იაკობ გოგებაშვილი შინაური მიმოხილვა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



         
  ... ვის ჰქვიან პატრიოტი? მას, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიურის ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებით და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლო ქვეყანას წარმატების გზაზე გადაღობებია, ვისაც მთლად დაკარგულად მიაჩნია ყოველი წამი, რომელიც არ მოუხმარნია მამულის ზრუნვისათვის, ვისაც ედაგვის გული მამულის ტანჯვითა, უხარის მისი ლხენითა, ვინც ბედნიერია მისი ბედნიერებით, უბედურია მისი უბედურებით, და ვინც მზად არის ღიმილით შესწიროს მას თავისი სიცოცხლე...

ნუთუ ახლა საქართველო სრულიად მოკლებულია უმაღლეს და უწმინდეს გრძნობას _ მამულის სიყვარულსა? არა, იგი ახლაც ასულდგმულებს ჩვენს საზოგადოებასა... მაგრამ მამულის სიყვარული გაძლიერებულის ცეცხლივით არა პრიალებს, იგი სუსტად იწვის, როგორც ქართულს ბუხარში ნედლი შეშა, შესაკიდებელს მოკლებული...

დიახ, სუსტია ჩვენში ეროვნული გრძნობა, მამულის სიყვარული. მაგრამ სანუგეშოდ ზოგიერთი ისეთი სიკეთე ახლავს და ისეთი წმინდა თვისებით არის შემკობილი, რომ სწორედ ღირსია უფრო ბედნიერის, სახარბიელო მომავლისა. სხვაგან ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთი ქვეყნის ბედნიერება...

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებების, სხვაგვარი ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისასა. ამ გრძნობაში თავის-თავის სიყვარულის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენი ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავამაღლოთ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების გნვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლო ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა...

1882 წ.