ ყოფნა, უმოქმედობა, სიზარმაცე

გუნდრუკის კმევა - ხოტბის, ქება-დიდების შესხმა, პირფერობა. (გუნდრუკი ერთ-ერთი ტროპიკული ხის ფისი, რაც საკმევლად იხმარებოდა)

გუნებაში გავლება (რისამე) - გაფიქრება, აზრად მოსვლა, გულში გავლება (რისამე)

გუნებაში დაჯდომა (რისამე) - მოწონება, დასაშვებად მიჩნევა (რისამე)

გუშინდელი ღლაპი - სულ ახალგაზრდა, გამოუცდელი

დაბალი ღობე - სუსტი, უძლური, ადვილად დასაჩაგრავი, აბუჩად ასაგდები (ვინმე)

დავთრების არევა - დაბნევა, თავგზის აბნევა, გზა-კვალის არევა

დათვური სამსახურის გაწევა - სარგებლობის ნაცვლად ზიანის მოტანა

დანა კრიჭას არ უხსნის - გაჯავრებულია, გაბრაზებულია, გულმოსულია, კრიჭაშეკრულია, ხმას ვერ იღებს

დანა ყელთან აქვს მიბჯენილი - უკიდურეს გაჭირვებაშია, გამოუვალ მდგომარეობაშია

დაფნის გვირგვინის დადგმა- დიდებით, შარავანდედით შემოსვა

დაღის დასმა - კვალის დაჩნევა, ბეჭდის დასმა

დედაბუდიანად მოთხრა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება

დედამიწამ პირი უყო - უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დედამიწამ ჩაყლაპა, მიწამ პირი უყო

დედამიწას არ ასცილებია - ძალიან პატარაა, ტუჩებზე რძე არ შეშრობია

დედამიწის ზურგზე - მთელ ქვეყანაზე, მსოფლიოში

დევი ყურით არ დაუჭერია - რაიმე განსაკუთრებული ვაჟკაცური საქმე არ გაუკეთებია

დიდ გულზე ყოფნა - უშიშრად, ამაყად ყოფნა

დიდი გული აქვს - ამაყია, მედიდურია, ქედმაღალია; გულმაგარია, დიდ გულზეა

დიდი დღე არა აქვს - დიდხანს ვერ იარსებებს, ხანმოკლეა, მალე მოეღება ბოლო

დილის სიოს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს

დრო იხელთა - ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა

დროს გატარება - გართობა, ქეიფი, ლხინი

დროს მოკვლა - საქმის უქონლობის დროს როგორმე გართობა და დროს ისე გატარება

დროს მოჭმა - არსებობის დროს დასრულება, ცხოვრების გზის ბოლომდე გავლა; დაბერება, დაძველება, თანამედროვეობისათვის შეუფერებელი გახდომა

დუღს და გადმოდის - უხვადაა, ბლომად არის (ქონება, სიკეთე...), სიცოცხლით სავსეა (ცხოვრება)

დღე და ღამის გაერთიანება/გასწორება - ძალიან ბევრი, გამუდმებული შრომა (დღეცა და ღამეც)

დღეები დათვლილია (ვისიმე, რისამე) - (ვისიმე, რისამე) აღსასრული მოახლოებულია, მალე მოკვდება, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ვინმე)

დღის სინათლეზე გამოტანა - გამომჟღავნება, გამოაშკარავება, მხილება (რაიმე დაფარული ამბისა)

ეზოს ატალახ(იან)ება/კარის ატალახ(იან)ება - მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა

ეკლებზე ზის - მოუსვენრადაა, მოთმინება არ ჰყოფნის

ეკლიანი გზა - გაჭივება, ცხოვრების ძნელი გზა

ელეთმელეთის მოსვლა - შეშინება, თავზარის დაცემა; ძალზე გახარება, სიხარულისაგან, სიამოვნებისაგან დაბნედა

ენა მხარზე აქვს გადაკიდებული - ბევრი ლაპარაკი იცის, ლაქლაქაა, ენატარტალაა

ენა უსწრებს - ზედმეტს, უადგილოდ, დაუფიქრებლად ლაპარაკობს, ენა წინ უსწრებს

ენა უჭრის - კარგი, მოხერხებული, მახვილგონივრული ლაპარაკი იცის

ენად გადაქცევა - ბევრი, გაუთავებელი ლაპარაკის, ყბედობის დაწყება

ენად გაკრეფა - ბევრი ლაპარაკი (მეტიჩრულად)

ენაზე ადგას - იცის და ვერ მოუგონებია (სიტყვა, სახელი)

ენაზე აკერია (ვინმე, რამე) - წარამარა ახსენებს (ვინმეს, რამეს), მუდმივად ლაპარაკობს (ვინმეზე, რამეზე), პირზე აკერია (ვინმე, რამე)

ენაზე არ დაადგება (რამე) - უთქმელად არ დატოვებს (რამეს), წამოსცდება (რამე)

ენაზე არაფერი დაამაგრდება - უთქმელად არაფერს დატოვებს, ყველაფერს იტყვის

ენაზე დახვევა (რისამე) - მუდმივ სალაპარაკო საგნად გახდა (რისამე)

ენაზე კბენა - წამოცდენილი ნათქვამის მონანიება და უცებ გაჩუმება, თითზე კბენა, ენის მოკვნეტა

ენაზე კბილის დაჭერა - გაჩუმება, ხმის გაკმენდა

ენამ უყივლა - წინასწარ თქვა ის, რაც შემდგ შესაძლოა ახდეს

ენას ილესავს - ბევრი ლაპარაკისთვის, ყბედობისთვის ემზადება

ენას უკიდებს - ბორძიკით ლაპარაკობს; ენაბლუა, ენაბორძიკაა

ენით ნაკვერცხლებს იღებს - ავია, კაპასია, ნერვიულია

ენით ჯარის დატრიალება - ბევრი ტყუილის თქმა, ლაქლაქი, ყბედობა

ენის ადგმა/ენის ამოდგმა - ლაპარაკის დაწყება, ამეტყველება; ხმის ამოღება, ენის დაძვრა

ენის აყოლა (ვისიმე) - ნათქვამის, ჭორის დაჯერება

ენის გაბრტყელება - ზედმეტი, გაუთავებელი ლაპარაკი, ლაქლაქი

ენის გატეხა - ლაპარაკში გაწაფვა, სიტყვათა და წინადადებათა სწორად წარმოთქმის შეჩვევა

ენის დაბმა - გაჩუმება, დამუნჯება, ხმის ვერ ამოღება, ენის ჩავარდნა; ენის აბორძიკება

ენის დამოკლება - ლაპარაკის მოკლება, შედარებით ცოტა ლაპარაკი; გაჩუმება

ენის დაშაქვრა - ტკბილად, ვისიმე საამებლად ლაპარაკის დაწყება

ენის მიტანა - დასმენა, დაბეზღება

ენის მობრუნება - რისამე თქმა, ხმის ამოღება, კრინტის დაძვრა

ენის მოკვნეტა - გაჩუმება, უცებ საუბრის შეწყვეტა, ხმის ჩაწყვეტა

ენის მოფხანა - ლაპარაკით გულის მოჯერება

ენის მუცელში ჩავარდნა - გაჩუმება, დადუმება, ენის დაბმა, ხმის ჩაწყვეტა (შიშის, აღელვების... გამო)

ენის ქავილი - ლაპარაკის, ყბედობის ხასიათზე ყოფნა

ენის შებრუნება - პასუხის გაცემა, სიტყვის შებრუნება

ენის ჩაგდება - გაჩუმება, ენის დაბმა, ხმის ჩაწყვეტა (შიშის, აღელვების... გამო)

ენის ჩაწყვეტა - გაჩუმება, დადუმება, ხმის გაკმენდა

ენის წაგდება - ზედმეტი და თავხედური ლაპარაკის დაწყება

ენის წაგრძელება - ბევრი, ზედმეტი ლაპარაკი, ყბედობა

ენის წვერზე ადგას (რამე) - იცის, საცაა მოაგონდება, მაგრამ ჯერ ვერ მოუგონებია, ენაზე ადგას (რამე); (რისამე) თქმას აპირებს, სათქმელად მზად არის

ენუქას ანდერძი - ცრუ დაპირება

ერთ ამბავშია - ცელქობს, ძალზედ ხმაურობს

ერთ პირზე დგომა - შეთანხმებულად მოქმედება

ერთ ტაფაში მოქცევა - ერთნაირად, ერთი საზომით მიდგომა ყველას მიმართ

ერთ უღელში შებმა - შეუღლება

ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა - ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, ანგარიში არ გაუწია, არად ჩააგდო

ერთ წერტილზე გაყინვა - მოძრაობის, წინსვლა-განვითარების შეჩერება

ერთი ადგილის ტკეპნა - ერთსა და იმავე დონეზე ყოფნა, წინსვლა-განვითარების შეწყვეტა, ერთისა და იმავეს გამეორება

ერთი - ალთას, მეორე - ბალთას - არევ-დარეულობაა, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, შეუთანხმებლად მოქმედებენ

ერთი კალმის მოსმით - მოკლედ და სხარტად; უცებ, ერთბაშად

ერთი მუჭა - ძლიერ ცოტა, პატარა

ერთი სიტყვით - მოკლედ, მოკლედ რომ ვთქვათ

ერთი სიცოცხლის გათავება - შეშინება, შეძრწუნება, მწარედ განცდა რისამე

ერთი სული აქვს - ძალიან ეჩქარება (რამე), სული მიუდის

ერთი ყოფა დააწია - შავი დღე აყარა, გაუჯავრდა, დატუქსა

ერთი ციდა - პაწაწა, პაწაწკინტელა, ერთი ბეწვა

ეს ბურთი და ეს მოედანი - ვნახოთ, რასაც იზამ, რასაც გახდები; ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს

ეშმაკის კერძი - ბოროტი, უკუღმართი ვინმე

ეშმაკის მაშხალა - უშნო, ჯოჯოხეთის მაშხალა

ეშმაკის ფეხი - მოხერხებული

ეშმაკის შეჯდომა (გვერდებში) - რაიმე არასასურველის აკვიატება, გაბოროტება, ცუდ გზაზე დგომა

ეშმაკს არ სძინავს/ეშმაკს თვალი არ უჩანს - ხიფათია მოსალოდნელი, შეუძლებელი არ არის რაიმე მარცხი მოხდეს

ეშმაკს სული მიჰყიდა - ადამიანურზე, კეთილშობილურზე ყველაფერზე ხელი აიღო, გაავკაცდა; არავითარ ავკაცობას არ მოერიდა

ეშმაკს შეაფურთხა - ბოროტ განზრახვაზე ხელი აიღო, ცუდი აზრისაგან, რწმენისაგან... გათავისუფლდა; საფრთხეს არ შეუშინდა

ვარსკვლავებს ეთამაშება - ლამაზია, მშვენიერია და თანაც მკვირცხლია, სიცოცხლით სავსეა

ვარსკვლავებს ეპოტინება - მიუწვდომლისაკენ მიისწრაფვის

ვერ მიართვეს ბადრიჯანი/ვერ მიართვეს ღორის თავი/ვერ მიართვეს ხაჭაპური - გაწბილდა, მიზანს ვერ მიაღწია

ვირზე შეჯდომა - გაჯიუტება, გაკერპება, ჯორზე შეჯდომა, სიბრიყვით შეცდომის დაშვება

ვიწროში მოატანა - დრო უხელთა, როცა უჭირდა, მაშინ დაატყდა თავს

ზეცას მიაჭირა თავი - გამედიდურდა, გაამაყდა, ამპარტავნობა დაიწყო

ზეცის კარების გაღება - გულის წადილის ასრულება, ძლიერ გაბედნიერება

ზურგზე ბოლის ადენა - დამარცხება, განადგურება

ზურგის აწვა - გამწარება

ზურგის გამაგრება - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა; გაძლიერება

ზურგის მიცემა - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა

ზურგის შექცევა - უარყოფა, განდგომა, მიტოვება (ვისიმე, რისამე), ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე)

ზურგის ჩვენება - შეშინება და გაქცევა (ბრძოლის ველიდან, მოწინააღმდეგისაგან)

ზურგს უკან - ვინმესგან ფარულად, მალულად, არაპირდაპირ

ზღვაში წვეთი - ძალიან ცოტა (რამესთან შედარებით)

თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს - სივიწროვეა, გასანძრევი ადგილი  არ არის

თავბრუს დასხმა - გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა

თავგზის (დ)აბნევა - დაბნევა, გზა-კვალის არევა

თავზარის დაცემა - შეშინება, შეძრწუნება

თავზე აწევს (ვინმე, რამე) - მისი მოსავლელია, სარჩენია (ვინმე, რამე), ტვირთად აწევს, კისერზე აწევს (ვინმე, რამე)

თავზე ბუზს არ ისვამს - ამაყად იქცევა, ამპარტავნობს, დიდგულობს; არავის დაეჩაგვრინება

თავზე გადასდის (რამე) - ბევრი აქვს, უხვად აქვს, თავზე საყრელი აქვს

თავზე გადახევა (რისამე) - მიგდება, თავზე გადახლა (რისამე)

თავზე გადახლა (რისამე) - უხეშად მიგდება, მიშავება

თავზე გადახტომა (ვისიმე, რისამე) - უგულვებელყოფა და გვერდის ავლა

თავზე დადგომა - ვინმესთან ყოფნა და ყურადღების მიქცევა, მოვლა, კონტროლის გაწევა

თავზე დასმა (ვისიმე) - მეტის-მეტად გათამამება, განებივრება (ვისიმე), თავის ნებაზე მიშვება, ზედმეტ უფლებათა მიცემა

თავზე დატყდომა (რისამე) - უეცრად შემთხვევა (რაიმე არასასურველისა)

თავზე დაჯდომა - მორევა, დაბრიყვება, არაფრად ჩაგდება, თავხედურად მოქცევა, აგდება (ვისიმე)

თავზე დაჰკანკალებს (ვისმე) - მზრუნველობას უწევს, მუდამ მასთან არის და უვლის, თავს ევლება

თავზე ლაფის დასხმა - შერცხვენა, თავის მოჭრა (თავზე ლაფის დასხმა ძველად სასჯელის ერთ-ერთი სახე უნდა ყოფილიყო)

თავზე მოხვევა (რისამე) - იძულებით დაკისრება, მიღებინება; დაბრალება, მიწერა (რისამე)

თავზე ნაცრის დაყრა - გლოვა, უსაზღვრო მწუხარება. (მომდინარეობს, როგორც ჩანს, გლოვის დროს თავზე ნაცრის დაყრის ძველი ჩვეულებიდან)

თავზე საყრელი - ძალიან ბევრი, უხვად

თავზე წისქვილის ქვის დატრიალება - ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლას

თავზე ხელაღებული - თავგანწირული, უშიშარი; შეუბრალებელი, გამძვინვარებული

თავზე ხელის აღება - უკიდურესობამდე მისვლა, გამძვინვარება, თავის გადადება, თავგანწირვა

თავი არ აქვს (რისამე) - არ შეუძლია (რამე), უნარი არ შესწევს (რისამე)

თავი იჩინა - გამოჩნდა, გამომჟღავნდა, გამოირკვა

თავი მისცა (რამეს) - დაიწყო (რამე), შეუდგა (რამეს)

თავი მოაქვს - თავი მოსწონს, ამაყოფს, თავი მიაჩნია (რამედ); დიდგულობს, ივეხნის

თავი მხრებზე აბია - ცოცხალია, ნორმალურად არის, აზროვნების უნარი აქვს

თავი უკრა (სადმე) - გაისტუმრა, იძულებით გაგზავნა (სადმე არასასურველ ადგილას)

თავი ქვას ახალოს - ყოველი ღონე იხმაროს, თავი გამოიდოს; რაც უნდა, ისა ქნას

თავი ქუდში აქვს - საიმედო მდგომარეობაშია, საშიშროება არ მოელის, არხეინადაა

თავის აგდება - უღირსად, თავხედურად, უწესოდ მოქცევა

თავის ამოყოფა (სადმე) - უცებ (სადმე) მოხვედრა, უცებ (სადმე) მისვლა

თავის ატკივება - გარჯა, თავის შეწუხება

თავის აღება - რაიმე მოქმედების, საქმიანობის (უმთავრესად სათაკილოს) დაწყება

თავის აშვება - გათავხედება, გათამამება, თავის აწყვეტა, თავს გასვლა

თავის გადადება - თავის გაწირვა, თავის დადება, ყოველგვარი ღონის ხმარება

თავის გადაკვლა - გადაკვდომა, თავის შეწირვა

თავის გამოდება - მონდომება, გულმოდგინედ ზრუნვა (ვინმესთვის, რამესთვის); თავგანწირვა, თავის გადადება, ყოველი ღონის ხმარება (რისამე მისაღწევად)

თავის გამოჩენა - სახელის გათქმა, სახელის მოხვეჭა

თავის განზე დაჭერა - თავის არიდება, განზე დგომა

თავის გართმევა - რაიმე საქმის დაძლევა, გაკეთება

თავის გატანა - გაძლება (გაჭირვებისას, განსაცდელისას...)

თავის გაყადრება - თავის გატოლება, თავის თავის ღირსად, ტოლად მიჩნევა

თავის დაღწევა - თავის დახსნა, განთავისუფლება, გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავიდან აცდენა (რისამე)

თავის დაძვრენა - განთავისუფლება, თავის გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავის დაღწევა

თავის დაჭერა (როგორმე) - მოქცევა (როგორმე); თავის შეკავება

თავის დღეში - არასდროს, ვერასდროს; მუდამ, ყოველთვის

თავის კალთაში ჩადება - მინდობა

თავის მაღლა აღება - გაამაყება, გაამპარტავნება, გამედიდურება

თავის მაღლა დაჭერა - ამაყად, ამპარტავნულად მოქცევა

თავის მობმა - დასრულება, დაბოლოება

თავის მოკატუნება - თავის უცოდველად, მიამიტად მოჩვენება; თავის დამცირება, თავის მოსაწყლება

თავის მოქაჩლება - შესაძლებლობის არ დაზოგვა, თავის გამოდება

თავის მოქონვა - პირფერობით, ტკბილი სიტყვით ვისიმე გადაბირება, გულის მოგება, მოთაფვლა

თავის მოყრა - შეგროვება, ერთად შეკრება

თავის მოჭრა - შერცხვენა, სახელის გატეხა

თავის მოხრა - დამორჩილება, ქედის მოხრა

თავის მტვრევა - ძალიან ბევრი ფიქრი (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე)

თავის შეკავება - რაიმე გრძნობის შეზღუდვა, მოთმენა, თავშეკავება

თავის შენახვა - თავის რჩენა; თავის მოვლა

თავის შერგვა (სადმე) - შესვლა, თავის შეყოფა (სადმე)

თავის შექცევა - გართობა, გულის გადაყოლება

თავის შორს დაჭერა - მორიდება, თავის არიდება, ახლოს არ მიკარება

თავის წაჭმა - შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება

თავის ჭიას ახარებს - ერთობა, თავს იქცევს, გულის წადილს ისრულებს

თავისი დრო მოჭამა - დაძველდა, დრო გაუვიდა, ცხოვრების გზა გაიარა

თავისუფლად ამოსუნთქვა - საფრთხის გავლის შემდეგ დამშვიდება, გულზე მოშვება

თავი(ც) უტეხია - რაც უნდა ისა ქნას! თავში ქვა უხლია! ჯანდაბამდის გზა ჰქონია!

თავპატიჟის გა(მო)დება - ტყუილად, არაგულწრფელად უარზე დადგომა, განაზება, გაპრანჭვა

თავ-პირის მტვრევით - ძალიან სწრაფად, გამალებით, ჩქარა

თავს გადახდა (რამე) - შეემთხვა, დაემართა (რამე)

თავს გასვლა - ზედმეტად გათამამება, გათავხედება, გაკადნიერება

თავს დასტრიალებს - მუდამ მასთან არის და მზრუნველობას უწევს, ემსახურება, უვლის, თავს ევლება

თავს დასხმა - თავდასხმის მოწყობა, გალაშქრება (ვისიმე წინააღმდეგ), თავზე დაცემა

თავს დატეხა (რისამე) - უეცრად რაიმე არასასურველის შემთხვევა

თავს ევლება (ვისმე) - განსაკუთრებულ მზრუნველოვას უწევს, ყურადღებას აქცევს, უვლის, ემსახურება, თავს დასტრიალებს

თავს იდებს (რასმე) -  იკისრებს, დაივალებს (რასმეს)

თავს იკლავს - მეტისმეტად წუხს, ღელავს; თავგამოდებით ცდილობს რასმე; ზედმეტი ჯაფით იტანჯება

თავს იტეხს - თავგამოდებით ცდილობს, წვალობს; ძალიან ბევრს ფიქრობს (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე), თავს იმტვრევს

თავს შემოვლება - განსაკუთრებული მზრუნველობის გაწევა, ყურადღების მიქცევა, მოვლა, სამსახურის გაწევა, თავის შეწირვა

თავში ავარდნა - გაყოყოჩება, გაამპარტავნება, გაამაყება, თავბრუსდახვევა წარმატებისაგან

თავში ბზე უყრია - უჭკუოა, არაფერი იცის

თავში გარბენა (რისამე) - გაფიქრება, უცებ აზრად მოსვლა (რისამე)

თავში დაკრული - არანორმალური, სულელი

თავში იცემს (რასმე) - ძალიან ნანობს (რასმე), ჯავრობს

თავში მოუვიდა (რამე) - იფიქრა, აზრად მოუვიდა (რამე)

თავში უქრის - სულელია, ჭკუა აკლია, თავში დაკრულია

თავში ქვა იცეს! / თავში ქვა იხალოს! - რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს!

თვალებზე ხელის აფარება - სინამდვილის განგებ არდანახვა, თვალის დახუჭვა

თვალებიდან ცეცხლის ყრა - განრისხება, გააფთრება, გაავება, ცოფების ყრა

თვალებით ჭამს (ვისმე, რასმე) - ხარბად, დაჟინებით, თვალმოუშორებლად უყურებს (ვისმე, რასმე)

თვალების დაბრმავება - სინამდვილის განგებ არშემჩნევა, თვალების ახვევა

თვალების დარჩენა (ვინმეზე, რამეზე) - ძალიან მოწონება (ვისიმე, რისამე)

თვალებში აქვს ჭკუა - უჭკუოა, მოვლენებს ზერელედ, გარეგნული ეფექტის მიხედვით, შინაარსის გაუთვალისწინებლად აფასებს

თვალებში ნაცრის მიყრა - მოტყუება, თვალის ახვევა

თვალთან თითს ვერ მიიტან - ძალიან ბნელა, უკუნი ღამეა

თვალი დაადგა (ვინმეს, რამეს) - ყურადღება მიაქცია, ამოიჩემა; მოეწონა, თვალში მოუვიდა

თვალი დაუდგება - შურით გულზე გასკდება, ძალიან ნაწყენი დარჩება

თვალი დაუყენა (ვისმე) - შურით გულზე გახეთქა, გაამწარა (ვინმე)

თვალი უჭირავს (ვინმეზე, რამეზე, ვინმესკენ, რამესკენ) - მზრუნველობას უწევს, ყურადღებას აქცევს, თვალყურს ადევნებს (ვინმეს, რამეს); გული მიუწევს (საითკენმე, რამისკენ)

თვალიდან ბეწვის გამოცლა/თვალსა და თვალს შუა ბეწვის გამოცლა - ოსტატურად მოტყუება

თვალის ახელა - მანამდე შეუცნობელის შეცნობა, მიხვედრა, გათვითცნობიერება, შეგნება, გონს მოსვლა, გამორკვევა

თვალის ახვევა/თვალის აბმა - სინამდვილეში, საქმის ნამდვილ ვითარებაში გარკვევის საშუალების მოსპობა, მოტყუება, შეცდენა

თვალის გადავლება - დაკვირვება, ჩაფიქრება, მეხსიერებაში აღდგენა (რისამე); გადახედვა, გადათვალიერება

თვალის გახელა - რისამე მიხვედრა, გაგება, გათვითცნობიერება, გამოფხიზლება, თვალი ახელა

თვალის დახამხამებაში - უცბად, სწრაფად, მყის, ელვის სისწრაფით

თვალის დახუჭვა - სინამდვილის განგებ არდანახვა, უგულვებელყოფა (არსებულისა)

თვალის დევნება/თვალყურის დევნება - ყურადღების მიქცევა, პატრონობის გაწევა

თვალის თვალში გაყრა - პირდაპირ თვალებში ყურება, დაჟინებით ცქერა თვალებში

თვალის მოტყუება - წათვლემა, ცოტა ხნით წაძინება

თვალის მოჭრა - თვალის არევა, თავბრუს დახვევა; მოხიბვლა. მაგ. ოქროს ელვარებამ დიდსა და პატარას ერთნაირად მოსჭრა თვალი (აკაკი).

თვალის მოხუჭვა - სიფხიზლის მოდუნება, უყურადღებობა; წაძინება

თვალის სინათლე - ძვირფასი, სათაყვანებელი არსება

თვალის ჩინი - მხედველობის, ხედვის უნარი; ძვირფასი, ძალიან საყვარელი არსება

თვალს არ ახამხამებს - საფრთხე არ აშინებს, შეუპოვრად არის

თვალს წყალი დაალევინა - გაერთო, ისიამოვნა (რაიმე სანახაობით), გული გადააყოლა

თვალსა და ხელს შუა - უეცრად, შეუმჩნევლად, მოულოდნელად; თვალწინ

თვალში ამოღება - ათვალწუნება, შეძულება, ამოჩემება

თვალში ეკლად სჩრია/უზის (ვინმე, რამე) - არ მოსწონს, ეჯავრება, სძულს (ვინმე, რამე); შურს (რამე)

თვალში ეჩხირება - მუდამ თვალწინ არის, ძალაუნებურად ყურადღებას იქცევს; არ მოსწონს, თვალში არ მოსდის

თვალში ეცა (რამე) - პირველ რიგში შეამჩნია (რამე), თვალსაჩინო იყო (რამე)

თვალში მოსვლა - მოწონება

თვალწინ დაუდგა - ნათლად მოაგონდა, წარმოიდგინა, თვალწინ წარმოუდგა

თვალწინ ეხატება - ნათლად აგონდება, წარმოიდგენს, თვალწინ უდგება

თითზე დახვევა (რისამე) - რისამე ამოჩემება და საბაბად, სამუდამოდ გამოყენება, ხელზე დახვევა (რისამე)

თითზე დახვევა (ვისიმე, რისამე) - დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე, რისამე)

თითზე კბენა - დანანება, სინანული, მონანიება

თითით საჩვენებელი - საუკეთესო, შესანიშნავი, ძალიან კარგი, სამაგალითო, მისაბაძი; ძალიან ცუდი, გასაკიცხი

თმ(ებ)ის ყალყზე დადგომა - შეშინება, შეძრწუნება; აღელვება, აღშფოთება

თოკის წაჭერა ყელში - უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდება, შევიწროება, შეწუხება

თქვენი ჭირი წაიღო - მოკვდა, ჩააბარა სული უფალს, აღარ არსებობს

ია-ვარდს უფენს - ალერსიანად, ტკბილად ექცევა, თავს ევლება

ილაჯის გაწყვეტა - დაქანცვა, დასუსტება, ძალის გამოცლა, ქანცის გაწყვეტა; თავის მობეზრება, შეწუხება (ილაჯი მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს: საშუალება, წამალი, მკურნალობა)

იოტის ოდენა - ძალიან პატარა, სულ მცირე, ერთი ბეწვი

იოტის ოდენად - ოდნავ, სულ ცოტათი

ირმის ნახტომი - ღამით ცის თაღზე გავლებული, უამრავ ვარსკვლავთაგან შედგენილი ოდნავ მოელვარე ზოლი

იხტიბარს არ იტეხს - გულს არ იტეხს, იმედს არ კარგავს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას არ იმჩნევს (არაბულად იხთიბარ ნისნავს გამოცდილებას, მოხერხებასს)

კალაპოტში ჩადგომა - ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა, დალაგება, ნორმალური გზით წასვლა

კალთის გადაფარება - მზრუნველობა, მფარველობის გაწევა, შველა, დახმარება

კალთის დაბერყვა - ყოველგვარი სიკეთის, დოვლათის უხვად მიცემა

კალთის დაგლეჯა - ხვეწნა, მუდარა, ჩაციებით თხოვნა

კალმით ნახატი - ძალიან ლამაზი, მშვენიერი

კამარის შეკვრა - მაღლა ახტომა და შორს დაშვება; ფრენით ნახევარწრის გაკეთება. მაგ. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა (ილია).

კარგი თვალით უყურებს - კარგად ეპყრობა, ენდობა, აფასებს

კარგი ჭოტი დაიჭირა - ცუდი რამ შეემთხვა

კარის ატალახ(იან)ება - მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა

კაცია და გუნება - ყველას თავისი ხასიათი და მისწრაფება აქვს; ზოგს ვინ (რა) მოსწონს და ზოგს ვინ (რა)

კბილები უკაწკაწებს - შია, სწყურია, ძალიან უნდა

კბილებს ილესავს (ვინმეზე, რამეზე) - სამტროდ, საჩხუბრად ემზადება; (ვისიმე, რისამე) ხელში ჩასაგდებად ემზადება

კბილის გასინჯვა - შემოწმება; გამოცდა (ყიდვის დროს, ზოგ შინაურ ცხოველს ხნოვანების შესამოწმებლად კბილებს უსინჯავენ, აქედან მოდის ეს გამოთქმა)

კბილის ჩასობა - ამოჩემება, ჩაცივება, გადაკიდება; შეძულება, ათვალწუნება, გადამეტება

კედელს თავს ახლის - გამწარებული, სასოწარკვეთილი რისამე გაკეთებას ცდილობს

კერაზე წყლის დასხმა - ოჯახის დაქცევა, განადგურება, კერის გაცივება

კერის გაცივება - ოჯახის მოშლა, დანგრევა, განადგურება

კვალის გავლება - საყურადღებო შედეგის მიღწევა, თვალსაჩინო წვლილის შეტანა (რამეში), კვალის დატოვება

კვალში ჩადგომა - ვისიმე მოქმედების, საქმიანობის ან რაიმე მოვლენის გულდასმით შემოწმება, გამოკვლევა, გამოჩხრეკა

კვანძის გახსნა - რთული, დახლართული მდგომარეობის გარკვევა; გარემოებათა ხლართიდან გამოსვლა (მხატვრულ ნაწარმოებში)

კვერის დაკვრა - დადასტურება, დამოწმება, დათანხმება

კიედც ჭრის და კიდეც კერავს - ერთიმეორის საწინააღმდეგოს ამბობს (ან მოქმედებს), ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს

კინჩხი და კისერი უტეხია! / კისერი(მც) (მო)უტეხია! - რაც უნდა, ისა ქნას! ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია! თავში ქვა უხლია!

კინწის კვრით - ცემით, კისრის ტეხით

კისერზე დაწოლა - (ვისიმე) სარჩენი, მოსავლელი გახდომა

კისრის მოგრეხა - დამარცხება, განადგურება, მორევა

კისრის მოდრეკა - დამორჩილება, ქედის მოხრა

კისრის მოტეხა - დამარცხება, მოსპობა, დაღუპვა; მორევა, დამორჩილება

კოვზის ნაცარში ჩავარდნა - მარცხის განცდა, წამოწყებული საქმის ჩაშლა, იმედის გაცრუება

კრიჭაში ჩადგომა - ჯიბრში ჩადგომა, წინააღმდეგობის გაწევა, ქიშპობა

კრიჭის შეკვრა - დადუმება, ხმის ჩაწყვეტა, გაჩუმება

კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე

კუდების გასკვნა - კავშირის შეკვრა, შეთანხმება, კუდზე კუდის გადაბმა

კუდი ყავარზე აქვს გადებული - ყოყოჩია, მედიდურია, ამაყია, კუდაბზიკაა, მეტიჩარაა

კუდით ქვა ასროლინა - სასტიკად დაამარცხა, შავი დღე აყარა, სამარცხვინოდ გააქცია

კუდის ამოძუება - შერცხვენილი, გაწბილებული, დამარცხებული გაქცევა, გაპარვა

კუდის გამობმა - ვისიმე ნათქვამის ან ნამოქმედარის ცუდად გაგება, რისამე განზრახ მიმატება. მაგ. მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება (დ. კლდ.)

კუდის კუდზე გადაბმა - ერთმანეთთან შეკავშირება, ერთმანეთის მხარის დაჭერა (უმთავრესად ცუდ საქმეში)

კუდის მოქნევა - ერთხელ კიდევ წინანდებურად მოქცევა, ცუდი, არასასიამოვნო რამის ჩადენა

კუდის ქიცინი / კუდის ქნევა- მლიქვნელობა, პირფერობა, ლაქუცი

კუს ნაბიჯით - ძლიერ ნელა, ზლაზვნით

ლაგამის ამოდება - შეზღუდვა, დამორჩიელბა, ალაგმვა, იძულებით გაჩერება; გაჩუმება, ხმის გაწყვეტა

ლაგამის მიშვება - თავისუფლად მოქმედების უფლების მიცემა, აღვირის მიშვება

ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე) - შეურაცხყოფა, სახელის გატეხა, შერცხვენა (ვისიმე, რისამე), თავზე ლაფის დასხმა

ლელოს გატანა - გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება

ლეჩაქის დახურვა - შერცხვენა, თავის მოჭრა (იტყვიან მხდალობის ჩამდენ მამაკაცზე)

ლეჩაქის მოხდა - შერცხვენა, სახელის გატეხა, თავის მოჭრა (იტყვიან ქალზე)

მაგარი ზურგი აქვს - გავლენიანი მფარველი ან ძლიერი მოკავშირე ჰყავს

მამა აბრამის ბატკანი - ვითომც უმწიკვლო, უცოდველი, მართალი ადამიანი (ითქმის ირონიულად)

მარცხენა ფეხზე ამდგარა (ვინმე) - უგუნებოდაა, ცუდ ხასიათზეა (ვინმე)

მარჯვენა ხელი (ვისიმე) - საიმედო, ერთგული, ყოველგვარ საქმეში დამხმარე

მარჯვენის მოჭრა - ერთგული, საიმედო პირის ან საჭირო ნივთის დაკარგვა

მაღლა აყენებს (ვინმეს, რამეს) - ამჯობინებს, უპირატესობას აძლევს, დიდად აფასებს (ვინმეს, რამეს)

მაღლა დგას (ვინმეზე, რამეზე) - (ვინმეზე, რამეზე) უკეთესია, მეტის შემძლეა, უფრო განვითარებულია

მახეში გაბმა - გამოუვალ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება

მახის დაგება - საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა

მე შენ გეტყვი! - განა! შენ გგონია! (რამეში სრულიად დარწმუნების შემთხვევაში იტყვიან). მაგ. ინჟინერი მაგისთანა უნდა, - ამბობდნენ ხშირად მუშები, - თუ ბიჭი ხარ, ამოუდექი გვერდში! მე შენ გეტყვი, მოატყუებ (ა. ბელ.)

მეორედ დაბადება - რაიმე კარგის, მეტის-მეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებელის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება

მეორედ მოსვლა - საშინელება, უბედურება, კატასტროფა

მეტი არ აგიდგა გვერდები! - არ მოხდება, არ გეღირსება (რამე)

მეტი რა გზა აქვს - მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს

მეტი რა ჩარაა - სხვა გამოსავალი, სხვა საშუალება არ არის, მეტი გზა არ არის (სპარსულად ჩარე ნიშნავს: ილაჯი, ძალა, ღონე)

მეშვიდე ცას ეწევა (სიხარულით) - ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია

მეცამეტე გოჭი - მეტიჩარა, რამკითხე (ცნობილია, რომ დედაღორს 12 ძუძუზე მეტი არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ მან 13 გოჭი დაბადა, მაშინ მეცამეტე ზედმეტია, აქედან მომდინარეობს გამოთქმაც)

მეხად დაატყდა (რამე) - მეტისმეტად ეწყინა (რამე), შეაძრწუნა (რამემ)

მეხი დაატყდა თავზე - დიდი უბედურება შეემთხვა, შეძრწუნდა

მზე ამოუვიდა (ვისმე) - გაბედნიერდა, კარგი რამ შეემთხვა, ტანჯვას თავის დააღწია

მზე და მთვარე ამოსდის (ვინმეზე) - ყველაზე მეტად, უზომოდ უყვარს (ვინმე), შეხარის (ვისმე), (ვისიმე) იმედით ცოცხლობს

მზე პირს იბანს - მზიან ამინდში წვიმს

მზე ჩაესვენა (ვისიმე, რისამე) - (ვისიმე, რისამე) საქმე ცუდად წავიდა, დამარცხდა (ვინმე), განწირულია (ვინმე)

მზეზე გამოტა (რისამე) - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება (რისამე), დღის სინათლეზე გამოტანა

მზის დაბნელება - სიკვდილი, სიცოცხლეს გამოსალმება

მთა და ბარის გასწორება - ყველას და ყველაფრის გათანაბრება, გათანასწორება (უფლებრივად)

მიაბარა სული უფალს - მოკვდა, სული განუტევა

მიაყარე ცერცვი კედელს! - არაფერი გამოვა, ამაოდ ჩაივლის, ბევრიც რომ ეცადო, უშედეგოდ დარჩება

მიზანში ამოღება - გადაკიდება, ათვალწუნება, მტრული მოქმედების საგნად გახდა, მიზანში ამოღება; ამორჩევა

მიწამ ჩაყლაპა - ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა

მიწასთან გასწორება - მოსპობა, განადგურება; დამცირება, გაქელვა, პატივის ახდა

მიწის პირიდან აღგვა - მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა

მიწის შვილი - ადამიანი; ამქვეყნიური არსება

მკვდრეთით აღდგომა - დაღუპვის პირზე მყოფის ან მძიმე ავადმყოფის გადარჩენა

მოკლე ფეხები აქვს (რამეს) - დიდხანს ვერ გაძლებს, მალე მოისპობა

მოუკრეფავში ნუ გადადიხარ - ნუ აკეთებ იმას, ან ნუ ლაპარაკობ იმას, რაც შენი საქმე არ არის, რაც შენ არ გეხება, საზღვარს ნუ გადადიხარ

მოუსავლეთში გაგზავნა - მოკვლა, წუთისოფელს გამოსალმება

მოუსვი ბაყაყური! - წადი! დაიკარგე! მოუსვი! აქ არ გაჩერდე!

მტვრის ადენა - გაცამტვერება, აწიოკება, ბდღვირის ადენა

მუსრის გავლება - ამოწყვეტა, განადგურება, მოსპობა, გაჟლეტა

მშრალზე დარჩენა - მოტყუებული, პირში ჩალაგამოვლებული დარჩენა, ცარიელზე დარჩენა

მხარე უჭირავს (ვისიმე) - ეხმარება, ემხრობა, ექომაგება, ხელს უწყობს (ვისმე)

მხარი მხარს მისცეს - ერთმანეთს დაეხმარნენ, მხარი დაუჭირეს, მხარში ამოუდგნენ

მხარი უქცია - სხვა მხარეს წავიდა, მიმართულება იცვალა; მოშორდა, გაეცალა

მხარის აქცევა - ორიენტაციის, მიმართულების გარკვევის, გზის გაგნების უნარის დაკარგვა, დაბნევა

მხარის დაჭერა - დახმარება, მიმხრობა, გვერდში ამოდგმა

მხარის მიცემა - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა, თანაგრძნობის გაწევა

მხარს უმშვენებს - მასთან არის, გვერდში უდგას (უზის), ახლავს, გვერდს უმშვენებს

მხარს უსწორებს - უტოლდება, უთანაბრდება

მხარში ამოდგომა - დახმარების გაწევა, შველა, გვერდში ამოდგომა, მხარის მიცემა

 

ოთხში ამოღება - დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა

ორ სკამზე ჯდომა - მერყეობა, უპრინციპობა

ორ ცეცხლშუა ყოფნა - გამოუვალ მდგომარეობაში, განსაცდელში ყოფნა, ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა

ორ წყალშუა დგომა - ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა, გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა

ორმოს უთხრის - ღალატობს, საფლავს უმზადებს, მახეს უგებს

პასუხი აგო - თავისი საქციელისა და მოქმედებისათვის პასუხი მოსთხოვეს; დანაშაულისათვის სამსჯავროზე წარსდგა, სასჯელი მიიღო

პატივის დადება - დაფასება, პატივისცემა

პილატეს ცრემლები - არაყი, ალკოჰოლური სასმელი

პირზე აკერია (ვინმე, რამე) - წარამარა ახსენებს (ვინმეს, რამეს), მუდმივად ლაპარაკობს (ვინმეზე, რამეზე), პირზე აკერია (ვინმე, რამე)

პირზე ბოქლომის/კლიტის დადება - გაჩუმება, დადუმება, ხმის ჩაწყვეტა

პირიდან თაფლი გადმოსდის - ტკბილად, ალერსიანად, სასიამოვნოდ ლაპარაკობს, ტკბილი საუბარი იცის

პირიდან ლუკმის გამოცლა - უკანასკნელ საარსებო საშუალებათა წართმევა, მშრალზე დატოვება

პირიდან შაქარი ამოსდის - ტკბილად, ალერსიანად, სასიამოვნოდ ლაპარაკობს, ტკბილი საუბარი იცის

პირიდან ცეცხლს ყრის - განრიცხებულია, გააფთრებულია, გაანჩხლებულია; ყოჩაღია, მკვირცხლია, შეუპოვარია

პირის აკვრა - გაჩუმება, დადუმება, განგებ ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა

პირის გატეხა - პირობის დარღვევა, დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, სიტყვის გატეხა, ღალატი

პირის გემო - შეჭამანდი

პირის მორიდება - მიტოვება, ხელის აღება, ზურგის შექცევა

პირის მოშვება - ალაპარაკება, ყბედობის დაწყება

პირის მოხსნა - დაწყება გაუთავებელი ყბედობისა, ლაქლაქისა

პირის შეკვრა - შეკავშირება, შეთანხმება (უმთავრესად, ვისიმე წინააღმდეგ სამოქმედოდ)

პირს კატა ეცა - გაოცდა, სახტად დარჩა (არასასიამოვნო მოულოდნელობისაგან)

პირში ბურთის ჩაჩრა - გაჩუმება, ხმის ჩაწყვეტინება, რისამე თქმის საშუალების მოსპობა

პირში მიხლა - უხეშად, უკმეხად თქმა

პირში სული უდგია - ცოცხალია

პირში ჩავარდნა (ვისიმე) - (ვისიმე) სალაპარაკოდ, ცუდად ხსენების ობიექტად გახდომა

პირში ჩალაგამოვლებული - მოტყუებული, იმედგაცრუებული, ცარიელზე დასმული

პირში წადგომა/პირზე დადგომა - დაპირისპირება, მხილება, პირდაპირ თქმა

პირში წყლის დაგუბება - გაჩუმება, ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა

 

ჟამი დარეკავს - დრო დადგება

ჟრუანტელის დავლა - გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო)

რა ბედენაა? - რა განსხვავებაა? რა მნიშვნელობა აქვს? სულ ერთია!

რა თავში იხლის! - რაში გამოადგება! რაში სჭირდება!

რა წყალში გადავარდეს! - რა ქნას, როგორ მოიქცეს!

რა შუაშია! - ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა, (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის

რა ხელი აქვს! - რა უფლება აქვს! რა ესაქმება! რა მისი საქმეა!

რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს - მისი ნებასურვილის, მისი კარნახის მიხედვით მოქმედებს, განუსჯელად იმასვე იმეორებს, რასაც ეუბნებიან, დამოუკიდებლობა არ გააჩნია.

რეტის დასხმა - იგივე თავბრუს დასხმა - გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა.

რის ყოფით - ძლივსძლივობით, გაჭირვებით, წვალებით, ვაივაგლახით; ხმაურით.

რკინის უღელში შებმა (ვისიმე) - გაწამება, დატანჯვა (დიდი შრომით), დაჩაგვრა.

რძე არ შეშრობია პირზე - ძალიან პატარაა (ასაკით), ძალიან ახალგაზრდაა, ბავშვია.

რწყილს ატყავებს - უნდა ყველაფერში სარგებელი ნახოს.

რჯულამდის ჩაყოლა - ჩაცივება, არ მოშვება, ბოლომე გამორკვევა (რისამე).

საერთო ენის გამონახვა / საერთო ენის მოძებნა- შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება.

საიქიოს გასტუმრება - მოკვლა.

საკუთარ ფეხზე დგომა - დამოუკიდებლობის მოპოვება.

საკუთარ ქერქში გამოხვევა - კარჩაკეტილად ყოფნა.

სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.

სამარისკენ იყურება - მალე მოკვდება, მისი დღეები დათვლილია, ცალი ფეხი სამარეში უდგას.

სამარცხვინო ბოძზე გაკვრა - გაკიცხვა, საქვეყნოდ შერცხვენა, გამათრახება.

სარჩულად უდევს - მიზეზია, საფუძველია (რისამე).

სასახლე მოზომა / სასახლე ააგო - წაიქცა, გაიშხლართა.

სასწორზე შედგება (რისამე) - საალალბედოდ, სათუოდ გახდა, საფრთხეში ჩაგდება (რისამე).

საფლავის კარამდე / კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე.

საფლავს უთხრის - იგივე, რაც სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.

საქმის გაჭირვება (გამიჭირა საქმე) - თავის მობეზრება, გულის გაწყალება.

საღერღელის აშლა - მოსურვება, მონდომება, მადის გაღვიძება.

საშველს არ აძლევს - არ ეშვება, ჩააცივდა, არ ასვენებს, აწუხებს.

საწველი ფური - შემოსავლის, სარგებლის, გამორჩენის წყარო (მოტყუების ან დაბრიყვების საშუალებით).

სახეზე ღრუბლის გადაფარება - მოწყენა, დასევდიანება, ცხვირის ჩამოშვება.

სახელის გათქმა / სახელის მოხვეჭა / სახელის მოპოვება- ავტორიტეტის მოპოვება, ცნობილი, სახელგანთქმული გახდომა.

სახელის გატეხა / სახელის გაფუჭება / სახელის წახდენა - შერცხვენა, ავტორიტეტის დაკარგვა, თავის მოჭრა.

სახტად დარჩენა - განცვიფრება, გაოცება, გაკვირვება, გაშტერება.

სეირის ჩვენება - შავი დღის დაყრა.

სეირს აყურებინებს - სეირს უჩვენებს, შავ დღეს დააყრის.

სინსილის გაწყვეტა - განადგურება, გაწყვეტა, მუსრის გავლება.

სისხლი სწყურია - ვისიმე მოკვლა, სისხლის დაღვრა სურს.

სისხლი უდუღს - ძალ-ღონით სავსეა, ენერგიულია, მკვირცხლია.

სისხლის აღება - შურისძიება, მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდა, მკვლელის ან მისი ახლობლის მოკვლა.

სისხლის გამოწოვა - გაყვლეფა, ექსპლუატაციის გაწევა.

სისხლის გაშრობა - გამწარება, გატანჯვა, შეწუხება, გაწვალება, გულის გაწყალება.

სისხლის დალევა - შურისძიება, მოკვლა.

სისხლის თავში ავარდნა - გაბრაზება, აღშფოთება, გაშმაგება; შეშინება, შეძრწუნება.

სისხლის მოწოლა - განრისხება, გაბრაზება, სისხლის თავში ავარდნა.

სისხლის მსმელი - ჯალათი, მკვლელი.

სისხლის სმა - შურისძიება, მკვლელობის ჩადენა.

სისხლის ყელში მოწოლა - გაბრაზება, გაშმაგება, ბოღმის მოწოლა.

სისხლში ჩახშობა - დახოცვა, გაჟლეტა.

სისხლში ხელის გასვრა - მკვლელობის ჩადენა.

სისხლ-ხორცში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.

სიტყვა მოუჭრა - მოკლედ უთხრა, მოკლედ უპასუხა, სხარტი პასუხით შეაწყვეტინა ლაპარაკი.

სიტყვის ბანზე აგდება - საუბრის თემის განგებ შეცვლა (მისი მიფუჩეჩების მიზნით), სათანადო პასუხის გაცემის ნაცვლად საუბრის ეუცრად სხვა საგანზე დაწყება.

სიტყვის გატეხა - დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, პირობის დარღვევა, პირის გატეხა.

სიტყვის გაშრობა - ხმის ჩაწყვეტა, ლაპარაკის ვერ მოხერხება.

სიტყვის მიცემა - დაპირება, პირობის მიცემა.

სიტყვის პირზე შეშრობა/შეყინვა - უეცრად ხმის ჩაწყვეტა, ვერაფრის თქმა, სიტყვის გაშრობა.

სიტყვის შებრუნება - შეპასუხება, შეკამათება.

სიტყვის შენახვა - დაპირების შესრულება, პირის გაუტეხლობა.

სიტყვის ჩამოგდება (ვინმეზე, რამეზე) - ლაპარაკის დაწყება (ვინმეზე, რამეზე), ხსენება (ვისიმე, რისამე).

სიტყვის ჩამორთმევა - ვისთვისმე საუბრის შეწყვეტინება და თვითონ განგრძობა (ჩვეულებრივ, იმავე თემაზე); პირობის ჩამორთმევა.

სიქის გაცლა - ძალიან დაღლა, დაქანცვა.

სიცოცხლის მოსწრაფება - სიკვდილისათვის ხელის შეწყობა, სიკვდილის მოახლოება.

სოროში შეძრომა - დამალვა, მიმალვა.

სული განუტევა - მოკვდა, გარდაიცვალა.

სული და გული (ვისიმე/რისამე) - სულის ჩამდგმელი, ორგანიზატორი (რისამე), ყურადღების ცენტრში მყოფი; საყვარელი, ძვირფასი; საფუძველი, არსი (რისამე).

სული კბილით უჭირავს - ძლივს ითმენს, ძლივს იკავებს თავს; ცუდ დღეშია, სიკვდილის პირზეა მისული.

სული მისდის - ძალიან სურს, ძალიან უნდა; ვერ ითმენს, მოთმინების ფიალა ევსება.

სული უდგია - ცოცხალია, არსებობს, პირში სული უდგია.

სული უკაწკაწებს - ძალიან სურს, ძალიან უნდა, სული მისდის (რამეზე).

სულით დაცემა - სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, მხნეობის დაკარგვა, გულის გატეხა; ზნეობრივად დაცემა.

სულის ამოთქმა - იხ. სულის მოთქმა.

სულის ამორთმევა / სულის ამოძრობა - გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.

სულის ამოხდა - მოკვლა, გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.

სულის ამღვრევა - აფორიაქება, ხასიათის გაფუჭება, გულის მოსვლა.

სულის განაბვა - სუნთქვის შეკვრა და გაჩუმება, განაბვა, დადუმება, გატვრენა.

სულის გაფრთხობა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.

სულის დალევა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.

სულის დამძიმება - სათაკილო რისამე ჩადენა, შეცოდება.

სულის მიბარება - სიკვდილი, სულის დალევა.

სულის მობრუნება - შესვენება, სულის მოთქმა; მოსულიერება; მომჯობინება (ავადმყოფისა, დასუსტებულისა).

სულის მოთქმა - შესვენება; ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

სულის სიღრმეში ჩაწვდომა - გულის ნადების გაგება და მისი მოწონება.

სულის ყელში მობჯენა - გაბრაზება, გაჯავრება, სულის შეხუთვა (ბრაზისაგან, ჯავრისაგან), გულზე ცეცხლის მოკიდება.

სულის შთაბერვა - გასულდგმულება, სიცოცხლისუნარიანობის მინიჭება, სულის ჩადგმა.

სულის წასვლა - მოუთმენლად, თავშეუკავებლად მოქცევა, სულწასულობა.

სულმა წასძლია - მოთმინება ვერ ეყო, ვერ მოითმინა, რისამე სურვილმა სძლია.

სულს ებრძვის - კვდება, სიკვდილს ებრძვის.

სულს უხუთავს - ავიწროვებს, გასაქანს არ აძლევს, აწვალებს, ტანჯავს.

სულს ღაფავს - კვდება, სულთმობრძავია, უკანასკნელ დღეშია; თავისი დრო მოჭამა, ასპარეზიდან მიდის.

სულში ჩაძვრენა - მოალერსება; სიყვარული, პატივისცემა.

სქელი ჯიბე აქვს - მდიდარია, ბევრი ფული აქვს.

სხვა გზა არა აქვს - მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს.

სხვისი ხელით ნარის გლეჯა - სხვისი ხელით ძნელი ან სახიფათო საქმის კეთება.

ტალახში ამოსვრა - შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა.

ტანში ჟრუანტელის დავლა - გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო).

ტაშს უკრავს - იწონებს, აღტაცებით ხვდება.

ტვინი აქვს ნაღრძობი - უკუღმართი, არანომარლურია, ახირებულია.

ტვინის ადუღება - გაბრაზება, აღელვება, აღშფოთება, მოთმინებიდან გამოყვანა.

ტვინის არევა - შეწუხება; შეშლა, გადარევა.

ტვინის გამოლაყება - გამოტვინება, გამოშტერება, გონების დაჩლუნგება.

ტვინის წაღება - შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება.

ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია - ძალიან პატარაა (ასაკით), ბავშვია, გამოუცდელია, გუშინდელი ღლაპია.

ტუჩ(ებ)ის აბზუება - არაფრად ჩაგდება, უკადრისობის გამოხატვა, დაწუნება.

ტყავიდან ძვრება - ყოველ ღონეს ხმარობს, შესაძლებლობას არ ზოგავს.

ტყავის გაძრობა - მკაცრად მოპყრობა, დატუქსვა, შავი დღის დაყრა; დაჩაგვრა, გაყვლეფა, მძიმე პირობებში ჩაყენება; ცემა; ძალიან ძვირად მიყიდვა.

ტყემალზე ზის - არაფერი გაეგება, არაფერი იცის (რისამე შესახებ).

 

უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული - უბედო, ბედუკუღმართი, შავ დღეზე გაჩენილი.

უკან დახევა - განზრახვაზე ხელის აღება.

უკანასკნელ სისხლის წვეთამდე - სანამ ცოცხალია, სიკვდილამდე, ვიდრე ძალ-ღონე შესწევს.

უკუღმა დაბადებული - უკუღმართი, უხეირო, უხამსი, ბოროტი.

უფალმა მიიღო - გარდაიცვალა, მიაბარა სული უფალს.

უფსკრულის პირას დგომა - საფრთხეში, განსაცდელში ყოფნა, დაღუპვის მოლოდინში ყოფნა.

უფსკრულისაკენ მიექანება - დაღუპვის გზაზე მიდის, ხიფათი მოელის.

უღლის გადაგდება (კისრიდან) - ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან განთავისუფლება, თავისუფლების მოპოვება.

უღლის დადგმა (კისერზე) - დამონება, ჩაგვრა, დამორჩილება.

უყარე კაკალი - რამდენიც უნდა ეცადო, ვერას გახდები, მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებ, გვიანღა იქნება.

ფარდებს უკან - შეუმჩნეველ, არდასანახავ ადგილას, მალულად, ფარულად.

ფარდის ახდა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება, დღის სინათლეზე გამოტანა.

ფარ-ხმალის დაყრა - დამორჩილება, დანებება, წინააღმდეგობის შეწყვეტა.

ფაფრის აშლა - განრისხება, განმძვინვარება.

ფესვების გადგმა - განმტკიცება, გამაგრება, დამკვიდრება; გავრცელება.

ფეხებზე ჰკიდია (ვინმე, რამე) - არ ენაღვლება, არ აწუხებს; არაფრად აგდებს (ვინმეს, რამეს).

ფეხები უკან რჩება - მისვლა ეზარება, სადმე წასვლა უჭირს, უმძიმს.

ფეხების გაფშეკა / ფეხების გაჭიმვა - სიკვდილი, სულის დალევა.

ფეხებში ებლანდება - აფერებს, ხელს უშლის, ეჩხირება.

ფეხზე დადგომა - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება, განვითარება, ფეხის მოკიდება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება.

ფეხზე დაყენება - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება, ამოძრავება, გამოცოცხლება.

ფეხზე წამოდგომა - მომაგრება, მოღონიერება.

ფეხი წაიტეხა - მარცხი მოუვიდა; წავიდა.

ფეხის ადგმა - სიარულის დაწყება, სიარულის სწავლა; ჩასახვა, მოქმედების დაწყება.

ფეხის ათრევა - განგებ დაგვიანება (რაიმე საქმიანობაში), განგებ ნელა მოქმედება.

ფეხის ამოკვეთა (საიდანმე) - სამუდამოდ წასვლა (საიდანმე); მოშორება, გაცლა, (სადმე) სიარულის, მისვლის შეწყვეტა.

ფეხის ამოკვეთინება - გაძევება, (სადმე) მისვლის აკრძალვა.

ფეხის გადაბრუნება - მარცხის, ხიფათის შემთხვევა.

ფეხის გადგმა - განმტკიცება, დამკვიდრება; გავრცელება, ფეხის მოკიდება.

ფეხის მოკიდება - დამკვიდრება, მომაგრება, განმტკიცება, გავრცელება, ფეხის გადგმა.

ფეხის მომაგრება - განმტკიცება, გაძლიერება; გაფართოება, გავრცელება, დამკვიდრება.

ფეხის ხმას აჰყვა - დაუკვირვებლად, ანგარიშმიუცემლად წაბაძა, აჰყვა (ვინმეს), (ვისიმე) ქცევის მიხედვით იმოქმედა.

ფეხქვეშ გაგება - მლიქვნელობა, ლაქუცი; დამორჩილება, მონურად ქედის მოხრა.

ფიანდაზად დაგება - ვისიმე ყოველგვარი სურვილის უსიტყვოდ შესრულება, მონურად დამორჩილება, ფეხქვეშ გაგება.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - შენი თავისმართლებისა მინდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტები სხვას ამტკიცებს. (მომდინარეობს იგავ-არაკიდან „მამლის ქურდი“).

ფონს გასვლა - დაბრკოლების გადალახვა, საქმის მოგვარება, გადარჩენა, მიზნის მიღწევა.

ფრთების გამოსხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გაძლიერება.

ფრთების გაშლა - გაძლიერება, გაფართოება, შეუზღუდავი მოქმედების დაწყება, გალაღება.

ფრთების შეკვეცა - შემცირება, შეზღუდვა, შეწყვეტა, ბოლოს მოღება.

ფრთების შესხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გამხნევება, წახალისება; გაძლიერება, გაზრდა.

ფხის გამოჩენა - მარჯვედ, ყოჩაღად, მოხერხებულად მოქცევა.

 

ქადაგად დავარდნა / ქადაგად დაცემა - უაზრო ლაპარაკი, ბოდვა. ქადაგი ერქვა წარმართული ღვთაების მსახურს, რომელსაც თითქოს შეეძლო ღვთაებასთან ურთიერთობის დამყარება.

ქანცის გამოლევა - დასუსტება, ძალ-ღონის გამოცლა, არაქათის გამოლევა.

 ქანცის გაწყვეტა - იხ. ილაჯის გაწყვეტა.

ქედის მოდრეკა / ქედის მოხრა - დამორჩილება, წინააღმდეგობის შეწყვეტა.

ქერის ორმოში ჩავრდნა - მდიდარ, უხვ, დოვლათიან, სარფიან ადგილას მოხვედრა.

ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - დაიჟინა რამე, გაჯიუტდა, გაკეპრდა, უარზე დადგა.

ქვა ქვაზე არ დატოვა - გაანადგურა, მოსპო, დაანგრია, ნაცარტუტად აქცია, მიწასთან გაასწორა.

ქვას გახეთქს - ყველაფერს შეძლებს, ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს, წინ ვერაფერი დაუდგება.

ქვასაც კი წყალს გამოადენს - ყველაფერს მოახერხებს, შეუძლებელს შეძლებს, ნემსის ყუნწში გაძვრება.

ქვეყნის თვალი - ძალიან კარგი, ყველას მოსაწონი და სათაყვანებელი, ლამაზი, მშვენიერი.

ქვის გული აქვს - შეუბრალებელია, ულმობელია, გულქვაა.

ქოქოლის დაყრა - დაწყევლა, გაკიცხვა (ხელების სავსავით).

ქუდი ჭერსა ჰკრა - მხიარულობდა, სიხარული, აღფრთოვანება გამოხატა.

ქუდი ხურავს - ვაჟკაცური თვისებებით არის შემკული, მხნე და გაბედულია, უშიშარია; სინდისიერია.

ღვთის ანაბარა(დ) - უპატრონოდ, ზრინვა-პატრონობის გარეშე.

ღვთის გარეგანი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი, უწყალო, ღვთის პირიდან გავარდნილი.

ღვთის გულისათვის - იხმარება თხოვნის გამოსახატავად, ნიშნავს დაახლოებით: თუ კაცი ხარ, თუ ძმა ხარ, თუ ღმერთი გწამს.

ღვთის პირიდან გავარდნილი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი.

ღვთის წინაშე - სიმართლე რომ ვთქვათ, ტყუილი რომ არა ვთქვათ; ნამდვილად.

ღმერთს შეხედე - გონივრულად, კანონიერად, ადამიანურად მოიქეცი.

ღობე-ყორეს მოდება - უთავბოლოდ, უგზოუკვლოდ, უაზროდ მოქმედება ან ლაპარაკი.

 

ყავლის გასვლა - ვადის გასვლა; მოძველება, ფასის დაკარგვა. არაბულად კავლ ნიშნავს პირობას.

ყალყზე შედგომა - უცებ აღელვება, აბობოქრება.

ყბაში ჩავარდნა - მუდმივი ლაპარაკის, ჭორაობის, გაკილვის საგნად გახდომა.

ყელზე დაადგება - ვითომდა ავნებს, აწყენს, ზედმეტი იქნება მისთვის.

ყელის გაშრობა - მოწყურება.

ყელს უწევს - ეხვეწება, ევედრება.

ყელში ამოუვიდა - მობეზრდა, მოყირჭდა.

ყვავი ჩხიკვის მამიდა - ვითომდა ნათესავი, ძალიან შორეული ნათესავი.

ყირამალა დაყენება - განადგურება, მიწასთან გასწორება.

ყურად იღო - ყურადღება მიაქცია, შეისმინა, ანგარიში გაუწია.

ყურებზე ხახვი არ დააჭრას! - ვერაფერს უზამს, ვერაფრს დააკლებს, ვერაფერს ავნებს.

ყურებიდან ბამბს გამოღება - შეგნება, გაგება, საქმეში გარკვევა; ფხიზლად მოქცევა, სიფრთხილის გამოჩენა.

ყურების აცქვეტა / ყურების დაცქვეტა - ყურადღების გამახვილება, სმენად გადაქცევა.

ყურების გამობერტყვა - ფხიზლად, ყურადღებით მოქცევა; მიხვედრა, შეგნება, გაგება.

ყურების ჩამოყრა - დასევდიანება, მოწყენა; ქედის მოხრა.

ყურების წაღება - ბევრი ლაპარაკით, ყბედობით თავის მობეზრება.

ყურებში თითის დაცობა - წაყრუება, სიფხიზლის მოდუნება.

ყურთასმენის წაღება - იხ. ყურების წაღება.

ყური არ ათხოვა - ყურადღება არ მიაქცია, ანგარიში არ გაუწია, არ მოუსმინა.

ყურით მოთრეული - მოჭორილი, მოგონილი, ნაძალადევი.

ყურის დაგდება - მოსმენა, ყურის მიპყრობა; ყურადღების მიქცევა.

ყურის თხოვება - მოსმენა, ყურის დაგდება, ყურადღების მიქცევა.

ყურის მოკვრა - გაგონება.

ყური(ც) არ გააპარტყუნა - ყურადღება არ მიაქცია, არაფრად ჩააგდო, აინუშიც არ ჩაიგდო.

ყურმოჭრილი მონა - ვისიმე მონა-მორჩილი, ნება-სურვილის უსიტყვოდ შემსრულებელი. (ძველად, მონებს ყურს აჭრიდნენ, რაც ყურმოჭრილს აიძულებდა ყოფილიყო მორჩილი და ერთგული).

ყურსაც არ იბერტყავს - ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს; თავს არ იწუხებს.

ყურში ჩაწვეთება - ჩუმად, შემპარავად ჩასმენა, ჩაგონება (რისამე).

 

შავ დღეზე გაჩენილი - უბედური, ბედუკუღმართი, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული.

შავი დღე - უბედურების, გაჭირვების დრო.

შავი დღის დაყენება / შავი დღის დაყრა - გამწარება, ცუდ დღეში ჩაგდება; დატუქსვა, გაწყრომა.

შავი კატის გარბენა (ვისიმე შუა) - ურთიერთობის გაფუჭება, უთანხმოების ჩამოვარდნა (ვინმეს შორის), გადაკიდება. იდიომი მომდინარეობს ცრუ რწმენიდან, თითქოს კატის მიერ წინიდან გზის გადაჭრა უბედურების, უსიამოვნების მომასწავებელია.

შარავანდედით შემოსვა - განდიდება, დიდებით შემოსვა.

შენი ხმალი და ჩემი კისერი! - რაც გსურდეს, ის მიყავი, ყველაფრის უფლებას გაძლევ; მზად ვარ გემსახურო.

შენს პირს შაქარი! - გაიხარე! იცოცხლე! ნეტა მართლა ასე იყოს, როგორც თქვი! (ეტყვიან კარგი ამბის მთქმელს).

შვიდი პარასკევი აქვს დღეში - ცვალებადი ხასიათი აქვს, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, გადაწყვეტილებას ხშირად იცვლის.

შორს დაიჭირა - არ დაეთანხმა, ცივი უარი უთხრა, არ მიიღო, ახლოს არ გაიკარა.

შორს წასვლა - წარმატების მიღწევა, დაწინაურება.

შუბლის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა.

შუბლის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, განრისხება.

შური იძია - სამაგიერო გადაუხადა, ჯავრი ამოიყარა.

შუქის მოფენა - გარკვევა, ნათელყოფა, გაშუქება, ცხადყოფა, ნათელის მოფენა.

შხამად ამოადენს - წაამწარებს, არ შეარგებს, არ შეარჩენს.

შხამის (გადმო)ნთხევა - ღვარძლიანად, გესლიანად ლაპარაკი, მწარე სიტყვების თქმა.

ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა.

ჩირქის მოცხება - შერცხვენა, სახელის გატეხა; შეურაცხყოფის მიყენება, ცილის დაწამება.

ჩიხში მომწყვდევა - გამოუვალ მდგომარეობაში მოქცევა.

ჩრდილის მიდგომა - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, დაჩრდილვა, გაუფასურება.

ჩრდილის მიყენება - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, ფასის დაკარგვინება, დაჩრდილვა, გაუფასურება.

ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალქმნად - არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, თავისუფლად, უდარდელად, მოურიდებლად იქცევა, ზვიარია, არაფერი არ ადარდებს.

ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტა - მიუწვდომლის მიწვდომა, შეუძლებლის შეძლება.

ცალი ფეხი სამარეში უდგას - სიკვდილის პირზეა მისული, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ჩვეულებრივ, მოხუცზე იტყვიან).

ცალი ყბით - უგულოდ, ყასიდად.

ცამ ჩაყლაპა - ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა, მიწამ ჩაყლაპა.

ცამდე აყვანა - ხოტბის შესხმა, ქება-დიდებით მოხსენიება, გადაჭარბებული ქება.

ცარიელზე დარჩენა - ყველაფრის დაკარგვა, არაფრის შერჩენა, გაღარიბება, გაღატაკება, მშრალზე დარჩენა.

ცარიელზე დასმა - ყველაფრის წართმევა, არაფრის შერჩენა, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება.

ცას ეწევა (სიხარულით) - ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია.

ცეცხლზე ნავთის დასხმა - გამწვავებული მდგომარეობის ან ურთიერთდამოკიდებულების კიდევ უფრო გამწვავება (რისამე საშუალებით).

ცეცხლთან თამაში - თავის თავისთვის სახიფათო მოქმედება; თავის ხიფათში ჩაგდება.

ცეცხლი უკიდია - ძალიან ძვირია.

ცეცხლის მოკიდება - გაჯავრება, გაბრაზება, აღელვება; შეწუხება, გამწარება.

ცეცხლს აკვესებს თვალებიდან - იხ. პირიდან ცეცხლს ყრის.

ცეცხლს აფრქვევს - ბრაზობს, გაცეცხლებულია, გაშმაგებულია, გააფთრებულია.

ცეცხლში ჩაგდება - განსაცდელში, სახიფათო მდგომარეობაში ჩაყენება, გაწამება, ცუდ დღეში ჩაგდება.

ცეცხლში ჩავარდნა - განსაცდელში, ცუდ დღეში ჩავარდნა, წამება.

ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი - ძალიან ლამაზე, მშვენიერი (უმთავრესად - ქალი).

ცივ ნიავს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა, დილის სიოს არ აკარებს.

ცივ ქვაზე დაასახლებს - სიღარიბიდან გამოიყვანს, გაამდიდრებს (მარჯვე და მუყაითი შრომით).

ცივი წყლის გადასხმა - გაწბილება, იმედის გაცრუება.

ცივმა ოფლმა დაასხა - შეშინდა, შეძრწუნდა.

ცილის დაწამება - ტყუილის მოგონება, განზრახ დაბრალება (რაიმე ცუდის, ბოროტების).

ცოდვის კითხვა - უბედურება, საშინელება; ვითომც სასჯელი ჩადენილ ცოდვათათვის.

ცოტა არ იყოს - თითქმის, კინაღამ; საკმაოდ.

ცოფებს ყრის (პირიდან) - გაანჩხლებულია, განრისხებულია, გააფთრებულია.

ცოცხლად დამარხვა - საქვეყნოდ შერცხვენა, თავის მოჭრა, მორალურად განადგურება.

ცოცხლად მკვდარი - უნიათო, უძლური. უილაჯი, დავრდომილი; უუნარო, უგერგილი, მოუხერხებელი.

ცუდ თვალზე დაინახა / ცუდი თვალით უყურებს / ცუდ თვალზე შეხედა - მტრულად ექცევა, სძულს.

ცხელ გულზე - რაიმე გრძნობის ან აფექტის დროს (აღელვების, განრისხების, აღტაცების, ნდომის...).

ცხვირიდან ძმარი ადინა - გაამწარა, შავი დღე აყარა; სცემა.

ცხვირის აწევა - უკადრისობა, ამპარტავნობა, მედიდურობა, კუდაბზიკობა.

ცხვირის ჩამოშვება - მოწყენა, დაღონება, მოღუშვა.

ცხრა ენა გამოიბა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო.

ცხრა თოკში გამძვრალი - გაქნილი, ცბიერი, ეშმაკი, მოხერხებული.

ცხრა მთას იქით - ძალიან შორს.

 

ძარღვების აშლა - იხ. ნერვების აშლა.

ძაფზე ჰკიდია - საფრთხეშია, განსაცდელშია, ბეწვზე ჰკიდია.

ძაღლად(აც) არ ჩააგდო - არაფრად ჩააგდო, დაამცირა, აბუჩად აიგდო.

ძაღლი გარეთ არ გაიგდება - ძალიან სიცივეა, ცუდი ამინდია.

ძაღლი პატრონს ვერა სცნობს - არეულობაა, უწესრიგობაა, უთავბოლობაა.

ძაღლის ფეხის გამობმა - ბევრი სიარული, წანწალი.

ძაღლის ყბის გამობმა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა.

ძე ხორციელი - ადამიანი, ადამიანის შვილი; ვინმე.

ძვალ-რბილში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.

ძირიანად მოთხრა / ძირფესვიანად მოთხრა - მოსპობა, განადგურება.

ძირის გამოთხრა - საფუძვლის გამოცლა, აღმოფხვრა, მოსპობა, განადგურება.

წამწამზე უზის - სულ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას.

წარბის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა, შუბლის გახსნა.

წარბის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, შუბლის შეკვრა.

წარბი(ც) არ შეიხარა - არ შეშინდა, არ შედრკა; არაფრად ჩააგდო (განსაცდელი, მძიმე საქმე).

წელებზე ფეხს იდგამს - თავგამოდებით შრომობს, მძიმე ჯაფაშია.

წელის მომაგრება - იხ. წელის გამართვა.

წელის მოწყვეტა - დაქანცვა, ილაჯის გაწყვეტა, ძალის გამოლევა; შეშინება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა.

წელში გამართვა - მოღონიერება, გაძლიერება, განმტკიცება, ძალის მომატება.

წელში გატეხა - ძლიერ დასუსტება, დაუძლურება, ძალ-ღონის გამოცლა, წელში გაწყვეტა.

წელში გაწყვეტა - იხ. წელში გატეხა.

წერას აუტანია - ისე იქცევა, რომ შეიძლება დაიღუპოს, ცუდი რამე შეემთხვას.

წერილი წაიღო - მოკვდა, გამოესალმა წუთისოფელს.

წერტილის დასმა - (თხრობის, ამბის...) გათავება, შეწყვეტა.

წვეთი ზღვაში - სულ ცოტა, სულ მცირე (რამესთან შედარებით).

წითელ კვერცხს უგორებს - ელოლიავება, ცდილობს ასიამოვნოს, ყველაფერში უთმობს, მისი გულის მოგებას ცდილობს.

წითელი კოჭი - ვითომც ყველაზე უკეთესი, განსაკუთრებული, გამორჩეული.

წინ აღუდგა - წინააღმდეგობა გაუწია

წინ დადგომა - წინააღმდეგობის გაწევა, გზაზე გადაღობვა; ჯობნა.

წინ წაწევა - დაწინაურება, წარმატების მიღწევა, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა.

წისქვილის ქვის დატრიალება თავზე - ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლა.

წიხლის დაჭერა - დაჩაგვრა, შევიწროება, გაქელვა.

წმინდა წყლის - წესიერი, სინდისიერი, პატიოსანი; ნამდვილი, აშკარა.

წრეს გადასვლა - გადაჭრბება, ზომიერების ფარგლებიდან გამოსვლა, საზღვარს გადასვლა.

წრეს გადასული - გადაჭარბებული, საზღვარს გადასული.

წუთისოფლის გამოსალმება - მოკვლა, სიკვდილი, სიცოცხლის გამოსალმება.

წყალი არ გაუვა - უდავოა, უეჭველია, ნამდვილია.

წყალი შეუდგა - სიმტკიცე მოაკლდა, საფუძველი შეერყა.

წყალს ასხამს (ვისიმე) წისქვილზე - ეხმარება (ვისმე), (ვისიმე) სასარგებლოდ მოქმედებს.

წყალში გადაყრა - უსარგებლოდ დაკარგვა, დაღუპვა; არდაფასება (ამაგისა, სიკეთისა...).

წყლიდან მშრალი (გ)ამოსვლა - თავის გამართლება, თავის მოხერხებულად დაძვრენა (გაჭირვებიდან, ჩადენილი დანაშაულიდან).

წყლის ამღვრევა - განზრახ შფოთის, არეულობის გამოწვევა, მდგომარეობის გამწვავება.

წყლის ნაყვა - უსარგებლო რისამე კეთება, უაზრო, ფუჭი შრომა.

 

ჭირი მო(გვ)ჭამა - დაიღუპა, მოკვდა, გაქრა, აღარ არსებობს, თქვენი ჭირი წაიღო.

ჭკუაში დაჯდომა / ჭკუაში მოსვლა - მოწონება, დასაშვებად მიჩნევა.

ჭკუის კოლოფი - ჭკვიანი ადამიანი; უჭკუო, სულელი.

ჭკუის წაგება - უჭკუოდ, უგუნურად მოქცევა.

ჭურში ჯდომა - ჩამორჩენილობა, უვიცობა, უმეცრება, კარჩაკეტილობა.

ხაზის გადასმა - უარყოფა, დავიწყება, კავშირის გაწყვეტა (ვინმესთან, რამესთან).

ხაზის გასმა - განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ყურადღების გამახვილება, გახაზვა.

ხარკს უხდის - გავლენით მოქმედებს ან აკეთებს რამეს, ანგარიშს უწევს ვინმეს, რამეს.

ხაფანგის დაგება - საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა.

ხახამშრალი დატოვება - მოტყუება, გაწბილებული, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება, ცარიელზე დასმა.

ხელები ექავება - საქმის გაკეთების სურვილი აქვს; ვისიმე ცემა სურს.

ხელებში უყურებს - სარგებელს, გამორჩენას, სარფას მოელის (ვინმესგან).

ხელზე დახვევა (რისამე) - რისამე ამოჩემება და საბაბად, საბუთად გამოყენება, თითზე დახვევა.

ხელზე დახვევა (ვისამე) - დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე).

ხელთ იგდო - მოიპოვა, შეიპყრო, დაეუფლა, დაისაკუთრა, დაიპყრო, იხელთა, ხელში ჩაიგდო.

ხელი არა აქვს (ვინმესთან, რამესთან) - უფლება არა აქვს, არაფერის ესაქმება (ვინმესთან, რამესთან), არ ეკუთვნის (ვინმე, რამე). იხ. რა ხელი აქვს.

ხელი გამოჰკრა - იშოვა, შეიძინა.

ხელი მიჰყო - დაიწყო, ხელი მოჰკიდა.

ხელი ხელს მისცეს - შეკავშირდნენ, ერთმანეთის დახმარება, მხარის დაჭერა გადაწყვიტეს.

ხელიდან გამოცლა (ვისიმე, რისამე) - წართმევა, დაკარგვა, დაღუპვა (ვისიმე, რისამე).

ხელიდან წასვლა - დაღუპვა, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნა; გაფუჭება, გადაგვარება, ზნეობრივად დაცემა, სწორი გზიდან გადაცდენა.

ხელიდან წასული - გაფუჭებული, გადაგვარებული, ზნეობრივად დაცემული, სწორდი გზიდან აცდენილი.

ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე) - მიტოვება, თავის დანებება.

ხელის გამართვა - დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, ხელის მომართვა.

ხელის გაწოდება - დახმარების გაწევა, შველა.

ხელის განძრევა - შრომა, გარჯა, საქმიანობა.

ხელის გასვრა - არასაკადრისი, შეუფერებელი მოქმედება, უღირსი საქმის ჩადენა.

ხელის გულზე დასმა /ხელის გულზე ტარება - დიდ პატიში, ფუფუნებაში ყოლა (ვისიმე), დიდად პატივისცემა; მზრუნველობა, მოვლა.

ხელის დაბანა - პასუხისმგებლობის მოხსნა თავიდან; საქმეში არ ჩარევა, განზე გადგომა.

ხელის დადება - დაბრალება (რაიმე დანაშაულისა), დამნაშავედ გამოცხადება.

ხელის დამშვენება - ფასეული საჩუქრის მირთმევა.

ხელის დაფარება - ვისიმე დანაშაულის დამალვა, მიჩქმალვა, დანაშაულის დაფარვაში დახმარება, დაცვა.

ხელის მიცემა - შეკავშირება, პირობის შეკვრა ვინმესთან.

ხელის მოთბობა - სარგებლის, სარფის მიღება (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).

ხელის მოკიდება - რისამე გაკეთების დაწყება, საქმის შედგომა, წამოწყება; მისაკუთება, დაუფლება.

ხელის მოკლება - შესუსტება, მოკლება (ზრუნვისა, ყურადღებისა).

ხელის მომართვა - დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, ხელის გამართვა.

ხელის მონაცვლება - დახმარების მიღება, უცებ ფულის შოვნა სესხად.

ხელის მოცარვა - დაბრკოლება, ხელის შეშლა, იმედგაცრუებული დარჩენა.

ხელის შეშვება - მიტოვება, თავის მინებება, ხელის აღება.

ხელის შეშლა - შეფერხება, დაბრკოლება.

ხელის შწყობა - დახმარების გაწევა, შეწევნა, შველა, ხელის გამართვა.

ხელის ჩაქნევა  - იმედის დაკარგვა, გულის გატეხა, ყველაფერზე ხელის აღება.

ხელს არ აძლევს - ხელსაყრელი, სასარგებლო არ არის მისთვის.

ხელსა და ხელს შუა - იხ. თვალსა და ხელს შუა.

ხელ-ფეხის გახსნა - თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემა.

ხელ-ფეხის შეკვრა - შეზღუდვა, დაბრკოლების შექმნა, შებოჭვა, შევიწროება.

ხელში დაჭერა - თავის განკარგულებაში, თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, დამორჩილება, დაპყრობა.

ხელში შეიკლა - გააწამა, გატანჯა, გული გაუწყალა.

ხელში ჩაგდება - მისაკუთრება, დაპყრობა, დაუფლება, შოვნა.

ხელში ჩავარდნა - ვისამე საკუთრებაში გადასვლა, (ვისიმე) საკუთრებად ან ტყვედ გახდომა.

ხმა აქვს გავარდნილი - სახელი აქვს განთქმული, ცნობილია, სახელმოხვეჭილია.

ხმის გავარდნა - რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა.

ხმის დაგდება / ხმის დარხევა / ხმის დაყრა- რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა.

ხორცის შესხმა - სინამდვილედ ქცევა, განხორციელება, სრულყოფა.

ჯანდაბამდის გზა ჰქონია - რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იხალოს! (არაბულად ჯაჰან-ნამ ნიშნავს ჯოჯოხეთს, მოუსავლეთს, უბედურებას).

ჯანი გავარდეს - რაც უნდა, ის მოხდეს; ჯანდაბას, არ მენაღვლება.

ჯვარი ეწეროს - ცუდი აშოროს, ყოველგვარი უბედურება ასცდეს.

ჯვარს აცვა - გააწამა, გატანჯა, გააწვალა.

ჯიბე(ებ)ს ისქელებს - მდიდრდება, ბევრ ფულს შოულობს (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).

ჯიბეში თაგვები უთამაშებენ - ფული არა აქვს, ღარიბია.

ჯიბეში ჩაისვამს - ყველაფერში აჯობებს, გაცილებით მეტი წონა და ავტორიტეტი აქვს.

ჯიბიდან გავარდნილი - გამოქექილი, მოხერხებული, გამოქნილი, ეშმაკი.

ჯორზე შეჯდომა - გაჯიუტება, გაკერპება, ვირზე შეჯდომა.

ჯოჯოხეთის მაშხალა - ძალიან უშნო, მახინჯი, ცუდი გარეგნობის ადამიანი.

ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ვნახოთ, რასაც იზამ, რასაც გახდები; ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს.

ჰაერში დაკიდება  / ჰაერში ჩამოკიდება- საფუძვლის გამოცლა, უნიადაგოდ, უსაფრძვლოდ დარჩენა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა.