ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


კლდიაშვილი სერგო:  ერისთავი ცოტნე
 
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

ბრძოლაში ძლეულმა ქართველებმა ცეცხლს მისცეს თავიანთი დედაქალაქი, შემოსეულ მტერს ბარში ფერფლი დაუტოვეს და მთებს მიაშურეს. დედოფალმა რუსუდანმა იმერეთს შეაფარა თავი, მაგრამ გლოვაში მცირე ხანს იცოცხლა. მიტოვებულ სოფლებში თათართა რაზმები დათარეშობდნენ, ზოგჯერ თავს ესხმოდნენ მთებში გახიზნულთ, იტაცებდნენ ჯოგსა და ფარას, ტყვედ მიჰყავდათ ხალხი და შორეულ ქვეყნებში მონებად ერეკებოდნენ. ასე გავიდა რამდენიმე ზაფხული და ზამთარი.

მორჩილებას უჩვევი ხალხი მაინც უტეხი იყო და განთავისუფლების იმედს არ კარგავდა. ამერ-იმერის ერისთავები ბოლოს კოხტისთავს შეიკრიბნენ და აჯანყებისათვის შეითქვნენ. დანიშნულ დროზე დადიანმა ცოტნემ ლაშქარი სამცხის საზღვარზე მიიყვანა და შეთქმულების დანარჩენ მეთაურებთან შიკრიკები გაგზავნა. მოულოდნელად შიკრიკები იმავე დღეს დაბრუნდნენ და საზარელი ამბავი მოიტანეს: თათრებს გაეგოთ წარჩინებულ ქართველთა შეკრებილობა, მეთაურნი შეეპყროთ და ანისის მხარეს შირვანში გაეგზავნათ. თავზარდაცემულმა ერისთავმა ლაშქარი მაშინვე აშალა, დასავლეთისაკენ გააბრუნა, თვითონ კი იქვე დარჩა და მხოლოდ ორი მხედარი დაიტოვა.

მწუხარებით შებოჭილი ცოტნე თვალს არ აშორებდა დაბლობისაკენ გაბრუნებულ სპას. აღარ ფრიალებდა დროშა, რომელიც გუშინ ამაყად მოჰქონდათ. უკანასკნელი რაზმი მიეფარა მთის დახვეულ გზას. მიწყდა ცხენების თქარუნი. მათ ნაკვალევზე ერთხანს მხოლოდ მტვერი ჩანდა. მტვერიც მალე გაიბნა ჰაერში. სიჩუმეში ისმოდა ხევში დაქანებული მდინარის ხმაური. ტყიდან აფრენილმა ქორების გუნდმა თავისუფლად გაინავარდა მზით განათებულ უღრუბლო სივრცეში. ქორებმა რამდენჯერმე შემოავლეს წრე, შემდეგ წინამძღოლს გაჰყვნენ, ფერსათის მთას   გადაშორდნენ და მიიმალნენ...

   

 

ფერსათის მთა - მდებარეობს სამხრეთ საქართველოში.

 
ნაღვლიანად გააყოლა მათ თვალი ცოტნემ და უნებურად გარემოს გადახედა. შორ მანძილზე ჩანდნენ მწვანედ შემოსილი იმერეთის გორაკები, რიონის ველი, ხოლო ცის დასავალზე, მშობლიური ოდიშის მთების გრეხილზე, ლეგა ნისლი იდო. სევდიანი ეჩვენა დაობლებული ქვეყანა. აღარ არიან ყვარყვარე ჯაყელი, გამრეკელი, ვარამ გაგელი, კუპრი შოთაი, სარგის თმოგველი ყვარყვარე ჯაყელი, გამრეკელი, ვარამ გაგელი, კუპრი შოთაი, სარგის თმოგველი და მათთან ერთად სამშობლოს დახსნის იმედიც გაქრა. აჯანყების დაწყება ახლა შეუძლებელი იყო... ყვარყვარე ჯაყელი, გამრეკელი, ვარამ გაგელი, კუპრი შოთაი, სარგის თმოგველი - ისტორიული პირები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულებაში.
 

მწარე ფიქრით შებოჭილმა ცოტნემ შედგა ფეხი უზანგში, ცხენი სამხრეთისაკენ შეაბრუნა და ზეკარის მაღლობს შეუდგა. მრავალი ათასი მხნე მეომრის ნაცვლად ერისთავს ახლა მხოლოდ ორი მხედარი მიჰყვებოდა. შეთქმულთა გადარჩენის ერთმა იმედმა, თუმცა სათუომ, გაუელვა მას და ეს იმედი მიაჩქარებდა უცხო მხარისაკენ. `თუ ცოცხლებს ჩავუსწარი, იქნებ მოხდეს სასწაული!~ - ამ ფიქრს ჩასჭიდებოდა ცოტნე. კოხტისთავის ციხესიმაგრეში შეკრებილთ დათქმული ჰქონდათ, რა ეპასუხათ, თუ ვინიცობაა, მტერი გაიგებდა მათი თავშეყრის ამბავს და ამის მიზეზს იკითხავდა.

ცოტნეს სჯეროდა, რომ შეთქმულთ ვერ გატეხდნენ და ვერაფერს ათქმევინებდნენნ იმაზე მეტს, რაც ადრევე დათქმული ჰქონდათ. მაგრამ მტერი ერწმუნებოდა მათ პასუხს და დაინდობდა?!

ხანდახან ისევ უიმედობა იპყრობდა ცოტნეს. იცოდა, რომ იქ ჩასვლისას არ ასცდებოდა დანარჩენთა ბედი, მაგრამ ერთხელაც არ უფიქრია გამობრუნება.

დამცირებულ უღელქვეშ სიცოცხლეს ამჯობინა პატიოსანი სიკვდილი განწირულ დიდებულებთან ერთად.

ამ განზრახვით განვლო მან სამცხე, ჯავახეთი და შორეული სამხრეთისაკენ მიმავალ გზას დაადგა. 

 

შარაკავანში მყოფ ქართველ ერისთავებს თათართა მხედართმთავარნი და ნოინები  დაჟინებით ეკითხებოდნენ: რა იყო ჯავახეთში მათი თავშეყრის მიზეზი, რად შეიკრიბნენ საიდუმლოდ, თუ ბოროტი განზრახვა არ ჰქონდათ?! დღემუდამ აწამებდნენ მათ, მაგრამ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდნენ.

- არა განდგომად თქვენდა შევკრბით, არამედ რათა თქვენი საქმე განვაგოთ, ბრძანება თქვენი აღვასრულოთ და ხარკი გაგიჩინოთ, - სათითაოდ ყველა ერთად მხოლოდ ამას ამბობდა. 

შარაკავანი - იგივე შირვანი. ისტორიული ქვეყანა აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ნოინი - მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გარკვეული ერთეულის მმართველი.
 

ნოინებს  ჯერ არსად ენახათ და არც გაეგონათ ასეთი ერთსულოვნება და ბოლოს ირწმუნეს კიდეც მათი სიმართლე. არ სჯეროდა მხოლოდ მხედართმთავარს.

მან იცოდა, რომ ამაყი და ქედმოუხრელი ხალხის მეთაურებთან ჰქონდა საქმე. ნოინები ურჩევდნენ, მოთმინება გამოეჩინა და კიდევ ცდილიყო სიმართლე გამოერკვია, მაგრამ მრისხანე სარდალმა არ შეისმინა და ბოლოს მათი წამების დღეც დანიშნა.

მხედართმთავრის ბრძანება ხალხს გამოუცხადეს.

დანიშნულ დღეს ქალაქიდან და მის გარშემო ველებზე მოფენილი სადგომებიდან დაიძრა ხალხი.

დილიდანვე მოწმენდილი იყო ცა. ჩვეულებრივ უცბადვე ჩამოწვა ხვატი, როგორც კი მზე ამოვიდა. სიცხეს მიჩვეული თათრებიც ძნელად იტანდნენ ამ მხარის მხურვალე მნათობს.

მოედანზე ადრევე გამოეყვანათ ტყვე მთავრები. მხარგაკრულნი, მკერდშიშველნი ეყარნენ ისინი მიწაზე. დაუნდობელი მზე სწვავდა მათ. იქვე, მახლობლად, საწამებელ კოცონს ამზადებდნენ, მოჰქონდათ ხმელი ბუჩქნარები და ზვინებად დგამდნენ. მაგრამ სასიკვდილოდ განწირულნი მაინც მხნედ იყვნენ, ერთმანეთს ლოცავდნენ და ეთხოვებოდნენ.

ხალხი თანდათან გროვდებოდა სეირის საცქერად. მოდიოდნენ ხნიერნი და ახალგაზრდები, მხედრები და დედაკაცები. გასართობად ბავშვებიც წამოეყვანათ.

გოგო-ბიჭები ახმაურებდნენ ეჟვნებიან დაირებს, აჭყივლებდნენ ბუკს და მხიარულობდნენ.

ყველას უნდოდა ახლოს ენახა ისინი, ვინც სეირის მიზეზი გამხდარიყო... 


 
 

შუადღისას მედოლეთა და მებუკეთა დასტა გამოჩნდა. მათ უკან მცველების თანხლებით მოაბიჯებდნენ ნოინები და მხედართმთავარი. მათი ჭრელი სამოსი მზის შუქზე მრავალფრად ბრწყინავდა.

ხმაური და ღრიანცელი არც მაშინ შეწყდა, როცა წარჩინებულნი მათთვის საგანგებოდ გამართულ საჩრდილობელში დასხდნენ. ყოველი წუთით იზრდებოდა ბრბოს მოუთმენლობა, გაჰყვიროდნენ და დაწყებას მოითხოვდნენ.

ბოლოს სარდალმა ბრძანება გასცა, გაეღვივებინათ კოცონი. ის იყო, ავარდა პირველი ალი, როცა უეცრად სამი მხედარი გამოჩნდა. მათ გზა გაიკაფეს ბრბოში და მოედანზე შეიჭრნენ. უცხო მხედართაგან მსწრაფლ ჩამოქვეითდა პირველი, შემოიგლიჯა სამოსელი, მხლებელთა დახმარებით გაიკრა მხრები და გაემართა იქითკენ,სადაც საწამებლად გამზადებულნი ისხდნენ.

- თქვენთან ერთად სიკვდილის ღირსი გამხადეთ, მამულიშვილნო! - მიმართა მან განწირულთ და მათ შორის დაჯდა.

ეს უცხო მხედარი ცოტნე ერისთავი იყო.

მოედანზე ერთბაშად შეწყდა ხმაური.

გაოცებული შეჰყურებდა ბრბო საკვირველ კაცსა და საკვირველ ჩვენებას.

საჩრდილობლიდან ფიცხლად წამოდგა მხედართმთავარი, მივიდა მასთან, წამოაყენა, მიაჩერა თავისი პატარა, ირიბი თვალები და ვინაობა ჰკითხა.

- უბრალო ხალხსა სჯი, სარდალო! - დინჯად, როგორც დარბაისელს შეშვენოდა, უთხრა ცოტნემ, - არა განდგომად თქვედა შევკრბით ჯავახეთში, არამედ რათა ბრძანება თქვენი აღვასრულოთ და ხარკი გაგიჩინოთ. თუ ამისათვის ცუდის მოქმედად შეგვრაცხენით, მეც ბრალიანად შევირაცხო და მათთან ერთად მოვკვდე!

სარდალს ეოცა ეს სიტყვები. ისევ ხარკი, ისევ ის პასუხი, რაც მრავალჯერ გაეგონა! დიდხანს მდუმარედ უცქირა. ერისთავის სპეტაკ სახეს, შევერცხლილი მოკლე წვერით დამშვენებულს, სიმშვიდე ეფინა. შემოძარცული და მონასავით მხრებშეკრული, მაინც დიდებულთა სწორად ჩანდა. თვალს არ აშორებდა მას თათართა მეთაური და ფიქრობდა: `შორიდან მოსული ეს უცხო რაინდი იმასვე ამბობს და მზადაა, თავისი ნებით გაიზიაროს განწირულთა ბედი. ჩანს, სიმართლეს ამბობენ.

თუკი მართლა ყაენის ბრძანების შესასრულებლად შეკრებილან ისინი, მაშინ უბრალოთა წამება მხოლოდ შურისძიების სურვილით აღავსებს მათ ქვეყანას!~

მოედანზე გუგუნი ისმოდა. მოთმინებადაკარგული ბრბო ყვიროდა და ითხოვდა დაპირებული გართობის დაწყებას.

ამ ხმაურმა ფიქრიდან გამოარკვია სარდალი, იხმო ნოინები, ბრძანა გაერეკათ ხალხი და გაეშვათ ტყვეები.

განთავისუფლებული ერისთავები მალე გამოემართნენ სამშობლოსაკენ. 

დასტა - მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე დასი, ანსამბლი.
 

ისევ გაიღვიძა ქვეყნის დახსნის იმედმა. მაგრამ ამ სიხარულს ერთი ჩრდილი ეფინა: მათთან ერთად ვეღარ დაბრუნდა ერისთავი ცოტნე. თათართა მეთაურმა ყოველი შემთხვევისათვის მძევლად დაიტოვა ის და შემდეგ ყაენთა ურდოში  გაგზავნა. 

ურდო - თურქულ-მონღოლური სახელმწიფოების მმართველის ადგილსამყოფელი.